ჰიუნდაი ფინალში გავიდა

ჰიუნდაი ფინალში გავიდა

„ჰიუნდაი“ პირველი გუნდია, რომელმაც ფინალში თამაშის
უფლება მოიპოვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სპორტის სასახლეში

 გამართულ
ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში დაძაბულ ბრძოლაში – 65:61 დაამარცხა „შსს-აკადემია“  და საერთო ანგარიშით – 2:0 გაიმარჯვა.

ორივე გუნდი დანაკლისით თამაშობდა, თუმცა აკადემიელები
უფრო რთულ სიტუაციაში იყვნენ. ვასილ ბერეკაშვილისა და ზურაბ სამხარაძის გაწვრთნილ შსს-ელებს
გუნდის 2 ლიდერი – ცენტრი არჩილ პულუზაშვილი და გამთამაშებელი ლევან გორდულაძე
აკლდათ. ორივე კალათბურთელმა სერიის წინა შეხვედრაში ფეხი გადაიბრუნა და თავის გუნდს
ვერ დაეხმარა. ჰიუნდაელებს კი კახა ტომარაძე აკლდათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩერქეზიშვილის
გუნდს მხოლოდ 2 სამარქაფო ჰყავდა – რუსლან მამფორია და სანდრო სანაძე.

 

პირველი მეოთხედი აკადემიელებმა 18:15 მოიგეს, მაგრამ
მეორე პერიოდიდან ჰიუნდაელებმა სიზუსტეს უმატეს და ჯერ ლიდერობას დაეპატრონნენ, შემდეგ
მის გამყარებას მიჰყვეს ხელი. დიდი შესვენებისთვის ჩერქეზიშვილის გუნდი 6 ქულით დაწინაურდა,
მესამე პერიოდში კი ჰიუნდაელთა უპირატესობამ 10 ქულიან ზღვარს გადააჭარბა. ალექსანდრე
ბოლქვაძის, ლუკა ზაქრაძისა და ნიკოლოზ ლომიძის სიზუსტის წყალობით ჰიუნდაელები ბოლო წუთებამდე
ლიდერობდნენ, თუმცა აკადემიელებმა დიდი შეუპოვრობის ხარჯზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება
– 55:55.

დარჩენილ 2 წუთში ჰიუნდაელებმა მოახერხეს საქმის გამარჯვებამდე
მიყვანა. ბოლქვაძის პასით ზაქრაძემ უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო, მამფორიამ კი ფარქვეშიდან
იყოჩაღა და ჩერქეზიშვილის გუნდმა მატჩი სასურველი შედეგით დაასრულა. მეორე ნახევარფინალური
სერია 10 მაისს რუსთავში იწყება, სადაც ადგილობრივი გუნდი „აკადემიას“ მასპინძლობს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(ჰიუნდაი):  წინასწარ ვიცოდით,რომ ძნელი მატჩი იქნებოდა. ტომარაძე
მძიმე მდგომარეობაშია, ხერხემალზე აქვს პრობლემა და იმედია ფინალისთვის დაგვიბრუნდება.
დღეს გაგვიმართლა კიდეც.  ბიჭებმა იბრძოლეს,
მივაღწიეთ საწადელს და ფინალისტები ვართ.

ვასილ ბერეკაშვილი(შსს აკადემია):  სამწუხაროდ, დავმარცხდით. თუმცა მაქსიმალურად დავიხარჯეთ.
ხუთეულის 2 მოთამაშე გვაკლდა და ეს თამაშზეც აისახა. უფრო მეტი შევძელით, ვიდრე გვეგონა.

ლაშა თოიძე(ჰიუნდაი, ასისენტი):  მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას და მადლობას
ვეტყვი მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის. იმედია ფინალისთვის შეცდომების გამოსწორებას
მოვახერხებთ.

ლუკა ზაქრაძე(ჰიუნდაი):  ბევრი შეცდომის მიუხედავად, გავიმარჯვეთ და ფინალში
გავედით. გულშემატკივარს ვპირდებით, რომ საინტერესო ფინალურ სერიას იხილავენ და მაქსიმალურად
გამოვასწორებთ დღევანდელ ხარვეზებს.

გიორგი გუგეშაშვილი(შსს აკადემია):  მივულოცავ გამარჯვებას ,,ჰიუნდაის’’. ბოლომდე ვიბრძოლეთ
და იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ველოდით. ჩვენი წყვილის გამარჯვებული ჩემპიონობის ფავორიტად
მიიჩნეოდა და ვფიქრობ, ,,ჰიუნდაი’’  მოახერხებს
ფინალში გამარჯვებას. წარმატებებს ვუსურვებ მათ.

ლევან გოგალაძე(შსს აკადემია):  მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი სერიისთვის, ორივე
მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ვუსურვებ ,,ჰიუნდაის’’ წარმატებას.