ჰიუნდაიმ” დონეცკში “მინსკსაც” მოუგო და ტიტულს მიუახლოვდა

ჰიუნდაიმ” დონეცკში “მინსკსაც” მოუგო და ტიტულს მიუახლოვდა

უკრაინის ქალაქ დონეცკშ მიმდინარე ალექსანდრ შვედჩენკოს მემორიალურ ტურნირზე „ჰიუნდაის“ 13–წლამდელთა გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. თბილისური გუნდის წარმატება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ლაშა თოიძის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ მეტოქეს გვარიანი ჩამორჩენა გაუბათილა.
„ჰიუნდაი“, რომელიც დონეცკში ნაოპერაციევი მწვრთნელის, ნიკოლოზ ცერქეზიშვილის გარეშეა წასული, დღეს მინსკის გუნდს ხვდებოდა. ბელარუსებმა პირველი ტაიმი 12 ქულით მოგვიგეს, რის შემდეგაც ქართველების ჯერიც დადგა. უკანახაზელებმა – ალექსანდრე კაკუბერმა და ბერდია ქავთარაძემ თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს. უკანახაზელების ყოჩაღი გარჯის ფონზე ტანმაღალ მოთამაშეებსაც მეტი გაქანება მიეცათ და ჰიუნდაელებმა მატჩის მსვლელობაზე სრული კონტროლი დაამყარეს. გოგა ბითაძე და ივა მეგენეიშვილი საჯარიმოში ყველა მეურვეს ჩაგრავდნენ და ერთიანი, გუნდური თამაშის წყალობით „ჰიუნდაიმ“ მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით – 60:57 დაამარცხა.
ეს გახლდათ „ჰიუნდაის“ მეოთხე გამარჯვება მეოთხე მატჩში. აქამდე ლაშა თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა მოსკოვის „ზრენიგირიდი“, უკრაინული „ხარკოვი“ და ვოლგოგრადის „პოვოლჟიე“ დაამარცხა. ხვალ, მემორიალის დასკვნით ტურში, „ჰიუნდაი“ მასპინძელ „დონეცკს“ ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს დაიკავებს.

ლაშა თოიძე და ჰიუნდაის მოთამაშეები