“ჰიუნდაის” 13–წლამდელთა გუნდი დონეცკის საერთაშორისო ტურნირზე წაუგებლად ასპარეზობს

“ჰიუნდაის” 13–წლამდელთა გუნდი დონეცკის საერთაშორისო ტურნირზე წაუგებლად ასპარეზობს

გუშინ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე 13–წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი გადაიდო. მიზეზი „ჰიუნდაი I”-ის უკრაინაში გამგზავრება იყო. ცოტა იშვიათია, რომ ჩვენთან ასაკობრივი გუნდები საერთაშორისო ტურნირებზე დადიოდნენ, თუმცა ეს სწორედ ის სასიამოვნო და მისასალმებელი შემთვევაა, როცა მოზარდთა კლუბი უცხოურ შეკრებაზე მიდის. კომპანია „ჰიუნდაის“ დახმარებით საქართველოს 13–წლამდელთა ჩeმპიონატის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი უკრაინის ქალაქ დონეცკში საერთაშორისო მემორიალურ ტურნირზე გაემგზავრა და წარმატებითაც ასპარეზობს. ჰიუნდაელებმა უკვე 3 მატჩი გამართეს და ყველა მეტოქე დაამარცხეს. გუნდს უკრაინაში ვერ გაჰყვა მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, რომელსაც აქილევსის მყესი გაუწყდა და  გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დონეცკში დღეს ჰიუნდაელთა მწვრთნელ ლაშა თოიძეს დავუკავშირდით და მემორიალური ტურნირის ამბები გამოვკითხეთ.
 

ლაშა თოიძე “ჰიუნდაის” წევრებს დავალებებს აძლევს
 
– ბიჭების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ჩატარებული სამი მატჩიდან ყველა მოვიგეთ. თუკი ხვალ და ზეგაც წარმატებას მივაღწევთ, ტურნირის გამარჯვებულები გავხდებით. არის შანსი, რომ 1 მატჩის წაგების შემთხვევაშიც პირველზე გავიდეთ, თუმცა ჩვენი ბიჭები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ.
– დონეცკში ვისი სახელობის ტურნირი ტარდება და რამდენი გუნდი იღებს მასში მონაწილეობს?
– ჩვენთან ერთად ალექსანდრ შვედჩენკოს მემორიალურ ტურნირში უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის 6 გუნდი მონაწილეობს: მინსკის „მინსკი“, ხარკოვის „ჰადო“, ვოლგოგრადის „პოვოლჟიე“, დონეცკის „დონეცკი“ და მოსკოვის „ზრენიგოროდი“. პირველ მატჩში, 24 მარტს, მოსკოვის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 57:53 მოვუგეთ. ბომბარდირი 22 ქულით ბერდია ქავთარაძე გახდა, გოგა ბითაძის ანგარიშზე კი 16 ქულა გახლდათ.
– მომდევნო მეტოქეებთან მოგება გაგიიოლდათ?
– შედარებით გაგვიიოლდა. „ხარკოვს“ 52:40 მოვუგეთ, მატჩის ბომბარდირი კი მაჭავარიანი გახდა 18 ქულით. დღეს კი ვოლგოგრადის „პოვოლჟიეს“ 47:35 მოვუგეთ. 18 ქულა ბითაძეს ჰქონდა, 17 კი ბერდია ქავთარაძეს.
– დარჩენილ მატჩებზე რას იტყვი?
– მასპინძლებთან და ბელარუსულ გუნდთან დაგვრჩა სათამაშო. ძნელია წინასწარ რამის თქმა, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.
– ტურნირის ორგანიზების შესახებ რა შეიძლება ითქვას?
– ეს გახლავთ ტრადიციული მემორიალი, რომელიც წლეულს მე–16–ედ ტარდება. ამ ტურნირში წლების წინ მონაწილეობა ნიკო ჩერქეზიშვილისა და გელა წულაძის გაწვრთნილ ქართულ გუნდაც მიუღია. საკმაოდ კარგი ორგანიზებაა, შესანიშნავ პირობებში ვართ და საკმაოდ ძვირფასი პრიზებიცაა დაწესებული. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის სპონსორ კომპანია „ჰიუნდაის“, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ ასეთ მაღალი დონის ტურნირში გვეთამაშა. ჩვენი გუნდის მოზარდები ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენენ.
– უკრაინაში ოპტიმალური შემადგენლობით იმყოფებით?– არა, გუნდის ძირითადი ხუთეულის მოთამაშე გიორგი გამყრელიძე გვაკლია, რომელიც ფეხის ტრავმის გამო დონეცკში ვერ წამოვიდა. ფეხზე გადატანილი ოპერაციის გამო ვერ წამოვიდა გუნდთან ერთად ნიკოლოზ ჩერქეზიშვილიც, რომელიც თბილისიდან მხურვალედ გვგულშემატკივრობს.