ჰოლანდიასთან სარევანშოდ საქართველოს ზაზა ფაჩულია ვერ დაეხმარება

ჰოლანდიასთან სარევანშოდ საქართველოს ზაზა ფაჩულია ვერ დაეხმარება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩისთვის ემზადება. დასკვნით შეხვედრაში იგორ კოკოშკოვის გუნდი ჰოლანდიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2013-ის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა. ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ლატვიაში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა. ჰოლანდიასთან მატჩს საქართველოსთვის სატურნირო თვალსაწრისით მნიშვნელობა დაკარგული აქვს, თუმცა კოკოშკოვის გუნდი რევანშისთვის ემზადება. მიმდინარე ტურნირის პირველი მატჩი ქართველებმა სწორედ ჰოლანდიასთან, სტუმრად წააგეს. დღეს საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა და მედიას ჟურნალისტებთან გასაუბრების შანსი მიეცათ…
 
 
 
ზაზა ფაჩულია:

„ყველას ვულოცავ ამ წარმატებას. ლატვიაში გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებმა. ნაკრების ყველა წევრმა მაქსიმუმი გაიღო და წარმატებას ერთიანი ძალებით მივაღწიეთ. მწარედ გვახსოვს ჰოლანდიაში წაგება და ხვალ მეტოქეს რევანში უნდა ავუღოთ. სამწუხაროდ, ჰოლანდიასთან მე ვერ ვითამაშებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბიჭები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ და წარმატებას მივაღწევთ. ჩემი უთამაშებლობის მიზეზი ტრავმაა, რომელიც მთელი შესარჩევი ტურნირის განმავლობაში მაწუხებდა და რომლის გამოც 2 შეხვედრა გამოვტოვე. იმედი მაქვს, მომავალი სეზონი კარგად ჩაივლის და სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობითა და კარგად მომზადებულები წავალთ“.
 
 
 
ვიქტორ სანიკიძე:

„მომდევნო ეტაპზე გასვლა ჩვენთვის განაღდებულია, მაგრამ ბრძოლა არ დამთავრებულა. ჰოლანდიასთან ანგარიში გასასწორებელი გვაქვს. მე იმ წაგებუ;ლ მატჩში არ მითამაშია და  ეხლა შანსი მეძლევა, რომ ჰოლანდიელებს დავუპირისპირდე. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავიმარჯვოთ და ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ.
 
თორნიკე შენგელია: 
„ჩვენს ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია, ხვალინდელ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოტივაცია არ გვაკლია. ჰოლანდიის ნაკრებმა შესარჩევ ტურნირში პირველი დამარცხება გვაგემა და საპასუხო მატჩში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ლატვიაში ჯგუფიდან გასვლა ვიზეიმეთ, მაგრამ იქ ჩვენი გულშემატკივრები არ გვახლდნენ. იმედი მაქვს, ხვალ სპორტის სასახლეში ბევრი ქომაგი მოვა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ერთად ვიზეიმებთ“.
 

გიორგი შერმადინი:

„ყველა მოუთმენლად ველით მოედანზე გასვლას. ჰოლანდიის ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რათა დავანახოთ, რომ იმ პირველ მატჩში ადგილი შემთხვევითობას ჰქონდა. იმედი მაქვს, მეტოქეს დამაჯერებლად დავამარცხებთ და გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გავახარებთ“.