ჰორფორდმა ფაჩულია სკამზე დააბრუნა

მოირჩინა ტრავმა ალ ჰორფორდმა და ზაზა ფაჩულიამაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. წინა მატჩში ქართველმა ცენტრმა “ატლანტას” ხუთეულში 31 წუთზე მეტ ხანს ითამაშა, თუმცა ამ გამთენიისას, როცა მისმა გუნდმა “მილუოკი” 110:85 გაანადგურა, ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 11:49 წუთი ითამაშა.
ფაჩულიამ ამ ხნის განმავლობაში თითქმის ვერაფერი მოასწრო. პირველად მოხდა მის კარიერაში, როცა 10 წუთზე მეტ ხანს ითამაშა და მოედანი ქულისა და მოხსნის გარეშე დატოვა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო.
ატლანტელებს 39 მოგება და 28 მარცხი აქვთ და ისინი აღმოსავლეთ დივიზიონში მე-5 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი ხვალ გამთენიისას “დენვერის” წინააღმდეგ გამართავს.