ჰოსლისა და ცქიტიშვილის დუელი ვერ შედგა

ჰოსლისა და ცქიტიშვილის დუელი ვერ შედგა

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ესპანეთში საქართველოს ნაკრების 4 წევრი თამაშობს, საიდანაც 3 ნატურალიზებული ამერიკელია, მეოთხე კი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გახლავთ. მორიგ ტურში ერთმანეთს ცქიტიშვილის „ლაგუნ არო“ და ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდი“ ხვდებოდნენ და ეს სწორედ მატჩი გამოდგა ერთ–ერთი ყველაზე დაძაბული. დრამატული შეხვედრის ბოლო წუთებზე სტუმრებმა – „ხუვენტუდის“ მოთამაშეებმა იძალეს და საბოლოოდ გამარჯვებაც მათ დარჩათ: 76:74.
 
მატჩის ბომბარდირი 17 ქულით ჰოსლი გახდა, ნიკოლოზ ცქიტიშვილს კი სულ არ უთამაშია. იგი სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. ჰოსლი, ტრადიციულად, ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 6–დან 4 ორქულიანი და 8–დან 3 სამიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. გარდა 17 ქულისა, ჰოსლის ანგარიშზე 4 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა იყო.
 

ქუინტონ ჰოსლი
 
„ხუვენტუდს“13–13 მოგებ–წაგება აქვს და ეს გუნდი ცხრილში მე–12 ადგილზეა. ცქიტიშვილის „ლაგუნ არო“ კი 9 მოგებით მე–14–ეა.
 
კიდევ ერთი ქართულად ნატურალიზებული ამერიკელის, ტორინ გრინის „გრან კანარიამ“ შინ „ბილბაო“ 90:82 დაამარცხა. გრინი მოედანზე 18 წუთს იმყოფებოდა და თავის გუნდს 4 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა შემატა,
 
ტაირონ ელისის „ესტუდიანტესი“ უშანსოდ იყო, რადგან „ბარსელონას“ სტუმრად ხვდებოდა. საბოლოოდ შეხვედრა კატალონიელების 20 ქულიანი გამარჯვებით – 73:53 დასრულდა. ელისმა 27,32 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
 

ტორინ გრინი
 
  იტალიის სერია A
ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო ვიქტორ სანიკიძის თამაში იყო. ვიქტორმა 13 მარტს გამართულ იტალიის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის მატჩში ტრავმა მიიღო, თუმცა საშიში არ აღმოჩნდა და ქართველი ფორვარდი მოედანზე გამოჩნდა. თუმცა ცუდი ისაა, რომ მისი „კანადიან სოლარი“ შინ „ვარეზესთან“ – 69:71 დამარცხდა.
 
სანიკიძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა და მხოლოდ 1 ქულა მოაგროვა. ვიქტორმა ერთხელ შეუტია სამქულიანი ზონიდან და გააცუდა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. სანიკიძეს 3 მოხსნა 1 პასი და 1 დაფარებაც ჰქონდა. „კანადიან სოლარი“ 22 მატჩიდან მოპოვებული 12 გამარჯვებით მე–4 ადგილზეა. მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“ კი 16 მოგება აქვს და მე–2 ადგილზე იმყოფება.
 
 
  გერმანიის ბუნდესლიგა
ტრავმით გამოწვეული კარგა ხნიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლაშა გამყრელიძე. „გესენის“ ქართველმა გამთამაშებელმა დღეს „ბრემენჰავენთან“ შეხვედრაში 16 წუთს დაჰყო მოედანზე, თუმცა თავისი გუნდი მორიგი მარცხისგან ვერ იხსნა – 65:79.
 
გამყრელიძემ მეტოქის ფარს მხოლოდ ერთხელ, ისიც სამქულიანით შეუტია, თუმცა მიზანში ვერ გაარტყა. ლაშას 2 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. „გესენი“ 8 მოგებითა და 21 მარცხით 18–გუნდიან ბუნდესლიგაში მე–15 ადგილზე იმყოფება.