სამი დღის წინ ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“„ორლანდოსთან“ საპლეიოფო სერია გასვლითი გამარჯვებით გახსნა, დღეს, გამთენიისას კი მეორე შეხვედრა ბრძოლაში 82:88 წააგო და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
მორიგი შეხვედრაც ორლანდოში გაიმართა და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ატლანტელებს სტუმრად ზედიზედ მეორე თამაში მოეგოთ რეგულარული ჩემპიონატის ცხრილში მათზე მაღლა მყოფი „მეჯიქისთვის“. რაც მთავარია, ჯორჯიელებმა მისია შეასრულეს: სტუმრად თამაში მოიგეს და ორლანდოელებს მოედნის უპირატესობა აართვეს.
მატჩის პირველი მეოთხედი „ატლანტამ“ 22:16 მოიგო, თუმცა მეორეში მასპინძლები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და დიდი შესვენებისთვის უკვე ისინი იგებდნენ 6 ქულით. შეუდარებელი იყო ორლანდოელთა ლიდერი დუაიტ ჰოვარდი, რომელმაც პირველ მატჩში 46 ქულა და 19 მოხსნა გააკეთა, ახლა კი 33 ქულასა და 19 მოხსნას „დასჯერდა“.
ქართველმა ცენტრმა ამჯერად შედარებით მეტ ხანს ითამაშა. თუკი პირველ შეხვედრაში ზაზა მოედანზე 8 წუთით იმყოფებოდა, ახლა მწვრთნელმა ის 19:13 წუთით დატვირთა და ფაჩულიამაც ფარქვეშ კარგად ითამაშა. ატლანტელთაგან ყველაზე მეტი მოხსნა ძირითად ხუთეულში მყოფ ალ ჰორფორდს (10) ჰქონდა, ზაზამ კი მეორე შედეგი აჩვენა (8). გარდა ამისა, ფაჩულიამ 3 ცდიდან 1 ორქულაინი ჩააგდო, 1 პასი გაიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
სერია ახლა ატლანტაში გადაინაცვლებს და მომდევნო შეხვედრას „ფილიპს არენა“ ჩვენი დროით 23 აპრილს, გამთენიისას უმასპინძლებს.