იგორ კოკოშკოვი ფინიქს სანსის მთავარი მწვრთნელი გახდა

იგორ კოკოშკოვი ფინიქს სანსის მთავარი მწვრთნელი გახდა

იგორ კოკოშკოვი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა, ნბა-ს კლუბ ფინიქს სანსის მთავარი მწვრთნელი გახდა. ეს ამბავი რამდენიმე საათია, გახმაურდა, რასაც სერბი სპეციალისტისთვის  კონტრაქტის შეთავაზება უძღვოდა წინ.

ფინიქსის გენერალური მენეჯერი რაიან მაკდონაჰი 2 დღის წინ ჰიუსტონში იყო, სადაც იუტა ჯაზმა, რომლის მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც კოკოშკოვია, პლეი ოფის მეორე წრის სერია ადგილობრივ როკეტსთან გახსნა. ფინიქსის მენეჯერმა სერბ სპეციალისტს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც კოკოშკოვი 2 დღეში დათანხმდა. 

ფინიქსმა გასული სეზონი ყველა გუნდზე უცუდესი შედეგით – 21 მოგება, 61 წაგება – დაასრულა. არიზონელთა ხელმძღვანელობას ახალი გუნდის ფორმირება განუძრახავს და ახალგაზრდა სუპერვარსკვლავ დევინ ბუკერთან ერთად, ერთ-ერთ საყრდენად იგორ კოკოშკოვი შეარჩია. სერბი სპეციალისტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით თითქმის გადაწყდა, რომ მომავალ დრაფტზე პირველი ნომრის მფლობელი ფინიქსელები სლოვენიელ ვარსკვლავს, ლუკა დონჩიჩს აიყვანენ. დონჩიჩთან ერთად კოკოშკოვმა გასულ სექტემბერს სლოვენიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მოაგებინა და დიდი ალბათობით სერბი სპეციალისტი სლოვენიელ ვარსკვლავთან ნბა-შიც გააგრძელებს მუშაობას.

სლოვენიის ნაკრებამდე კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, რომელიც ევროპის “ბ” დივიზიონიდან ელიტაში აღაზევა, შემდეგ კი კონტინენტის საუკეთესო 12 ნაკრებში შეიყვანა. კოკოშკოვმა ქართველებს 3 ევრობასკეტზე უთავკაცა და 2-ჯერ ჯგუფიდან გაიყვანა.

კოკოშკოვი NBA-ს რამდენიმე კლუბში მუშაობდა ასისტენტად: კლიპერსში (2002-2003), დეტროიტ პისტონსში(2003-2008), ფინიქს სანსში (2008-2013), კლივლენდ კავალიერსში (2013-2014), ორლანდო მეჯიქში (2015), იუტა ჯაზში (2015-2018).

იგორ კოკოშკოვი პირველი არა ამერიკელი ასისტენტია, რომელიც NBA-ს ჩემპიონი გახდა. იგორმა 2004 წელს დეტროიტში მუშაობისას შეძლო NBA-ს მოგება. 2010 წელს კოკოშკოვმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. 

შეთანხმების თანახმად, კოკოშკოვი ფინიქსში მუშაობას პლეი ოფში იუტა ჯაზის ასპარეზობის დასრულების შემდეგ შეუდგება. ცნობისთვის, იუტელებმა რეგულარული ჩემპიონატის მომგებ ჰიუსტონს მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გაუთანაბრეს და მოედნის უპირატესობას დაეპატრონნენ.