იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებს შესწევს ძალა, რომ ჯგუფის საუკეთესო სამ გუნდს შორის მოხვდეს

იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებს შესწევს ძალა, რომ ჯგუფის საუკეთესო სამ გუნდს შორის მოხვდეს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომავალ სექტემბერში დიდი გამოცდა ელის. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ გასული იგორ კოკოშკოვის გუნდი ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ ესპანეთსა და ტურნირის მასპინძელ სლოვენიასთან მოხვდა. ამ ორ უძლიერეს ნაკრებთან ერთად 18 ნოემბერს გამართულმა კენჭისყრამ საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად საკმაოდ ძლიერი ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი არგუნა. სწორედ ამ გუნდებთან მოუწევს კოკოშკოვის გუნდს ევრობასკეტზე ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა. კენჭისყრის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრებმა კომენტარები უკვე გააკეთეს. საინტერესოა, რას ფიქრობს მომავალ მეტოქეებზე ჩვენი ნაკრების სერბი თავკაცი. „ფინიქს სანსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტ იგორ კოკოშკოვს გუშინ მემფისში შევეხმიანეთ, სადაც მისი გუნდი ნბა-ს ერთ-ერთ ლიდერ „გრიზლისთან“ სათამაშოდ ჩავიდა (დამატებით დროში 98:108 დამარცხდა). მწვრთნელმა ევრობასკეტის კენჭისყრაც შეაფასა და საქართველოს ნაკრების სხვა საჭირბოროტო თემებზეც გვესაუბრა.
 
 
– 2 კვირის წინ სლოვენიაში გამართულ კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ… რას იტყვით მათზე?
– სანამ უშუალოდ ჩვენი ჯგუფის შეფასებაზე გადავალ, ორი სიტყვით ვიტყვი, თუ რა განწყობით ვხვდები ევროპის ჩემპიონატს. როგორც საქართელოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ჩემთვის დიდი პატივია კონტინენტის უმთავრეს ტურნირზე გამოსვლა. ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოში კალათბურთი სწორი გზით ვითარდება. ბოლო 5–6 წელია, ეროვნული ნაკრები შედეგებს აუმჯობესებს, ვითარდება, წინ მიიწევს. ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული კალათბურთი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ.
– მომდევნო გამოცდის ჩაბარება საქართველოს სლოვენიაში, მომავალ ევრობასკეტზე მოუწევს…
– ჩვენ ალბათ ვერ მოვიგებთ ოქროს მედლებს, მაგრამ ეს არაა მთავარი. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ მოხვდა ფინალურ ეტაპზე და დაამტკიცა, რომ მებრძოლი გუნდია. ჩვენი ნაკრები სლოვენიაში ამ სახელის განმტკიცებას შეეცდება. საქართველო ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლებს, 100 პროცენტით დაიხარჯება, თითოეული მეოთხედის მოგებას ეცდება და რა გამოვა საბოლოოდ, ვნახოთ. მე, როგორც ნაკრების მწვრთნელი, ვაცხადებ, რომ ყველა მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯება.
 

 
– ბოლომდე დახარჯვა საკმარისი იქნება ჯგუფიდან გასასვლელად?
– ჩვენ გვინდა ჯგუფიდან გასვლა. საქართველოს ნაკრებს შესწევს ძალა, რომ ჯგუფის საუკეთესო სამ გუნდს შორის მოხვდეს და ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული მისაღწევი იქნება. ჯგუფი ძალიან ძლიერია. ესპანეთისა და სლოვენიის ფავორიტობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ხორვატია საკმაოდ ძლიერი გუნდია, ასევე პოლონეთი და ჩეხეთიც. ჩვენ ეხლა შეგვიძლია წინასწარი შეფასებები გავაკეთოთ, მაგრამ მოედანზე ყველაფერს მოთამაშეები, კონკრეტული შემთხვევები წყვეტს. ვთვლი, რომ ყველა მატჩში უდიდესი ბრძოლა გველოდება, განსაკუთრებით ხორვატიასთან, ჩეხეთთან და პოლონეთთან, რომლებსაც ისევე აქვთ ჯგუფიდან გასვლის სურვილი, როგორც ჩვენ. ნიჭიერ მოთამაშეებთან ერთად ხორვატებს ძალიან ძლიერი და გამოცდილი მწვრთნელი – იასმინ რეპეშა ჰყავთ, ვისი „უნიკახაც“ მიმდინარე ევროლიგაში წარმატებით ასპარეზობს.  პოლონეთს, რომელსაც 2 წლის წინ შესარჩვ ტურნირში ვეთამაშეთ, კარგად ვიცნობთ. გასულ შესარჩევში პოლონელებმა საკუთარი ძალა ბოლომდე გამოაჩინეს და ევრობასკეტზეც ექნებათ ამბიციები.
– რას იტყვით ჯგუფური ეტაპის კალენდარზე, რომლის მიხედვითც ჯერ პოლონეთს ვეთამაშებით, შემდეგ ხორვატიას, პირველ ჯგუფურ ეტაპს კი ესპანეთთან მატჩით ვამთავრებთ?
– ნორმალური კალენდარია. დაახლოებით ისეთივე სიტუაციაში ვართ, როგორც წინა, ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. მაშინაც ერთ–ერთ უმთავრეს კონკურენტთან (ბელგიასთან) მატჩით დავიწყეთ ტურნირი. 6 დღეში 5 მატჩი გველის, რაც ძალიან გადატვირთული გრაფიკია. თითოეული მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მოდუნება არ შეიძლება, წაგებას დამღუპველი შედეგის მოტანა შეუძლია. 

 

 
– საქართველოს ნაკრების რეალურ შანსებზე რას იტყვით?
– ჩვენი ნაკრების წამყვანი წევრები შესანიშნავ ფორმაში არიან. ზაზა ფაჩულია „ატლანტაში“ ერთ–ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, შენგელიამ უკვე დაამტკიცა, რომ ნბა–ს კალიბრის მოთამაშეა და ნელ–ნელა ფეხს იკიდებს „ბრუკლინში“, სანიკიძე იტალიის საუკეთესო გუნდში თამაშობს და ევროლიგის მეორე ეტაპზე გავიდა, ხოლო მარკოიშვილი  ტრადიციულად სტაბილური და თავისი გუნდის ერთ–ერთი ლიდერია. ცინცაძე საკმაოდ ძლიერ ლიგაში ასპარეზობს, ასევე შერმადინი. საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა  მოთამაშეს ბრწყინვალე სეზონი აქვს და ეს მომავლის იმედს იძლევა.
– ჯეიკობ პულენზე რას იტყვით? ქართული კალათბურთის ქომაგებს აინტერესებთ, დაიცავს თუ არა იგი საქართველოს ღირსებას ევრობასკეტზე…
– ნაკრებში 12 საუკეთესო კალათბურთელი ითამაშებს. მათ ხელახლა შევარჩევთ და ვინც ღირსი იქნება, ეროვნულ გუნდშიც ის მოხვდება. პულენი ნბა-ს კალიბრის მოთამაშეა, ევროშესარჩევ ტურნირზე ის საქართველოს  დიდად დაეხმარა. ისტორია გვიჩვენებს, რომ საქართველოს ნაკრებში ამერიკელი მოთამაშეები ყოველწლიურად იცვლებიან და შესაძლოა, ეს პროცესი გაგრძელდეს კიდეც, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ თუკი გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ნაკრების ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ყველა გადაწყვეტილება, რაც აქამდე მიმიღია, ქართული კალთბურთბურთის განვითარებას ემსახურებოდა. თუკი მომავალში რამე შეიცვლება, ეს არ მოხდება ვინმეს კარნახის, ან ჩემი პირადი ინტერესის გამო – ყველაფრის მიზეზი საქართველოს ნაკრების გუნდური ინტერესები იქნება. ესე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც.
კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური
 

იგორ კოკოშკოვი და ჯეიკობ პულენი