იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებში მუშაობა ცოდნას და გამოცდილებას მმატებს

იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებში მუშაობა ცოდნას და გამოცდილებას მმატებს

არიზონულ გაზეთ „აზცენტრალში“ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების მთვარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვზე. შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი ნბა–ს კლუბ „ფინიქს სანსის“ ასისტენტი მწვრთნელია და ამიტომაც დაიწერა ეს სტატია არიზონულ გაზეთში. სტატიის სათაურია:
 
“ფინიქსის” ასისტენტი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ისევ პირველია
 

 
იგორ კოკოშკოვის სამწვრთნელო კარიერა განსხვავებებითა და პირველობებითაა სავსე. „სანსის“ ასისტენტი მწვრთნელი იუგოსლავიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, როცა იგი ამ საქმიანობას 24 წლის ასაკში შეუდგა. იგორი გახლავთ პირველი ევროპელი, რომელიც გახდა ასისტენტი მწვრთნელი ამერიკის სტუდენტურ კალათბურთში, ასევე იგი პირველი ევროპელია ნბა–ში.
 
ეს განცხადებები, თუ რა კარგად იცის კოკოშკოვმა კალათბურთი, ამ ზაფხულს უნდა დამტკიცდეს. მას სერიოზული გამოცდა ელის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები პირველად გაიყვანა. იგორმა სამშაბათს არიზონა დატოვა და შეუერთდა საქართველოს ნაკრებს ავსტრიაში, რომელიც ევროჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის.
 
„საქართველოს ნაკრებში მუშაობა მეხმარება მე დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში – ამბობს კოკოშკოვი, რომელიც 2000 წლიდან ნბა–ში მუშაობს – გადატვირთული ნბა–ს სეზონის შემდეგ 2 თვე საქართველოს ნაკრებში უნდა ვიმუშაო. ეს არაა იოლი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა”.
 
კოკოშკოვის გუნდშია ატლანტელი ზაზა ფაჩულია, ერთ დროს „ფინიქსის“ წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ორი ქართულპასპორტიანი ამერიკელი – ფლორიდელი მცველი ტორინ გრინი და ტეხას–ალინგტონის ყოფილი უკანახაზელი მარკიზ ჰეინსი. სერბი კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში საქმეს ინგლისურად უძღვება, რადგან ესაა კონტინენტის საკალათბურთო ენა.
 
„12 წელია, ნბა–ში ვმუშაობ და კალათბურთია, რაც ყველაზე კარგად ვიცი – ამბობს 39 წლის კოკოშკოვი – ერთ–ერთი მთავარი რამ, რაც ეროვნულ ნაკრებში მუშაობას მაიძულებს, არის ის, რომ კავშირში ვიყო ევროპულ კალათბურთთან. ვაღიარებ, რომ ნბა მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგაა, მაგრამ ევროპაში მუშაობა მეხმარება, კალათბურთი უფრო სხვა კუთხიდან დავინახო, მწვრთნელობის ევროპული თავისებურობები შევიმეცნო და საჩემოდ გამოვიყენო“.
 
საქართველოში 4,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ანუ ისაა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთაგან ერთ–ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა. საქართველოს ჯგუფში არის სლოვენია, რომლის ერთ–ერთი ლიდერი იგორ კოკოშკოვის მოწაფე გორან დრაგიჩია. დრაგიჩი 3 წლის წინ „ფინიქსმა“ დრაფტზე აიყვანა და პირველივე დღიდან იგი კოკოშკოვის განკარგულებაში იყო. სლოვენიასთან ერთად საქართველოს ჯგუფში არიან რუსეთი, ბელგია, უკრაინა და ბულგარეთი.
 
„ფინიქსში“ კოკოშკოვს ჰყავს ახალი თანამშრომელი ელსტონ თუნერი, რომელიც გუნდმა დაცვითი ტაქტიკის საკოორდინაციოდ დაიქირავა. კოკოშკოვი ამბობს, რომ იგი მიესალმება თუნერის გუნდში მოსვლას და იმედოვნებს, რომ მის გამოცდილებას ეს ფაქტიც წაადგება.
იგორ კოკოშკოვი იმედოვნებს, რომ მორიგი ევროპული ვოიაჟი ასევე დადებითი იქნება როგორც მისთვის, ასევე „ფინიქსისთვის. “როცა მე ვბრუნდები ხოლმე ევროპიდან, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უწინდელზე უკეთესი მწვრთნელი ვარ“ – ამბობს კოკოშკოვი