ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდს პირველ საკვალიფიკაციო ტურნირში 2 საშინაო მატჩი აქვს დარჩენილი – 29 ივნისს სერბეთთან, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიასთან.

ამ მატჩებისთვის ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 22 კალათბურთელია. 11 ივნისს, დინამოს ბაზაზე ბერძენმა სპეციალისტმა პირველი ვარჯიში გამართა, რომელსაც 18 კალათბურთელი დაესწრო. ლეგიონერთა ბირთვი – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი და გოგა ბითაძე ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.

მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 2 საკონტროლი მატჩს გამართავს. 22 და 23 ივნისს ზუროსის გუნდი პრაღაში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომელთაგან ერთი შეხვედრა დახურული ხასიათის იქნება.

საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი სიახლეებია. მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ნატურალიზებული მოთამაშის ადგილს ამერიკელი თად მაკფადენი დაიკავებს. მაიკლ დიქსონს ჩვენს ნაკრებში თამაშის 2-წლიანი ვალდებულება გასული წლის სექტემბერში ამოეწურა, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ძალისხმევით, მაიკლმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ნოემბრისა და თებერვლის ფანჯრებში მაინც ითამაშა და ახლა საქართველოს ნაკრების დატოვება გადაწყვიტა.

ჩვენი ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა მისი შემცვლელი საბერძნეთში, ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის ბომბარდირის სახით იპოვა. თად მაკფადენი გასულ სეზონში კლუბ „კიმისში“ თამაშობდა და ეს გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად გაიყვანა პლეი ოფში. გამორჩეული შედეგიანობის გამო მაკფადენი ბერძნულ „ოლ სტარში“ მოხვდა, სადაც ოლიმპიაკოსელ და პანათიკაიკოსელ სუპერვარსკვლავებთან ერთად საჩვენებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მაკფადენამდე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ეროვნულ ნაკრებებში სათამაშოდ გზა გაეხსნა 19 წლის სანდრო მამუკელაშვილს. ის ამერიკის მოქალაქეა და მიუხედავად დიდი სურვილისა, მწვრთნელებმა საქართველოს ვერც ერთი ასაკობრივი ნაკრებში ვერ ათამაშეს. მამუკელაშვილთან ერთად ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 19 წლის ლუკა ბულაშვილი, ხოლო 17 წლის რატი ანდრონიკაშვილი გაფართოვებულ სიაში გასულ ნოემბერშიც იყო, თუმცა ილიას ზუროსის ვარჯიშს გუშინ პირველად დაესწრო.

ეროვნული ნაკრები დიღმის ბაზაზე ივარჯიშებს, ხოლო ფიზიკურად სნეპ-ფიტნესში მოემზადება. ჩეხეთში გამგზავრებამდე ნაკრებში გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე ჩამოვლენ, მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ბელგიაში რეაბილიტაციას გადის, გუნდს პრაღაში შეუერთდება, ხოლო თორნიკე შენგელიას ჩამოსვლა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაზეა დამოკიდებული. ყველაზე ხანგრძლივი პერსპექტივით, „ბასკონიასა“ და მადრიდის „რეალის“ საჩემპიონო დაპირისპირება შესაძლოა, 22 ივნისამდე გაგრძელდეს.

ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ ნაკრების სიახლეებსა და გეგმებზე ისაუბრეს.

ვლადიმერ ბოისა:

ეროვნული ნაკრები გუშინ შეიკრიბა და დღეს იყო მეორე ვარჯიში გამართა. კარგია, რომ შევძელით ორი ამხანაგური თამაშის დანიშვნა 22 და 23 ივნისს. ჩვენი მეტოქეა დღესდღეობით ევროპის ერთ-ერთი სოლიდური ჩეხეთის ნაკრები. ეს ორი თამაში ძალიან აუცილებელი იყო, რადგანაც შეიძლება, წინა მატჩებისგან განსხვავებით, 4 და მეტი მოთამაშე იყოს გუნდში…

რაც შეეხება მაიკლ დიქსონს, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მისგან მაქსიმუმი მივიღეთ.  შევძელით, რომ წინასწარ შეთანხმებული 2 წლის მიუხედავად, მას 3 წელი ეთამაშა ჩვენს ნაკრებში. მაქსიმალურად ვეცადეთ, ის კიდევ დაგვეყოლიებინა, მაგრამ მან წასვლა გადაწყვიტა. ეს მისი არჩევანი იყო.

ძალიან ძნელი იყო ახალ ამერიკელებთან მოლაპარაკება. ძლიერი მთავარი მწვრთნელი ავტორიტეტისა და ჩვენი ნაკრების ევრობასკეტზე ზედიზედ 4-ჯერ თამაშის გამო შევძელით თად მაკფადენის დაყოლიება. ის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ითამაშებს ჩვენთან, რაც საკუთარი თავის ევროპულ ასპარეზზე წარმოსაჩენად შესანიშნავი საშუალება იქნება.  პლუს ამას, მას საქართველოს მოქალაქეობა შედარებით ძლიერი ლიგის გუნდებში მოხვედრაში დაეხმარება, რადგან მასზე არ გავრცელდება ამერიკელებზე დაწესებული ლიმიტი. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს მთავრობა, რომლის დახმარებითაც მოხერხდა მაკფადენისთვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭება.

რაც შეეხება ბილეთებს, აუცილებლად შეიქმნება დეფიციტი. ამიტომ ჯობს, თადარიგი აქედანვე დაიჭიროთ. საქართველოს ნაკრებს ქომაგების დახმარება აუცილებლად ესაჭიროება, რადგან მეტოქეები მსოფლიოს ბოლო წლების ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები – სერბეთი და საკმაოდ გაძლიერებული ავსტრია არიან. ავსტრიელებს ნბა-ში მოთამაშე ცენტრი – ტორონტოელი იაკობ პოლტი და კიდევ ერთი ძლიერი გამთამაშებელი დაემატათ.

ილიას ზუროსი:

მივესალმები ყველას, მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა ვლადიმერ ბოისას, რომელმაც ყველაფერი კარგად ახსნა. გუშინდელიდან ჩვენ დავიწყეთ ამ საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მომზადება. ჩვენ გვყავს ახალი მოთამაშეები, მათ შორის ახალგაზრდებიც და ეს ძალიან კარგია. ფედერაციას აქვს შორს მიმავალი, მომავალზე გათვლილი გეგმა, რაც ამ ახალგაზრდებთან ერთად ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბებას, შექმნას უკავშირდება.

წინ ურთულესი მატჩები გველის. ვიცით ვისაც ვეთამაშებით, განსაკუთრებით სერბეთს გამოვარჩევ, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია მსოფლიოში. ავსტრიაც ბევრად ძლიერი იქნება, ვიდრე იყო. მათ ეყოლებათ ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც წინა ფანჯრის დროს არ უთამაშიათ.

მომავალ მატჩებში დაგვეხმარებიან ნაკრების ლიდერები, თუმცა გარკვეული სიძნელეებიც არსებობს. ძალიან რთულია, რომ ევროლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატში გადატანილი დიდი ბრძოლების შემდეგ პირდაპირ, შეუსვენებლად ჩამოხვიდე და ნაკრებში ითამაშო. ეს შეიძლება ითქვას შერმადინზეც და შენგელიაზეც. დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე ტრავმების შემდეგ მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ფორმაში შევიდნენ. საქმე ამ მხრივ კარგად მიდის. მანუჩარ მარკოიშვილი მოგვიანებით შემოგვიერთდება, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებდა და ის ყველაფერს აკეთებს, რომ მომავალ, ოფიციალურ მატჩებში დაგვეხმაროს. ის ნაკრებს ავსტრიაში შემოუერთდება. ძალიან კარგია, რომ გამოცდილებთან ერთად, გვყავს ახალგაზრდა კალათბურთელები. ისინი ნაკრებში უკვე ვარჯიშობენ და ეგუებიან ჩვენი გუნდის ატმოსფეროს, ფილოსოფიას.

რაც შეეხება მაიკლ დიქსონს, მას მხოლოდ მადლობას მოვახესენ. მან ზუსტად იმ ხარისხით ითამაშა, როგორც მისგან ველოდით. მაგრამ ყველაფერ კარგს საბოლოოდ აქვს დასასრული და ახლა უნდა ვიზრუნოთ მომავალზე.

ხალხს შეიძლება არ ესმის, რომ ფედერაციამ ძალიან კარგი საქმე გააკეთა, დიდი სამუშაო გასწია, რომ მას ამდენ ხანს ეთამაშა ჩვენს ნაკრებში. ასეთი რამ იოლად არ ხდება. ნაკრების ხელმძღვანელებმა ბევრი იმუშავეს, რათა დაერწმუნებინათ დიქსონი, რომ მას იმაზე მეტ ეთამაშა ჩვენთან, რაც წინასწარ იყო გათვალისწინებული.

შედარებებს ვერ გავაკეთებთ დიქსონსა და მაკფადენს შორის. მაკფადენი უკანახაზელი და უბრალოდ, კარგი მოთამაშეა. იგივე პოზიცია აქვს, რაც დიქსონს. მას 1 ან 2 ნომრად გამოვიყენებთ, გააჩნია, რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება კონკრეტულ შეხვედრაში.

კიდევ ერთი საკითხი: ამერიკელი მოთამაშეები, რომლებიც მაღალ დონეზე თამაშობენ, არ არიან დაინტერესებული ევროპული პასპორტით. მხოლოდ ის მოთამაშეები თანხმდებიან ამ შემოთავაზებას, რომლებიც შედარებით დაბალ ლიგაში თამაშობენ. ასეთად შეიძლება ესპანეთის მესამე ლიგა დავასახელოთ. თვეების მანძილზე ძალიან დიდი ძიება დაგვჭირდა როგორც მწვრთნელებს, ისე ფედერაციის ხელმძღვანელებს, რათა რიგიანი კალათბურთელი გვეპოვნა და დაგვეყოლიებინა საქართველოს ნაკრებში თამაშზე.

კალათბურთი გუნდური სპორტია და ახალი მოთამაშე უპირველესად გუნდთან უნდა შეთამაშდეს. ჩვენ ყველა ერთი გუნდი ვართ, თქვენი ჩათვლით – საქართველოს ეროვნული ნაკრები ვართ. ლაპარაკი ძალიან ადვილია, გაცილებით მნიშვნელოვანია, როგორ ვიმუშავებთ. თუ მხოლოდ შეცდომებს დავინახავთ და ნეგატივის ძებნას დავიწყებთ, არასწორ გზაზე წავალთ. საჭიროა, ერთად გავდგეთ – კალათბურთელები, ქომაგები, ჟურნალისტები და საქართველოს საკეთილდღეოდ ჩვენი წილი შევიტანოთ საერთო საქმეში.

ჩეხეთთან თამაშები მხოლოდ მოსამზადებელია. ახალი მოთამაშეები უნდა გამოვცადოთ, შანსი მივცეთ მათ. შერმადინი, მარკოიშვილი და შენგელია ამ თამაშებზე არ იქნებიან, შესაბამისად, აქ მხოლოდ ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად ვითამაშებთ. კარგია, რომ ძლიერი ოპონენტი გვყავს. ეყოლება თუ არა ჩეხეთს იან ვესელი და ტომაშ სატორანსკი, ის მაინც ძლიერი გუნდია და მასთან სპარინგი მხოლოდ დადებითად წაგვადგება.