საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომლითაც ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, ცნობილია. ბერძენმა სპეციალისტმა ნაკრებში დარჩენილი 15 მოთამაშიდან 12 შეარჩია, რომელთა ვინაობაც დღეს, თბილისი არენაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ დაასახელა.
ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – მანუჩარ მარკოიშვილმა და ანატოლი ბოისამ იაპონიაში გასამგზავრებლად შემდეგ 12 კალათბურთელი შეარჩიეს:
გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მიხეილ ბერიშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე და გიორგი ტურძილაძე. შესაბამისად, შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ – ბექა ბექაური, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით კაკუშაძე.
საქართველოს ნაკრები იაპონიაში 17 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე მიემგზავრება. ჩვენი ნაკრები ტოკიოში სტამბოლის ტრანზიტით ჩაფრინდება, საიდანაც კუნძულ ოკინავაზე 3-საათიანი ფრენის შემდეგ ჩავა. ჩვენი ნაკრები იაპონიისკენ სასაათო სარტყელის საწინააღმდეგოდ იმგზავრებს და დანიშნულების ადგილზე რომ ჩავა, 18 აგვისტოს საღამო იქნება. შესაბამისად, ჩვენი ნაკრების ვარჯიშები 19 აგვისტოდან დაიწყება, ხოლო 22-ში ილიას ზუროსის გუნდს ბოლო საკონტროლო მატჩი ელის მსოფლიო რეიტინგის მე-4 ადგილზე მყოფ ავსტრალიასთან. მწვანე კონტინენტის ნაკრები იაპონიაში, თუმცა მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად მასპინძელი იაპონია, გერმანია და ფინეთი ეყოლება.
ოკინავაში მსოფლიო თასის მეორე ჯგუფში საქართველო, სლოვენია, ვენესუელა და კაბო- ვერდე ითამაშებენ. ჩვენი ნაკრები 26 აგვისტოს აფრიკის წარმომადგენელ კაბოვერდელებს შეხვდება, 28-ში ფავორიტად მიჩნეულ სლოვენიას დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში სამხრეთამერიკულ ვენესუელას.
იაპონიაში ჩვენი ნაკრების შესახებ ინფორმაციებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდიდან და სოციალური ქსელებიდან – Instagram, Facebook – შეიტყობთ. მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის თვალის დევნება კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეგეძლებათ.