საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იკრიბება

საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იკრიბება

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის იკრიბება. ილიას ზუროსმა 18 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგანაც 23 და 25 თებერვლის მატჩებისთვის 12 კალათბურთელს შეარჩევს. ჩინეთში 2019 წელს გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 თებერვალს ავსტრიაში გამართავს, ხოლო 25-ში გერმანიას თბილისში უმასპინძლებს.

ილიას ზუროსმა ნაკრებში 2 ახალ კანდიდატს უხმო: „რუსთავის“ სნაიპერი რეზო ჩაჩანიძე და „ქუთაისის“ ფორვარდი აკაკი ლომოური ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს. ჩაჩანიძე მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია და 3 თებერვალს ქუთაისში გამართულ ოლ-სტარში სამქულიანების კონკურსიც მოიგო. ლომოური კი სტაბილურად – შედეგიანად თამაშობს სუპერლიგის ლიდერ „ქუთაისის“ შემადგენლობაში.

ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის გამო ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარებიან გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, ხოლო დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს კვლავ ტრავმა აწუხებთ. ტრავმა მოირჩინა და ნაკრებს დაუბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელიც ფორმაში არ გახლავთ, თუმცა ზუროსს მისი ეიმედება და მასთან კონსულტაციის შემდეგ ნაკრებში გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ახალი წევრით შეივსო. მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის კიდევ ერთი ასისტენტი იქნება კლუბ მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი, თემურ კანკია. მასთან ერთად ზუროსის ასისტენტები იქნებიან დავით როგავა, ტიჰომირ ბუიანი და მილოშ გლიგორიევიჩი.

საქართველოს ეროვნული გუნდი ვარჯიშებს 18 თებერვალს, სპორტის სასახლეში დაიწყებს. სამდღიანი ვარჯიშების შემდეგ მთავარი მწვრთნელი გუნდის ძირითად 12 მოთამაშეს დაასახელებს და 21 თებერვალს ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ავსტრიასა და საქართველოს შორის ვენაში, 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან იმავე ღამეს დაბრუნდება და გერმანიასთან, 25 თებერვალს გასამართი მატჩისთვის მზადებას თბილისის სპორტის სასახლეში განაგრძობს.

ილიას ზუროსი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„დღეს ვიწყებთ საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას. მეორე ფანჯრის ორივე მატჩი უმნიშვნელოვანესია და ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ. ქართული კალათბურთისთვის რთული მომენტია, ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თამაშებზე სრული შემადგენლობა გვყოლოდა, თუმცა ევროლიგასა და ფიბას შორის შეუთანხმებლობის გამო, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ევროლიგის კლუბებში თამაშობენ, დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, არ მიეცათ საშუალება ჩამოსულიყვნენ. ამიტომ, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ამ რთულ პერიოდში უგულშემატკივრონ ქართულ კალათბურთს, გაიზიარონ ჩვენი მდგომარეობა, რადგან სწორედ ასეთ დროს არის აუცილებელი თანადგომა. მხარდაჭერა განსაკუთრებულად დასჭირდებათ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ახლა გამოდიან ასპარეზზე. ველით, რომ საშინაო მატჩზე დარბაზი სავსე იქნება, რაც ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დაეხმარება საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად ყველა სირთულისა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გარდა ამისა, წინ კიდევ მესამე ფანჯარაა, ორ თამაშს საქართველოში ჩავატარებთ სრული შემადგენლობით და სავსე დარბაზით, სადაც შესაძლებლობა გვექნება, გადავფაროთ ყველანაირი ცუდი შედეგი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, ამ საერთო საქმის მხარდაჭერისათვის.“

ვლადიმერ ბოისა – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

„ნაკრებში ნამდვილად რთული სიტუაციაა, ბევრ მოთამაშეს ტრავმა აქვს, მოგვიწევს ევროლიგის მოთამაშეების გარეშე მატჩების ჩატარება, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა ყველა მათგანის მოგვარება ვერ შევძელით. ავსტრიას კარგად შეთამაშებული გუნდით საკუთარ მოედანზე ნამდვილად უპირატესობა აქვს, თუმცა გერმანიასთან ბევრი რამ ჩვენს ხელშია. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და საკმაოდ დიდი აქტიურობაც დაფიქსირდა, ამიტომ, მოვუწოდებ გულშემატკივარს, არ დაელოდონ ბოლო დღეებს, რაც შეიძლება მალე შეიძინონ ბილეთები და მხარი დაუჭირონ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.“