დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება. თბილისის სპორტის სასახლეში დანიშნულ ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის მატჩს მაყურებელი ვერ დაესწრება, შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
ილიას ზუროსმა სერბეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა 18 თებერვალს, საღამოს ვარჯიშის შემდეგ დაასახელა. განაცხადში შემდეგი კალათბურთელები მოხვდნენ:
გივი ბაქრაძე, კონერ ფრენკამპი, დუდა სანაძე, საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, გიორგი კორსანტია, გიორგი შერმადინი
რაც შეეხება სერბეთს, ევროპის ერთ-ერთი გრანდის 12-კაციანი შემადგენლობაც ცნობილია. ის თურქეთში მყოფმა იგორ კოკოშკოვმა დაასახელა, რომელიც დღევანდელ მატჩს, საქართველოს წინააღმდეგ გუნდს ვერ გაუძღვება. მოგეხსენებათ, კოკოშკოვი სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელია და დღეს ევროლიგაში მისი გუნდი ბერლინის “ალბას” ეთამაშება.
ფილიპ პეტრუშევი, ნემანია დანგუბიჩი, ოგნიენ იარამაცი, მიროსლავ რადულიცა, დრაგან აპიჩი, ლუკა აშჩერიჩი, ბორისა შიმანიჩი, ალეკსა ავრამოვიჩი, მარკო რადოვანოვიჩი, დანილო ანჯუშიჩი, ნიკოლა რებიჩი, მარკო ლუკოვიჩი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები E ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელს, ევრობასკეტ 2022-ზე თამაში გარანტირებული აქვს, ჩვენი ნაკრები 4-დან 4 გამარჯვებით ჯგუფში სერბეთის, შვეიცარიისა და ფინეთის წინ იმყოფება.