“ინდიანასთან” მოგებულ მატჩში ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

“ინდიანასთან” მოგებულ მატჩში ფაჩულიას  ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ატლანტელებმა ნავსი გატეხეს და შინაურ კედლებში „ინდიანა“ დაამარცხეს – 97:87. ეს სულაც არ გახლდათ იოლი გამარჯვება. „ინდიანა“ მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად თამაშობს და ცხრილში ამ წაგებამდეც და მის მერეც „ატლანტაზე“ წინ იმყოფება.
ზაზა ფაჩულიას გუნდმა პირველი ტაიმის შემდეგ 18-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ ინდიანელები არ გატყდნენ და მესამე მეოთხედის 31:21 მოგების შემდეგ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტ მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაიმართა, რაც მოლიდერე ატლანტელებს აწყობდათ და მასპინძლებმა საბოლოოდ საწადელს მიაღწიეს.

ქართველის ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. ზაზამ მოედანზე 38,18 წუთში 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. როგორც ჩანს, ფაჩულია საკმაოდ პროდუქტიული იყო და ორმაგ დუბლამდეც მცირედი დააკლდა. ზაზამ 6 ორქულიანიდან 2 გამოიყენა, ხოლო 8 საჯარიმო სროლიდან კალათში 5 ტყორცნა მოათავსა.
17 მოგებითა და 9 წაგებით „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში კვლავ მეოთხე ადგილზეა. მის წინ სწორედ „ინდიანაა“, რომელსაც 17 მოგების წილ 8 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩში, 11 თებერვალს, „ატლანტას“ სერიოზული გამოცდა ელის: ორლანდოში „მეჯიქს“ ხვდება