ინტერვიუ “ბათუმის” მთავარ მწვრთნელ გარი არინინთან

დღეს, საღამოს 6 საათზე, ბათუმში კალათბურთი ბრუნდება. უფრო სწორად, სპორტის ეს სახეობა ამ ქალაქში ყოველთვის უყვარდათ, მაგრამ უკვე მეოთხე წელია, ბათუმელებს უმაღლეს ლიგაში გუნდი აღარ ჰყოლიათ. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდის, “ბასკოს” 2004 წელს დაშლის შემდეგ ბათუმელები წლევანდელ სეზონში უბრუნდებიან უმაღლეს ლიგას და სწორედ დღეს აქვთ მათ პირველი მატჩი მშობლიურ ქალაქში. ბათუმელებს ამჯერად მოკრძალებული ამბიცია ამოძრავებთ, რადგან დაფინანსება არ აქვთ უწინდელივით დიდი და რომ არა იმ ძველი “ბასკოს” ყოფილი წევრის, ივანე მაისურაძის ძალისხმევა, “ბათუმი” ვერ შეიქმნებოდა. მაისურაძე გუნდის მოთამაშეცაა და პრეზიდენტიც, ის ჯერჯერობით საკუთარი სახსრებით ინახავს გუნდს, თუმცა აჭარის ხელმძღვანელობა თანადგომას ჰპირდება…
 

 
– იმისთვის, რომ ქალაქის ხელისუფლება დაინტერესდეს კალათბურთით და დახმარება გაგვიწიოს, აუცილებად მოგებებია საჭირო – გვეუბნება ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი გარი არინინი, რომელსაც მის ახლადშექმნილ გუნდზე გავესაუბრეთ – მე არ ვამბობ, რომ ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ როცა  იგებ, ხალხს ინტერესი უჩნდება და ასეთი გუნდის შენახვა სამადლო არავისთვის იქნება. ამიტომაც, დღეს “მაკაბისთან” აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგაც წარმატებაზე ვიფიქროთ.
– არადა, პირველ ტურში, თბილისის სპორტის სასახლეში დიდი სხვაობით წააგეთ “ავიამშენთან”…
 – “ავიამშენი” გამოცდილი გუნდია, ჩვენზე ძლიერი და წელგამართული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “ბათუმი” ახლახან შეიკრიბა და ვარჯიში 16 ოქტომბრიდან დავიწყეთ.
– რატომ ასე გვიან?
– ის, რომ ბათუმს უმაღლეს ლიგაში გუნდი ეყოლებოდა, ძალიან მოულოდნელად გადაწყდა და ამის ინიციატორი ვანო მაისურაძე იყო. მან საკუთარი ხარჯებით გადაწყვიტა გუნდის შექმნა, თუმცა ქალაქის ხელისუფლებაც, ცხადია, საქმის კურსში იყო და მათ რომ დახმარება არ აღეთქვათ, ძნელად სავარაუდოა, ეს საქმე გამოსულიყო.
 

“ბათუმის” სათადარიგოთა სკამი “ავიამშენთან” მატჩისას
– სანამ თქვენს გუნდზე გავაგრძელებთ საუბარს, ის გვითხარით, “ბასკოს” დაშლის შემდეგ რატომ დაივიწყეს ბათუმში კალათბურთი?
– კალათბურთი არავის დაუვიწყებია, უბრალოდ უმაღლეს ლიგაში აღარ გამოვდიოდით და ამის მიზეზი დაფინანსების არარსებობა იყო. “ბასკოს” სოლიდური დახმარება ჰქონდა სახელმწიფოსგან და ამიტომაც იყო, ქვეყნის ჩემპიონები რომ არაერთხელ გავხდით და საერთაშორისო ასპარეზზეც თავი არ შეგვირცხვენია. მაშინდელი წარმატებების გამო იყო, ბათუმში საკალათბურთო ბუმი რომ იდგა. არც ერთ თამაშს არ ჩაუვლია ისე, რომ დარბაზი არ გავსებულიყო. ის კი არა, ერთხელ, შუა ზამთარში, როცა დარბაზმა გულშემატკივარი ვერ დაიტია, გარეთ დიდი ეკრანი გავიტანეთ და ხალხი ყინვაში უყურებდა “ბასკოს” თამაშს. ქობულეთიდან, შუახევიდან, ქედიდან და მეზობელი რეგიონიდანაც ბათუმში მოდიოდნენ ახალგაზრდები და ვარჯიშობდნენ. ჩვენს დარბაზში იდეალური პირობები იყო, რომელიც რევოლუციის შემდეგ კბილებით შევინარჩუნეთ, რომ აქამდე მოგვეტანა. “ბასკოს” დაშლის შემდეგ ამ დარბაზში კალათბურთის გარდა მგონი ყველა სახეობაში ჩატარდა არაერთი შეჯიბრი, თუმცა ახლა აღარავინ გვეცილება.
– ისევ აპირებთ ძველი ამბიციის დაბრუნებას?
– ჩვენი სურვილია, რომ ისევ უძლიერესები ვიყოთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჯერ საამისოდ ადრეა. ეხლა ვართ სახელდახელოდ შეკრებილები, ბიჭები მუშაობენ და როცა სცალიათ, ვარჯიშსაც მაშინ ვნიშნავთ. ხშირად მომხდარა, რომ დარბაზიდან ღამის 11 საათამდე ვერ გამოვსულვართ. ასეა, როცა დაფინანსება არ გაქვს, ვერავის დაავალდებულებ, რომ ვარჯიშებზე იაროს. ჯერჯერობით ასე ვიქნებით და ახალი წლიდან ვითარება გამოსწორდება. ქალაქის ხელისუფლება დაგვპირდა, რომ დაგვაფინანსებს. არის კიდევ რაღაც ვარიანტები და თუკი ის გამოვიდა, მერე მართლაც შესაძლებელია სერიოზულ შედეგბზე ფიქრი.
– თუ საიდუმლო არაა, რა ვარიანტებია?
– არ ვიცი, გამოვა თუ არა, მაგრამ ბათუმში მოსაქმიანე სერბი ბიზნესმენები დაინტერესდნენ ბათუმში კალათბურთის აღორძინებით. ხომ იცით, სერბებს როგორ უყვართ კალათბურთი და არ გამკვირვებია, ეს ამბავი რომ გავიგე. თუკი მათ სპონსორობა გაგვიწიეს, სამომავლოდ მართლაც კონკურენტუნარიან გუნდს გავაკეთებთ. წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყინული დაიძრა, უმაღლეს ლიგას დავუბრუნდით და თუკი თამაშებს მოვიგებთ, ბათუმში კვლავ დადგება საკალათბურთო ბუმი.