ინტერვიუ დავით უსტიაშვილთან

მწვრთნელი მშენებელი
რთულია ყოველ მეორე სეზონში სრულიად განსხვავებული გუნდით გაჩემპიონება და მით უმეტეს ძნელდება ამის გაკეთება, როდესაც წინა სეზონის შემადგენლობიდან ერთბაშად 7 წამყვანი მოთამაშის გარეშე რჩები.
რუსთავში კი მხოლოდ უმაღლეი ჯილდოსთვის იბრძვიან და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმაც “ენერჯი ინვესტს” მიჯრით მეორედ მოაგებინა სუპერლიგა და ამჯერად, ეს სულ სხვა შემადგენლობით გააკეთა.
“ენერჯიმ” 2007-08 წლების სეზონში სამი ტიტული ირგუნა (სუპერლიგის ჩემპიონი, დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული, სუპერთასის მფლობელი) და ამაში უდიდესია უსტიაშვილის დამსახურება, რომლის გუნდმაც ევროსარბიელზეც მოსინჯა ძალები და თუ ვინმეზე შეიძLებოდა იმის თქმა, რომ გუნდი გუნდური კალათბურთით აღწევდა წარმატებას, ეს, პირველ რიგში, მისი “ენერჯი ინვესტი” გახლდათ. ალალი იყო “ენერჯი ინვესტის” დამრიგებლის საუკეთესოდ დასახელებაც, რაც უსტიაშვილისთვის ზედიზედ მეორე აღიარებაა.
აღნიშნულ ინტერვიუში დავით უსტიაშვილი განვლილი სეზონზე საუბრობს.

– ბატონო დავით, პირველ რიგში სეზონის დასრულებას გილოცავთ. რამდენად წარმატებული იყო სეზონი “ენერჯი ინვესტისთვის”?- დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, სეზონი მთლიანობაში წარმატებული იყო, სამი ტიტული დავისაკუთრეთ და რომ არა წამყვანი მოთამაშეების ტრავმიანობა, მეტი გამარჯვებით ჩავამთავრებდით სეზონს, თუმცა, როგორც გითხარით, უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს.
– ტრავმებს ხელი რომ არ შეეშალა, ხუთივე ტურნირის მოგება რეალური იქნებოდა?- კი, ვთვლი, რომ ხუთივეს მოვიგებდით. ქორქია/საკანდელიძის მემორიალის წინ, ერთი დღით ადრე, ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის წამყვანმა მოთამაშემ, გიორგი გამყრელიძემ, რამაც გუნდს დიდი დარტყმა მიაყენა. გამყრელიძემ ბოლო ვარჯიშის ბოლო წამებზე მიიღო ტრავმა და ამის გამო, მემორიალის ჩატარება მის გარეშე მოგვიხდა. კი, გვყავდა მიხეილ ჩიტაშვილი, რომელიც სეზონის მსვლელობისას დავიმატეთ, მაგრამ გიორგის გარეშე თამაში მაინც ძალიან რთული იყო. მიუხედავად ამისა, შევძელით მობილიზება და გამარჯვებასთანაც საკმაოდ ახლოს ვიყავით, თუმცა გადამწყვეტ მომენტში იღბალმა ზურგი შეგვაქცია. საქართველოს თასის გათამაშებაზეც არ გაგვიმართლა და გამყრელიძე რომ ჯანმრთელი გვყოლოდა, იმ ტურნირს ჩვენი გამარჯვებით დავასრულებდით. გაიხსენეთ იგივე მატჩი თსუ-ს წინააღმდეგ, როდესაც დავით ბარბაქაძემ საფინალო სირენასთან ერთად ურთულესი სიტუაციიდან ჩაგვიგდო ბურთი და ამის გამო წავაგეთ.
– დავუშვათ, წაგეგოთ სუპერთასი. რამდენად წარმატებულად ჩაითვლებოდა სეზონი იმის ფონზე, რომ “თბილავიამშენს” თქვენზე ერთი ტიტულით მეტი ექნებოდა მოგებული?- სუპერთასის წაგება რა თქმა უნდა, მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ სეზონი ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებული იქნებოდა, რადგან “ენერჯი ინვესტმა” მოიგო სუპერლიგა, მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები. ჩემპიონობის მოპოვება ყველაზე რთული პროცესია, რადგან თუ სხვადასხვა სახის მემორიალები (რომლებიც ჩვენი გუნდისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენენ) მოკლე დროში მთავრდება, სუპერლიგის ჩემპიონატის წარმატებით დასრულება გაცილებით დიდ სამუშაოსთან, დროსთან, ენერგიასთან არის დაკავშირებული. რაციონალურად უნდა გადაანაწილო ძალები, მაქსიმალურად ეცადო საუკეთესო მოთამაშეები და არა მარტო ისინი, მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის საუკეთესო ფორმაში, დასვენებულები და ამავე დროს, ფორმის პიკში იყვნენ. თუნდაც ერთი ტიტული მოგვეგოს და ეს სუპერლიგის ჩემპიონობა ყოფილიყოს, სეზონი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებული იქნებოდა.
– წინა სეზონის შემდეგ გუნდი შვიდმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა – გუნდიდან წავიდნენ ბოიან მალეშევიჩი, გიორგი მარკოიშვილი, ვლადიმერ ბეჟანიშვილი, კოტე ტუღუში, დავით უგრეხელიძე, დავით ბერძენიშვილი და ვახტანგ მინაშვილი. რამდენად რთული იყო სრულიად ახალი გუნდით უმაღლესი მიზნის მიღწევა?- წარმოუდგენლად რთული იყო, რადგან თქვენს მიერ ჩამოთვლილი ყველა მოთამაშე დიდ ძალას წარმოადგენდა და მათი ასე, ერთი ხელის მოსმით შეცვლა რთული გახდა. დავიმატეთ ზვიად ბაბიაშვილი, იოვან სტეფანოვი, ბესიკ ლეჟავა. ბელტონ რივერსსა და ანვარ ფერგიუსონის დამატება კი იმდენად ხანმოკლე იყო, რომ მიუხედავად ბელტონის სიძლიერისა, მათ ძალიან ცოტა შეხვედრა ჩაატარეს და აქედან გამომდინარე, საბოლოო წარმატებაშიც მცირე როლი ითამაშეს. ლეჟავასთან ადრეც მქონდა ნამუშევარი, ბაბიაშვილთან და სტეფანოვთან კი სეზონის მსვლელობისას არავის გასჭირვებია საერთო ენის გამონახვა და მადლობა ღმერთს, მათი აკლიმატიზაციის დროც მოსალოდნელზე სწრაფად დასრულდა. ამ ორი გუნდის შედარებისას, შემიძლია გითხრათ, რომ პლუსები და მინუსები ორივეს ჰქონდა, თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით, როდესაც ორი გამოკვეთილი ცენტრი გვყავდა უგრეხელიძისა და ბერძენიშვილის სახით, წელლს სტეფანოვიცა და ბაბიაშვილიც ცენტრად ამ ამპლუის სიცარიელის გამო დავაყენე. თუმცა, როგორც იოვანმა, ასევე ზვიადმაც კარგად ითამაშეს და თუ რომელიმე ცენტრს სიმაღლეში ჩამოუვარდებოდნენ, სისწრაფისა და შეუპოვრობის ხარჯზე ფარიდან ასხლეტილი ბურთების მოხსნას მაინც ახერხებდნენ და ქულებსაც ბევრს და დროულად აგროვებდნენ. რეგულარულის მსვლელობისას თსუ-დან დავიმატყეთ მიხეილ ჩიტაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივად სწრაფი მოთამაშეა და მართალია, თავიდან ოდნავ გაუჭირდა გუნდთან საერთო ენის გამონახვა, მერე და მერე კარგად ჩაჯდა კოლექტივში და ბევრი სარგებელიც მოგვიტანა. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ სეზონის მსვლელობისას მოგვიხდა ანატოლი ბოისასთანაც განშორება, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ესეც დანაკლისი იყო. მოკლედ, გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი მშვენივრად დასრულდა.
– შარშანდელი სეზონისას მცირე სათამაშო დრო ეძლეოდათ მიხეილ ჭოჭუასა და ლევან ცეკვავას. წელს, მათ თითქოს მეტი უნდა ეთამაშათ, მაგრამ დრო მაინც მცირედი მიეცათ. – მიხეილ ჭოჭუას ბოლოსკენ, უფრო კონკრეტულად კი ფლეი ოფეფში უკვე სოლიდური დრო ეძლეოდა და მინდა გითხრათ, რომ მან ჩემი ნდობა გაამართლა და გუნდს ბევრი საჭირო ქულა მოუტანა. რა თქმა უნდა, მისი თამაში ჯერაც დასახვეწია, მაგრამ ნამდვილად შემიძლია იმის თქმა, რომ ჭოჭუა ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. რაც შეეხება ცეკვავას, მას სეზონის მსვლელობისას გარკვეული პრობლემები, ბოლოს ოჯახური სახის შეექმნა და ამან მთელი ჩემპიონატისას ოპტიმალური ფორმის შენარჩუნების საშუალება არ მისცა. ცეკვავას ვენდობით, თუმცა მან საკუტარ თავზე უნდა იმუშავოს და სხვასხვა ნიუანსებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. ცეკვავას დიდი პოტენციალი აქვს და იმედი მაქვს, იგი მომავალ სეზონში კიდევ უფრო მოუმატებს. ერთიცა და მეორეც ჯერაც ახალგაზრდაა, დიდი შესაძლებლობების მქონე მოთამაშეა და ორივეს შეუძლია მომატება.
– ანუ, ახლა გუნდს რომ აყენებდეთ, ცეკვავასა და ჭოჭუას დაიტოვებდით?- კი, დავიტოვებდი.
– ბატონო დავით, სზონის მსვლელობისას ანატოლი ბოისა მყარად იდგა სამ ნომერზე ძირითადში, მერე კი ამ პოზიციაზე ფორსირებულად რამაზ გოგობერიშვილის დაყენება მოგიხდათ. მზად აღმოჩნდა თუ არა გუნდის კაპიტანი სათამაშო დროის მკვეთრად გაზრდისთვის და საერთოდაც, როგორ შეაფასებდით მის სეზონს?- გოგობერიშვილი ჩვენი გუნდის ყველაზე გამოცდილი მოთამაშე და “ენერჯი ინვესტის” კაპიტანია. მას მცირე სათამაშო დრო არც მანამდე ჰქონია, თუმცა როგორც კი სასტარტოში დადგა, მოუმატა, გაუმჯობესდა მისი დაცვაც, სხვა ნიუანსებიც და მთლიანობაში, გოგობერიშვილს საკმაოდ კარგი სეზონი გამოუვიდა. რამაზიმ ბევრი საჭირო მონაკვეთი მოგვაგებინა და თუ ძველებურად სწრაფი ვეღარ იყო, ამის კომპენსირებას უდიდესი გამოცდილების ხარჯზე ახერხებდა. გოგობერიშვილი მოედნის თითო მეტრისთვის იბრძოდა, არაფერს თმობდა და ახალგარზდებს მაგალითს აძლევდა. ფლეი ოფში გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და გოგობერიშვილმაც ამის ხარჯზე ბევრი სასიკეთო რამ მოგვცა.
– ახსენეთ მიხეილ ჩიტაშვილი, რომელმაც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა ფლეი ოფი.- კი, ნამდვილად კარგად ჩაატარა, თუმცა რეგულარულშიც საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა. როგორც გითხარით, მსა გარკვეული დრო დასჭირდა გუნდთან შესაგუებლად, ხანდახან ნაკლები დრო ეძლეოდა, ხოლო რიგ მატჩებში იმდენად კარგად შედიოდა, ერთვებოდა თამაშში, რომ მას მოედანზე მეტი ხნით ვტოვებდი. ჩიტაშვილის მთავარი კოზირი სისწრაფეა, თუმცა შესაშური ფიზიკური კონდიციების გარდა, ამ მოთამაშეს სხვა პლუსებიც უხვად აქვს და შემიძლია ვთქვა, რომ წამითაც არ შემპარვია ეჭვი ჩიტაშვილი არც რეგულარულსა და არც ფლეი ოფში. მიშამ გუნდს ბევრი სასიკეთო რამ შემატა.  იმ დროს, როდესაც იგი მოედანზე გამყრელიძესთან ერთად იდგა, მოწინააღმდეგეებს სისწრაფის ხარჯზე აშკარად ვჯობნიდით. მგონი, ეს თვალშისაცემი იყო.
– დაგვეთანხმეთ, რომ ძალიან არასტაბილური სეზონი გამოუვიდა ბესიკ ლეჟავას. რა იყო ამისი მიზეზი?- ბესიკ ლეჟავას მთავარი იარაღი მისი საშუალო და შორეული სროლაა, სროლა კი ხან გამოგივა და ხან – არა. მიუხედავად იმისა, რომ ლეჟავას გაცილებით უკეთ შეეძლო თამაში, მთლიანაობაში მას ცუდი სეზონი მაინც არ ჰქონია, თუმცა გეთანხმებით, ბევრად უკეთ გამოსვლა შეუძლია და შეეძლო კიდეც. რეგულარულის არცთუ მაღალ დონეზე, არასტაბილურად დასრულების შემდეგ, ლეჟავა ერთ-ერთი საუკეთესო იყო “ვითასთან” ნახევარფინალურ სერიაში, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი სამიანი ჩააგდო და დაცვაშიც კარგად გამოიყურებოდა. მერე კი იყო ფინალური სერია, რომელშიც ბესოს თავიდან სროლაც წაუვიდა, დაცვაშიც კარგი იყო, მერე კი მოხდა ინციდენტი მასსა და რიჩარდ მათიაშვილს შორის, რომლის შედეგად ლეჟავას ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, თუმცა ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ბესოს გაგდება არასამართლიანი იყო. ტექნიკური შენიშვნაც საკმარისიც იქნებოდა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ლეჟავასთვის ეს პირველი ფინალური სერია იყო და ცხადია, ამას თან ერთვოდა ნერვიულობა, რაც ახალგაზრდა მოთამაშისთვის ასეთ სიტუაციებში დამახასიათებელია.
– თავიდანაც ახსენეთ, გამყრელიძე რომ არ დამტვრეულიყო, ყველა ტურნირის მოგება საკმაოდ რეალური იქნებოდაო. რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა გიორგი “ენერჯი ინვესტისთვის”?- შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანიც კი. გამყრელიძე ფინალური სერიისას ნახევრად დაშლილი თამაშობდა, თამაშამდეც და მისი დასრულების შემდეგაც დაშავებულ სხეულს ასვენებდა, ფეხზე ყინულის ბალიშებს იდებდა, სპეციალური კორსეტი ეკეთა წელზე, რადგან რიჩარდ მათიაშვილთან შეჯახების მერე, წელის საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო. ფინალში გამყრელიძემ და სტეფანოვმა არაჩვეულებრივად ითამაშე და ჩემი აზრით, წლის საუკეთესო მოთამაშე სწორედ გიორგი გამყრელიძე იყო.
– საუკეთესოდ კი კოტე ტუღუში დასახელდა.- კოტესაც ძალიან სერიოზული სეზონი ჰქონდა და განსაკუთრებით ძლიერად მან ფინალური სერია ჩაატარა, როდესაც “თბილავიამშენში” აშკარა ლიდერი იყო. ქულებსაც ბევრს აგროვებდა, მოხსნებშიც მაგარი იყო, დროულ პასებს აკეთებდა და მთლიანობაში, მაღალ დონეზე ითამაშა. კოტეს გულით ვულოცავ ამ წარმატებას. ამ პრიზის გადაცემა ასევე შეიძლებოდა იოვან სტეფანოვისთვის, გამყრელიძე კი მანამდე ვახსენე. ფინალებში იოვანმა უმაღლესი დონის კალათბურთის დემონსტრირება მოახდინა. თუ რუსთვულ მატჩებში “ენერჯი ინვესტში” საუკეთესო გამყრელიძე იყო, ბოლო ორი შეხვედრა ყველაზე მაღალ დონეზე სტეფანოვმა ჩაატარა. ფინალების საუკეთესო მოთამაშის ტიტული რომ ყოფილიყო, ხმები ორად გაიყოფოდა, რადგან გიორგიმ და იოვანმა ეს ჯილდო თანაბრად დაიმსახურეს.
– ბატონო დავით, საუბრის ბოლოს კი გილოცავთ სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულსაც!- დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვედგა. გუნდის ხელმძღვანელებმა “ენერჯი ინვესტს” საუკეთესოდ მომზადებისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნეს და ამ ხალხს კალათბურთი ასე რომ ყვარებოდა, რუსთავში ამდენად ძლევამოსილი გუნდი ვერანაირად ვერ აშენდებოდა. განსაკუთრებული მადლობა კი მსურს, “ენერჯი ინვესტის” ყველა გულშემატკივარს გადავუხადო. ჩვენი ფანების გარეშე ამდენს ვერ მივაღწევდით. თბილისში თამაშის დროსაც იმდენი გულშემატკივარი გვედგა გვერდით, რომ აქაც რუსთავი გვეგონა. მომავალშიც თქვენი დიდი იმედი გვაქსვ, “ენერჯის” ფანებო.