ინტერვიუ გელა წულაძესთან

თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ჯგუფში პირველი სამი შეხვედრა წააგო. იტალიასთან დიდი სხვაობით წაგების შემდეგ, ჩვენმა კადეტებმა მომდევნო ორი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და წაგების მიუხედავად, საკმაოდ კარგად ითამაშეს.
საქართველოს კადეტთა ნაკრების პირველ სამ შეხვედრაზე გავესაუბრეთ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გელა წულაძეს.
– ბატონო გელა, მოდით, იტალიასთან შეხვედრით დავიწყოთ. რა გახდა ასეთი დიდი სხვაობით წაგების მიზეზი?- სიმართლე გითხრათ, ახლა, როდესაც ნაკრებმა უკვე სამი შეხვედრა ჩაატარა, თავადაც გვიჭირს მიზეზების პოვნა. ერთადერთი, რითაც შეიძლება იტალიასთან ასეთი სხვაობით წაგება ავხსნა, ფსიქოლოგიური ფაქტორია და ის, რომ ნაკრებს გაცილებით კარგად შეუძლია გამოსვლა, შემდეგი შეხვედრებიდანაც გამოჩნდა, როდესაც საკმაოდ ძლიერ რუსეთსა და კარგ, მებრძოლ უკრაინას კინაღამ მოვუგეთ. თანაც, იტალიელებმა თავიდანვე რაღაც წარმოუდგენელი პროცენტით შეასრულეს სამქულიანები. მოკლედ, ჩვენი დღე არ იყო. შემდეგ, როდესაც ვიდეოჩანაწერი ვნახეთ, თავადაც გვიკვირდა, რომ იტალიასთან ამდენით წავაგეთ. კარგი, სწრაფი გუნდია იტალია, მაგრამ იგივე ესპანეთთან ახლოსაც ვერ დგება. იტალია მთელი მატჩების განმავლობაში, მთელ მოედანზე მჭიდრო პრესინგს თამაშობს.
– გაცილებით უკეთ ითამაშა ნაკრებმა უკრაინასთან შეხვედრაში.- კი, უკრაინასთან კარგად წაგვივიდა თამაში და თავიდანვე ჩამორჩენის მიუხედავად, ნელ-ნელა დავალაგეთ ყველაფერი და შეგვეძლო, შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დაგვესრულებინა. ბოლო წუთზე მოვლენები საკმაოდ დრამატულად წარიმართა. ვაგებდით 1 ქულას, როდესაც უკრაინელები ჩვენს საუკეთესო მექულეზე, მერაბ ბოქოლიშვილზე დაჯარიმდნენ. სამწუხაროდ, ბოქოლიშვილმა პირველი საჯარიმო გააფუჭა და მეორე კი გამოიყენა, მაგრამ ამით ანგარიში მხოლოდ გათანაბრდა. უკრაინელებს საპასუხო შეტევისთვის ექვსი წამი რჩებოდათ და სამწუხაროდ, ჩვენები მათ ერთ-ერთ მოთამაშეზე ეგრევე დაჯარიმდნენ. გაგვიმართლა, რომ უკრაინელმა ორივე საჯარიმო გააფუჭა და დარჩენილ 5 წმაში უკვე ჩვენ შეგვეძლო შეგვეტია, მაგრამ ფარიდან ასხლეტილი ბურთი ეგრევე ვერ ავიღეთ და საბოლოოდ, მატჩი დამატებით დროში გადავიდა. სამწუხაროდ, ძირითადის იმ ბოლო შეტევისას, როდესაც უკრაინელებს ორი ჯარიმა ვასროლინეთ, მეხუთე პერსონალური შენიშვნა ბოქოლიშვილმა მიიღო და დამატებითში უკვე მის გარეშე მოგვიხდა თამაში. ბოქოლიშვილი რომ გვყოლოდა, მოგების დიდი შანსი გვრჩებოდა.
– ბოქოლიშვილი ჯერჯერობით ტურნირის საუკეთესო მექულეა.- კი, საკმაოდ კარგად თამაშობს და მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს თამაშის ხარისხს.
– რუსეთთან ბოქოლიშვილის ანგარიშზე 30 ქულაც კი იყო.- კი, რუსეთთან საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრით ჩამოვრჩით, თანაც, უკრაინასთან დამქანცველი შეხვედრის შემდეგ დაღლილებიც ვიყავით, არ მეგონა თუ ნაკრები ასე კარგად ჩაატარებდა დასკვნით ეტაპს. წარმოიდგინეთ, ძირითადის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ვაგებდით 12 ქულას, მაგრამ 8 უპასუხო ქულა დავაგროვეთ და საფინალო სირენას 30 წამი რომ აკლდა, ბოქოლიშვილი –4-ზე ორ საჯარიმოს ასრულებდა. სამწუხაროდ, მან ორივე საჯარიმო გააფუჭა. არადა, რომ ჩაეგდო, ორ ქულამდე შემცირდებოდა სხვაობა და დარჩენილ დროში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
– ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება, არა?- კი, ნამდვილად საინტერესოდ ვითარდება. ძალიან დაძაბული იყო რუსეთისა და იტალიის შეხვედრა, სადაც ერთი კურიოზული მომენტი დაფიქსირდა. რუსებმა თამაშიდან ჩააგდეს, მაგრამ ქულები მათ ნაცვლად, იტალიელებს დაუწერეს. მერე, როდესაც რუსების მწვრთნელებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ერთი ამბავი ატეხეს, მსაჯებმა მათ კუთვნილი ქულები კი დაუწერეს, მაგრამ იტალიელებისთვის ქულები არ დაუკლიათ. ბოლოში კიდევ, რუსეთი იგებდა, მაგრამ ერთ-ერთმა იტალიელმა ლამის ცენტრთან მიიღო ბურთი, შემოტრიალდა და ჩააგდო. იტალიამაც ასეთი კურიოზული სროლით მოიგო შეხვედრა.
– ვინ მიგაჩნიათ ამ ეტაპზე, ტურნირის საუკეთესო გუნდად?- ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერად, თურქეთი გამოიყურება, ვისაც, სხვათა შორის, უკრაინამ პირველი ტაიმიც კი მოუგო და მხოლოდ ბოლოში დამარცხდა. ძლიერი გუნდებიც უფრო ჩვენს ჯგუფშია შეკრებილი, მეორე ჯგუფში კი ყველა ყველას უგებს და ფავორიტის გამორჩევაც რთულია.
– ესე იგი, მეოთხე შეხვედრაში ტურნირის მთავარ ფავორიტს ხვდებით?- კი, თურქეთს ვეთამაშებით, ხოლო ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში კი სლოვენიის ნაკრებს შევხვდებით.