გასულ წლის სექტემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას, რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ ბლატმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებს დატოვებდა. დასრულდა მუნდიალი და ბლატი პოსტზე დარჩა: განაცხადა, მოვიფიქრებ, დავრჩე თუ წავიდეო. ამ ფიქრს წერტილი ახლაღა დაესვა. ებრაელი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად თელ ავივის „მაკაბის“ წვრთნის, რუსეთის ნაკრებში დარჩენას დათანხმდა და ეს ჟურნალისტებთან საუბარშიც დაადასტურა. მოგეხსენებათ, რუსეთი საქართველოს მეტოქეა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე და ქართველ გულშემატკივრებსაც, ცხადია, დააინტერესებთ რუსების თავკაცის ეს ინტერვიუ…
– ამ კვირაში მართლა მიემგზავრებით მოსკოვში? – ეკითხება დევიდ ბლატს „სპორტ–ექსპრესის“ ჟურნალისტი ელი შვიდლერი.
– დიახ. ყველაფერი მოლაპარაკებული და შეთანხმებულია. მოსკოვში დავესწრები რუსეთის კალათბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომას, სადაც ვაპირებ, სიტყვით გამოვიდე და დავადასტურო ჩემი ნაკრებში დარჩენა. ამით ჩვენი კონტრაქტი ჩვეულებრივ გაგრძელდება. ის არც გაწყვეტილა.
– როგორც ჩანს, თქვენ საერთო ენა გამონახეთ რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტ ალექსანდრ კრასნენკოვთან…
– თავიდანვე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კრასნენკოვი სერიოზული, გამგებიანი ადამიანია. ეს აზრი მასთან ყოველი საუბრის შემდეგ მიძლიერდებოდა. პრინციპში, მე არასდროს მქონია რუსეთის კალათბურთის ფედერაციასთან პრობლემები. ყველა პირობა სრულდებოდა. საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებაში მნიშვნელოვანი პრობლემები არ იქმნებოდა. რაც შეეხება კრასნენკოვს, ახლა ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ მისი გადადგმული ნაბიჯები რუსული კალათბურთის განვითარებისთვის აუცილებელია.
– თელ ავივის „მაკაბი“ არ ეწინააღმდეგება რუსეთის ნაკრებში თქვენს მუშაობას?
– „მაკაბის“ ხელმძღვანელებთნ ყველაფერი შეთანხმებული მაქვს და პრობლემას არ მიქმნიან.
– როდის შეუდგებით ევროპის ჩემპიონატისთვის რუსეთის ნაკრების მომზადებას?
– „მაკაბისთვის“ სეზონი მაისის ბოლოს მთავრდება, ხოლო ევროპის ჩემპიონატი აგვისტოს ბოლოს იწყება. ასე რომ, მთელი 3 თვე გვაქვს მოსამზადებლად, რაც სრულიად საკმარისია, რათა სათამაშო კონცეფცია შევიმუშაოთ. მით უფრო, რუსეთის ნაკრებს გარკვეულწილად უკვე ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი სათამაშო სტილი.
– იმ ხისტ დაცვაზე ამბობთ, რომელმაც რუსეთის ნაკრებს 2007 წლის ევროპის ჩემპიონატი მოაგებინდა, ხოლო ახლა ევროლიგაში „მაკაბისთვის“ გამარჯვებები მოაქვს?
– სიკეთისგან სიკეთეს არ ეძებენ. ასე იცით ხომ რუსებმა თქმა?! ცხადია, მხოლოდ დაცვაზე არ გავაკეთებთ აქცენტს. ვარჯიშები მრავალმხრივი იქნება და მათი რაობა უპირველესად თავად მოთამაშეებზე და მათ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. ისე კი, მივიჩნევ, რომ ნებისმიერი გუნდისთვის დაცვა წარმატების საწინდარია.
– უკვე შეარჩიეთ ის მოსამზადებელი ტურნირები, რომლებშიც რუსეთის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას?
– რამდენიმე ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. მაგალითად, 22–24 აგვისტოს ისრაელში ვითამაშებთ, სადაც მასპინძლებთან ერთად ჩვენი მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება, ხოლო მეოთხე მონაწილის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
– ტრადიციული კითხვა: კირილენკო ჩამოვა?
– ანდრეისთვის ნაკრების კარი მუდამ ღიაა. ის შესანიშნავი მოთამაშე და ნბა–ს დონის ვარსკვლავია. ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა კირილენკოს გუნდში ყოლას. იმედი მაქვს, ის ნაკრებში ამჯერად ჩამოვა (კირილენკომ 2009 წლის ევროპის და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატები გამოტოვა).
– რუსეთს კენჭისყრამ აშკარად გაუმართლა. ეცდებით, თუ არა, რომ მომდევნო ეტაპზე ჯგუფში ერთ–ერთი მოწინავე ადგილიდან გახვიდეთ?
– ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან არ ვიცით, რეალურად როგორ შემადგენლობას მოვუყრით თავს. თუკი ყველა, ან თითმის ყველა ის მოთამაშე ჩამოვა, რომელსაც ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მოიწვევს, მაშინ სხვა საქმეა. ასეთ შემთხვევაში, მე შემიძლია იმის გარანტია მოგცეთ, რუსეთის ნაკრები იქნება ძლიერი გუნდი და მხოლოდ უმაღლესი შედეგებისთვის იბრძოლებს.
– ამაში ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას გულისხმობთ?
– ვფიქრობ, მოვლენათა ჩვენდა სასარგებლოდ განვითარების შემთხვევაში, ამ მიზნის მიღწევა სავსებით რეალურია.
– გეგმავთ თუ არა რუსეთის ნაკრებში ნატურალიზებული მოთამაშეების მიწვევას?
– ვერ გეტყვით. შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნატურალიზებული მოთამაშეების გარეშე გავედით ფონს. შესაძლოა, ლიტვაშიც ასე მოხდეს, თუმცა ჯერ მხოლოდ თებერვალია, წინ დიდი დროა და გადაწყვეტილებასაც მოგვიანებით მივიღებთ.
– აპირებთ თუ არა ნაკრებში ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების მიწვევას?
– ნაკრების მწვრთნელთა შტაბი გულისყურით აკვირდება ყველა პერსპექტიულ მოთამაშეს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. კონკრეტული გვარების დასასახელებლად ჯერ მზად არ ვარ. ერთადერთი, რაშიც შემიძლია, დაგარწმუნოთ, ისაა, რომ შემადგენლობა მხოლოდ პროფესიონალურ საფუძველზე შეირჩევა. თითოეული კანდიდატის პოტენციალს გავითვალისწინებთ. ასე ხდებოდა აქამდეც.
– დასვენებას არ აპირებთ? 4 შვილის მამისთვის ეს საკითხი მეტად აქტუალურია.
– დასვენებისთვის როგორმე გამოვნახავ მცირე დროს. იმედი მაქვს, მოვახერხებ.