ინტერვიუ ტაირონ ელისთან
საქართველოს ერთგული ვარ
მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი სტაბილური ტაირონ ელისი გახლდათ. უკანახაზელი, რომელიც ციკლის დასაწყისში იტალიური “ელდო ნაპოლის” წევრი იყო, მერე კი ესპანური “კახა სან ფერნანდოს” შემადგენლობაში ჩაირიცხა, პერმანენტულად ირიცხებოდა ყველა შეხვედრის საუკეთესო მექულეებში და საქართველოს ნაკრებში მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად, დაცვაშიც გამორჩეული იყო.ტაირონი გულშემატკივრებშიც საკმაოდ პოპულარულია. მისივე თქმით, ვარჯიშებს შორის ერთ-ერთი შესვენებისას იგი პიცერიაში დაუპატიჟებიათ, სადაც ტაირონი მომუშავე პერსონალიდან დაწყებული, სტუმრებით დამთავრებული, ბევრმა იცნო, ხოლო ელისი კი მალე პიცერიას თავისი ავტოგრაფით დამშვენებულ მაისურსაც აჩუქებს.“იქნებ რუმინეთმა შვეიცარიას მოუგოს, ყველა პირად მიღწევას ეგ მირჩევნია”, ამბობდა ელისი ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, რომელიც სამწუხაროდ, მასპინძლის, ანუ შვეიცარიის გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა.ელისის ქართული ეპოპეა არ დასრულებულა. შემდეგ შესარჩევ ციკლზე (ტაირონის თქმით) იგი ულაპარაკოდ იქნება საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში და ერთხელაც ეცდება, გუნდს უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დაეხმაროს.ეს ინტერვიუ შვეიცარიისა და რუმინეთის მატჩის შემდეგ გაკეთდა. საქართველოს ნაკრები, “კახა სან ფერნანდო”, პირადი ცხოვრება, ვარჯიშები კევინ გარნეტთან ერთად და კიდევ ბევრი საინტერესო ნიუანსი – ყველაფერს ამას ტაირონ ელისის აღნიშნული ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ტაი, რუმინეთმა წააგო, რითაც საბოლოოდ შეგვიძლია საქართველოს ნაკრების საამციკლო გამოსვლის შეჯამება. თქვენი აზრით, რატომ ვერ გავედით A დივიზიონში?- ამა თუ იმ გუნდის წარუმატებელ გამოსვლას, ისევე როგორც ნებისმიერ ტრიუმფს, ყოველთვის აქვს ახსნა. ვეცდები, არაფერი გამომრჩეს. დავიწყოთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობით. დამეთანხმეთ, რომ ამ მხრივ, არათუ ისლანდიასა და ავსტრიას, მგონი, ფინეთსაც ვჯობნით. გვყავს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ზაზა ფაჩულიას სახით, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მალე ამერიკაშიც გამორჩეული გახდეს. ვლადიმერ ბოისა, მანუ (მანუჩარ მარკოიშვილი), ნიკა ცქიტიშვილი, როდესაც იგი გუნდთან ერთადაა და სხვებიც – ამ ნაკრებს ქვედა დივიზიონში არაფერი ესაქმება. შეხედეთ ფინეთს. თუ არ ვცდები, გუნდს მხოლოდ 4 ლეგიონერი ჰყავს, მაგრამ ჩვენ მათთან მატჩებში მაინც სერიოზული პრობლემები გვექმნება. ესე იგი, კონკრეტულ შეხვედრაში ნაკრების წევრებმა გუნდს რაღაცა დავაკელით, ყველამ ბოლომდე ვერ გამოამჟღავნა თავისი შესაძლებლობები, გარკვეულწილად არც გაგვიმართლა. ის, რაც ისლანდიაში მოხდა, ძალიან იშვიათია, თუმცა მაინც მგონია, რომ იმ ბოლო შეტევამდე საქმე არ უნდა მიგვეყვანა. ყველამ ვიცოდით, რომ ისლანდია საკუთარ მოედანზე არაჩვეულებრივი მოტივაციით თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაკრებს A დივიზიონში გადასვლის არანაირი შანსი არ ჰქონდა, ურთულესი თამაშისთვის ვემზადებოდით. ამას კენ შილდსიც მუდმივად გვახსენებდა, თან გვეუბნებოდა, ისლანდია უბრძოლველად არაფერს დაგვითმობსო. უშუალოდ თამაში კი თქვენც ნახეთ და ალბათ, გარკვეულ დასკვნებს გამოიტანდით. – ისლანდიასთან საკუთარ თამაშზე რას იტყვით?- 10-დან ალბათ, 6 ქულას დავუწერ ტაირონ ელისის გამოსვლას. უფრო აქტიური უნდა ვყოფილიყავი, ალბათ, რამდენიმე ეპიზოდში პასი არ უნდა გამეკეთებინა და უნდა მესროლა. სხვას ვერაფერს გეტყვით.- კენ შილდსმა ისლანდიასთან მატჩამდე ყველა მოთამაშეს მეტოქის წევრებზე ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდათ. ოპონენტი საფუძვლიანად გყავდათ შესწავლილი?- კი, საკმაოდ საფუძვლიანადაც კი. უბრალოდ, როგორც გითხარით, ყველაფერი ყოველთვის გეგმისამებრ არ მიდის.- საკვალიფიკაციო შეხვედრებამდე საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი ციკლი გაიარა, სადაც A დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთ ფავორიტს, ინგლისის ნაკრებსაც შეხვდა. – ინგლისს პირველი მატჩი მოვუგეთ და უნდა გენახათ, როგორ ეთამაშა ლუოლ დენგს მანუ. არაჩვეულებრივად! ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ხომ ვსაუბრობთ “ჩიკაგო ბულზის” ერთ-ერთ ლიდერზე, რომელიც ნელ-ნელა მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. მეორე მატჩის პირველ ნახევარში კი საქართველოს ნაკრებმა ჩემი აზრით, თავისი საუკეთესო სათამაშო მონაკვეთი ჩაატარა. 10 ქულას ვიგებდით და ყველაფერი გამოგვდიოდა, თუმცა მერე და მერე შეცდომებს ვუმატეთ, ინგლისმა კი მესამე მეოთხედის დასაწყისში ზედიზედ რამდენიმე სამიანიც ჩააგდო. საბოლოო ჯამში, ერთი შეხვედრა მოვიგეთ, მეორე კი დავთმეთ. ინგლისი და საქართველო დაახლოებით ერთი დონის გუნდები არიან და საწყენია, რომ ინგლისი, ალბათ A დივიზიონში გადავა, ჩვენ კი კიდევ ერთი საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარება მოგვიწევს.- ინგლისი უფრო ძლიერია თუ ფინეთი?- ინგლისიც, ფინეთიცა და საქართველოც დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდები არიან. ინგლისს ჰყავს დენგი და ბეტსი, ჩვენ ფაჩულია, მანუ და ბოისა, ხოლო ფინეთს კი ასევე ორი ვარსკვლავის, მოტოლასა და რანიკოს იმედი აქვს.- უშუალოდ შეკრებაზე რას იტყვით?- ნორმალური, მუშა შეკრება გავიარეთ. ზოგს არ მოსწონდა, რომ ოთახებში არ იყო ტელევიზორი, მაგრამ იყო ინტერნეტი და თუ რაიმეს გაგება ან ნახვა გსურდა, ამის გაკეთება ინტერნეტითაც შეგეძლო. ეს იყო ნაკრების შეკრება და არა დისნეი ლენდში ექსკურსია. ასე რომ, ყველაფერი ნორმალურად იყო. ერთადერთი, რამაც დაგვღალა, ისლანდიაში მგზავრობა იყო, მაგრამ სხვა მარშრუტი არ არსებობდა და ვერაფერს შევცვლიდით.- მოდით, თქვენი თანააპლუელები, გიორგი გამყრელიძე და გიორგი ცინცაძე დაახასიათეთ.- ერთმაც და მეორემაც მაგრად მოუმატა, თუმცა მაინც მგონია, რომ ბუ (ცინცაძე) უფრო მეორე ნომერია, ვიდრე ფლეიმეიქერი. გამყრელიძე კი ძალიან სწრაფია, სროლაც უწინდელზე უკეთესი აქვს და მჯერა, რომ სულ მალე იგი რომელიმე ძლიერ ევროპულ ლიგაში გადავა სათამაშოდ.- ტაი, დარწმუნებული ვარ, აქ ჩამოსვლამდე ნამდვილად დაფიქრდებოდით, თუ როგორ მიგიღებდათ ქართველ გულშემატკივართა წრე?- თავისთავად, ეს ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ნამდვილად არ მსურდა, საქართველოს წინაშე მხოლოდ მოთამაშის ვალდებულების შესრულება. თქვენი მენტალიტეტის გაგება, საქართველოს ისტორიული ადგილების მონახულება – ეს ნაწილობრივ გავაკეთე, თუმცა გული მწყდება, რომ ბოლომდე ვერ მოვახერხე იმ ყველაფრის გაკეთება, რაც ჩემს დიდ დავთარში ეწერა.- პიცერიის ამბავი გავიგეთ.- ნასიამოვნები და სიმართლე გითხრათ, გაკვირვებულიც კი დავრჩი. აუცილებლად გადავცემ იმ პიცერიის მფლობელს ჩემს მაისურს. იმედი მაქვს, იქვე დაკიდებს. პიცაც გემრიელი იყო და არაჩვეულებრივი ქართული ღვინოც მივირთვი.- ღვინოც?!- ერთი ჭიქა (იცინის). რეჟიმი არასოდეს დამირღვევია და არც ვაპირებ ამის გაკეთებას.- ქართულ კერძებს თუ შეეჩვიეთ?- გემრიელი კერძები გაქვთ, მაგრამ რამდენჯერმე მომიწია ქართულ რესტორანში შესვლა და სიმართლე გითხრათ, რომ მითხრეს, შეუკვეთეო, მენიუში ვერანაირად ვერ გავერკვიე. რაც მოიტანეს, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ დამეთანხმეთ, სჯობს იცოდე, თუ რის ჭამას აპირებ, არა?- კარიერას “კახა სან ფერნანდოში” გააგრძელებთ. ესპანეთში თამაში თქვენი სურვილი იყო?- დიახ. “ელდო ნაპოლიმ” კონტრაქტის გახანგრძლივება კი შემომთავაზა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ესპანური ვარიანტი ვარჩიე. “კახა სან ფერნანდო” ძლიერი, ამბიციური გუნდია და მჯერა, რომ დამდეგ სეზონში როგორც ჩემი, ასევე უშუალოდ გუნდის საქმეები კარგად წავა.- სხვა ვარიანტები თუ გქონდათ?- კი, თანაც ბევრი. ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელშეკრულების გაფორმება შემომთავაზა, “სპარტაკ-პრიმორიე” იყო. ცუდია, რომ ის ვარიანტი ჩაიშალა, თორემ ახლა ბოისასთან ერთად ვითამაშებდი. ჩემს აგენტს ასევე “ოლიმპიაკოსისა” და “რომას” წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ესპანეთში გადასვლა ვამჯობინე. – NBA-დან თუ გქონდათ შეთავაზება?- არაფერი სერიოზული.- არც “მინესოტიდან”?- არა, თუმცა არ ვმალავ, რომ ჩემი სურვილი დღესაც NBA-ს რომელიმე გუნდში თამაშია. ვერასოდეს დავივიწყებ მინეაპოლისში გატარებულ დროს. საზაფხულო ლიგაზე, როგორც წესი, გუნდების ლიდერები, სუპერვარსკვლავები არ ჩამოდიან ხოლმე, მაგრამ “ტიმბერვულვზში” ჩვენს გვერდით თვით კევინ გარნეტი ვარჯიშობდა და უნდა გენახათ, რა ენერგიას აქსოვდა იგი ამ ვარჯიშებში…გარნეტს არავისთვის არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი, მაგრამ იგი ნამდვილი პროფესიონალია და ყოველთვის ცდილობს, ყველასთვის სამაგალითო პიროვნებაც იყოს.- თუმცა ამას ამიერიდან არა “მინესოტაში”, არამედ “ბოსტონში” გააკეთებს.- და რა გუნდი ჰყავს “სელტიქსს”?! გარნეტი, პოლ პირსი, რეი ალენი! ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლონ, თუმცა ამას ახლა უფრო გულშემატკივრის პოზიციიდან გეუბნებით. მათზე ძლიერი გუნდებიც არიან.- თანაც, ბევრად ძლიერებიც.- კი, ეგრეა. “სპურსი”, “მავერიქსი”, “სანზი”, “ბულზი”, “პისტონსი”.- საქართველოს ნაკრებთან კიდევ ორწლიანი ვალდებულება გაქვთ, არა?- კი, კიდევ ორი წელი თქვენთან ვიქნები. მერწმუნეთ, საქართველოში ვალის მოხდის მიზნით არასოდეს ჩამოვსულვარ და არც ჩამოვალ. მე ვაფასებ ჩემდამი ყურადღებას, პატივისცემას და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ერთგული ვარ. მოედანზე ყოველთვის ლტოლვითა და უდიდესი ენერგიით გავდივარ და მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დავეხმარები. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის, ჩემს თანაგუნდელებს ყურადღებისთვის და მთლიანად საქართველოს, რომელმაც ტაირონ ელისი თბილად მიიღო. ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ. – ტაი, ევროპის ჩემპიონატს ვინ მოიგებს?- მინდა, რომ ჩემი მეგობრის, ჯონ ჰოლდენის რუსეთმა ოლიმპიური საგზური მოიპოვოს, თუმცა მესმის, რომ მის ნაკრებს ამის გაკეთება მაგრად გაუჭირდება. ჩემპიონობის ფავორიტი ესპანეთია. ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს საბერძნეთს, სადაც გუნდური თამაში თითქმის იდეალურამდეა აყვანილი. ასე რომ, კარგი ტურნირი იქნება. – ტაი, ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩვენთან წაგების მერე აღნიშნა, საქართველო პოტენციალით არც რუსეთს ჩამოუვარდება და არც ხორვატიასო. ამაზე რა აზრის ხართ?- პოტენციალით შეიძლება მართლაც არაფერში ჩამოუვარდებით, მაგრამ ხორვატიაც და რუსეთიც ჩვენზე უკეთ თამაშობენ დაცვაში და გუნდური თვალსაზრისითაც გვისწრებენ. არა მგონია, საქართველოს ნაკრებისთვის ამ ორი ნაკრებისა და კიდევ სხვა ძლიერი გუნდების დონეზე ასვლა პრობლემა იყოს. მთავარია, სწორად მივყვეთ გეგმას და მჯერა, რომ ყველაფერი მშვენივრად იქნება.