ინტერვიუ უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრ ვოლკოვთან

ინტერვიუ უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრ ვოლკოვთან

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქე უკრაინა საკალათბურთო ასპარეზზე საკმაოდ აქტიურობს. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვოლკოვმა პირადი ნაცნობობის ხარჯზე ეროვნული ნაკრების თავკაცად ცნობილი ამერიკელი სპეციალისტი – მაიკ ფრატელო დანიშნა. ვოლკოვი ამას არ ჯერდება და სურს, ევროპის ჩემპიონატის უკრაინაში ჩატარების თაობაზე ფიბა–ევროპაში განაცხადი შეიტანოს. ალექსანდრ ვოლკოვს ამ თემებზე უკრაინელი ჟურნალისტები გაესაუბრნენ, ჩვენ კი ეს ინტერვიუ ქართველი ქომაგებისთვის გადმოვთარგმნეთ.
 

ალექსანდრ ვოლკოვი უკრაინის ნაკრებს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ახლდა
 
– რატომ გადაწყვიტეთ უცხოელი სპეციალისტის მოწვევა და საიდან გაჩნდა ფრატელოს კანდიდატურა?
– მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ, მომწიფდა აზრი, რომ ნაკრებისთვის მსოფლიო დონის, ეგრედ წოდებული, ელიტარული მწვრთნელი მოგვეწვია. რატომ ფრატელო? მე მასთან მუშაობის პირადი გამოცდილება მაკავშირებს. ჯერ კიდევ 1987 წელს ატლანტაში მოეწყო საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და „ატლანტა ჰოუქსის“ ერთობლივი საწვრთნელი შეკრება. მე მაშინვე შევატყვე ფრატელოს კალათბურთის სულ სხვა დონეზე ცოდნა. მომდევნო, 1988 წელს კი, სეულის ოლიმპიადის წინ, უკვე სოხუმმა უმასპინძლა საბჭოთა ნაკრებისა და “ატლანტას” ერთობლივ შეკრებას, სადაც ერთმანეთში რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გავმართეთ. მაიკ ფრატელომ და ალექსანდრ გომელსკიმ მაშინ ისეთი დიდი სამწვრთნელო სამუშაო გასწიეს, რომ საბჭოთა კავშირმა ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვება შეძლო. მერე მე „ატლანტაში“ გადავედი და უშუალოდ ფრატელოს ხელმძღვანელობით ვთამაშობდი. ვიტალი პოტაპენკო, რომელიც „კლივლენდში“ ფრატელოს მწვრთნელობისას თამაშობდა, ამბობდა, რომ ფრატელოსს დარ სპეციალისტთან მას არ უმუშავია. ახლა ფრატელოს ხშირად უწევს ისეთი საკალათბურთო „კლინიკების“ ჩატარება, რომლებსაც მთელი მსოფლიოდან 2–3 ათასამდე მწვრთნელი ესწრება. მე ბევრ სპეციალისტს ვეკონტაქტებოდი, რომლებიც ამბობდნენ: „ფრატელოს მოწვევა? ეს არარეალურია და თუკი ამას მოახერხებთ, უკრაინისთვის ეს იქნება უძლიერესი მწვრთნელი“. არსებობს სკეპტიკური მოსაზრება ფრატელოს მოტივაციის შესახებ, რომელსაც არ ვეთანხმები. თუკი ნბა–ში ფრატელომ რამდენიმე სეზონი გაატარა და ერთ–ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლებოდა, ევროპის ჩემპიონატზე ის არ ყოფილა. მას არამარტო ამერიკული კალათბურთის  განვითარებაში სურს საკუთარი წვლილის შეტანა, არამედ ევროპულ კალათბურთშიც  მას საკმაოდ სერიოზული მოტივაცია გააჩნია ამ კუთხით.
– ეროვნული ნაკრებისთვის მწვრთნელის დანიშვნა –  ეს უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეროგატივაა თუ იმ სამინისტროსი, რომელსაც გრძელი დასახელება აქვს ბოლოში სიტყვა „სპორტით“?
– როგორც ცნობილია, სახელმწიფო სპორტული სტრუქტურაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია. ეს არაა იოლი პროცესი და ის სტრუქტურა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა ხელფასები უნდა გამოყოს, ახლა ყალიბდება. ამასთან ერთად, პრიორიტეტული უფრო ინდივიდუალური, ოლიმპიური სახეობებია, სადაც უკრაინას უკვე გვაქვს კარგი შედეგები. კალათბურთს კი აფინანსებენ ნაწილობრივ, რაც რეალურად საჭირო თანხის დაახლოებით 10–15 პროცენტია. დანარჩენი ფული სპონსორებისგან მოდის, რომლებსაც ბიუჯეტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომაც, ფრატელო ჩვენ არა მარტო მწვრთნელად გვჭირდება. მისი სახელითა და ავტორიტეტით, სავადაუდოდ, სპონსორებს მოვიზიდავთ, რის შემდეგაც ახალგაზრდული საკალათბურთო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა მოგვეცემა.
– ამ ეტაპზე როგორ დგება ეროვნული ნაკრებისა და მწვრთნელთა შტაბის ბიუჯეტი?
–  ჩვენ ამ ეტაპზე სამი ძირითადი შეთანხმება გვაქვს სპონსორებთან: სამწვრთნელო შტაბის ფინანსირება, ეროვნული ნაკრების მომზადების სახსრები და ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციების დაფინანსება. უახლოეს ხანებში მოვიწვევთ პრესკონფერენციას, რომელზეც წარმოვადგენთ ჩვენს გენერალურ სპონსორსა და სხვა პარტნიორებს. ეს მისცემს კალათბურთელებს იმის სტიმულს, რომ მთლიანად თამაშზე გააკეთონ კონცენტრაცია. უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალურად ხელსაყრელი და კომფორტული რეისები, სწორი კვება, სამედიცინო მომსახურება და მწვრთნელთა შტაბის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი საშუალებები. ის პაკეტი, რომელსაც სპონსორები შემოგვთავაზებენ, ეროვნული ნაკრების უმაღლეს, ეგრედ წოდებულ 5 ვარსკვლავიან მომზადებას უზრუნველყოფს.
– ფრატელოსთან ერთად ვინ იმუშავებს? იქნებიან თუ არა მის შტაბში უკრაინელი მწვრთნელები?
– ფრატელო მწვრთნელთა გარკვეულ წრესთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ნაკრებს ეყოლება ფიზ–მომზადების და დაცვითი ტაქტიკის მწვრთნელი. ასევე სკაუტი, რომელიც მეტოქეებზე ინფორმაციას შეაგროვებს. ასევე, შტაბში იქნებიან ის უკრაინელი მწვრთნელები, რომლებსაც აქვთ ამბიცია და ფრატელოსთან მუშაობის სურვილი. ჩატარდება ღია ვარჯიშები, ფრატელო რამდენიმე სემინარსაც გამართავს უკრაინელი მწვრთნელებისთვის. მე მაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინელი მწვრთნელები მოუთმენლად ელიან ფრატელოს სემინარებს.
– რა ამოცანას უყენებთ ნაკრების მწვრთნელს?
– ძალიან კარგად ვიცით ჩვენი შესაძლებლობები. გვაქვს პოტენციალი და შეგვიძლია მისი რეალიზაციაც, თუკი არ იქნება ტრავმები და თუ ყველა გამოძახებული მოთამაშე ჩამოვა. პირველი ამოცანა ნათელია: ჯგუფიდან გასვლა. ვფიქრობ, ეს რეალურია. გასაგებია, რომ ბელგია, საქართველო და ბულგარეთი იოლად დასაძლევი მეტოქეები არ არიან, მათ ხომ 2–2 და მეტი ნატურალიზებული მოთამაშეები ჰყავთ. ჯგუფი საკმაოდ ძლიერია და თუ გავალთ, შევასრულებთ პროგრამა მინიმუმს. მაქსიმუმი კი ოლიმპიური საგზურის მოპოვება იქნება.
– ფრატელო მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე უხელმძღვანელებს უკრაინის ნაკრებს, თუ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივაც არსებობს?
– ეს ახალი გამოცდილებაა ჩვენთვისაც და ფრატელოსთვისაც. ორივე მხარემ უნდა იგრძნოს ეს, გემო გაუგოს ერთობლივ მუშაობას. თუკი ყველაფერი კარგად წარიმართება, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ კონტრაქტი გახანგრძლივდეს. როგორც იცით, ჩვენ გვსურს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადის გაკეთება და ეს ვერ მოხერხდება, თუკი ეროვნულ ნაკრებს წარმატება არ ექნება.
 

მაიკ ფრატელო და ალექსანდრ ვოლკოვი
 
– თქვენ ახსენეთ ჩვენი მეტოქეების ნატურალიზებული მოთამაშეები. რა დამოკიდებულება გაქვთ ამ მოვლენასთან და ხომ არ განიხილავთ რომელიმე უცხოელის კანდიდატურას?
– კარგი იქნებოდა, თუკი ევროპასა და მთელს მსოფლიოში ყველა ქვეყანა შეთანხმდებოდა იმაზე, რომ ნატურალიზებული მოთამაშეების ნაკრებში გამოყვანა აიკრძალოს. ასეთ შემთხვევაში იოლი იქნებოდა ყველა ნაკრების რეალური ძალის განსაზღვრა. თუმცა უკვე მრავალი წელია, ევროპული ნაკრებები უცხოელებს იწვევენ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ რა ვქნათ? მე შემიძლია ერთი–ორი ნაკრების დასახელება, რომლებსაც არ ჰყავთ ნატურალიზებული მოთამაშეები: ლიტვა და ესპანეთი. ბევრი მეკითხება, თუ რატომ არ აგვყავს უცხოელი მოთამაშე, როცა მთელი ევროპა ამას აკეთებს. პირველი პრობლემა უკრაინულ კანონმდებლობასთან გვაქვს. მეორე რიგში, გვსურს ჩვენს მოთამაშეებს მივცეთ მეტი გაქანება. თუმცა ახლა უკვე ნამდვილად გაჩნდა ნატურალიზების აუცილებლობა და ჩვენც ვეძებთ შესაბამის კანდიდატურას. არის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა გვარების დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ. თუკი გვსურს, რომ შედეგი ვაჩვენოთ, ამის მისაღწევად ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ.
– როგორი პოზიცია აქვს ამ მხრივ თავად ფრატელოს?
– ნატურალიზების საკითხს ფრატელო დადებითად უყურებს. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ნაკრებში არსებობს დისბალანსი. ჩვენ საკმაოდ ძლიერი წინა ხაზი გვყავს და სასურველია უკანა ხაზის გაძლიერება. გვაქვს ლიდერის პრობლემა. ავიღოთ ნაკრების ლეგიონერები: ფესენკო – აქ ყველაფერი ნათელია. ლიშჩუკი – შესანიშნავი მოთამაშეა. „ვალენსიამ“ მასთან ერთად შარშან ევროთასი მოიგო. ამ სეზონში ის კარგად გამოიყურება როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ისე ევროლიგაში. მაგრამ უნდა ვაღიაროთ: ისაა მოთამაშე, რომელიც რამე კონკრეტული ამოცანის შესრულებაში დაგეხმარება. შეცვლაზე შემოვა, დაცვაში ითამაშებს, მეტოქეს დაუფარებს. სერგეი გლადირიც კარგად გამოდის შეცვლაზე. პეჩიროვი ხან სასტარტოში იქნება, ხანაც შეცვლაზე შემოვა. დღეს რეალურად ლიდერი მხოლოდ არტურ დროზდოვია. ის თამაშობს იტალიურ „ვანოლიში“ 30 წუთზე მეტს. უკრაინულ კლუბებში არ გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებს ულიდერებენ. ჩვენი ახალგაზრდები ჯერ ვერ დაღვინდნენ, ვერ ჩამოყალიბდნენ ლიდერებად. უნდა ვეცადოთ, რომ ეს პრობლემა გამოვასწოროთ და ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ.
– როდის ჩამოვა უკრაინაში და როდის შეუდგება ეროვნულ ნაკრებში მუშაობას მაიკ ფრატელო?
– ვფიქრობ, აპრილის შუაში ფრატელო რამდენიმე დღით ჩამოვა უკრაინაში, ხოლო ივლისიდან უკრაინის სტუდენტურ ნაკრებთან დაიწყებს მუშაობას. იგი აღნიშნული გუნდიდან იმ მოთამაშეებს შეარჩევს, რომლებსაც ეროვნული ნაკრების ძირითად შეკრებაზე მიიწვევს. ფრატელოს სამწვრთნელო შეკრება 19 ივლისს კლაიპედაში, ანუ სწორედ იმ ქალაქში დაიწყება, სადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩები უნდა ვითამაშოთ. ახლა ის ყოველდღიურად უკავშირდება ჩვენს ფედერაციას. მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. ძალიან ხანგრძლივი საუბარი მქონდა მასთან ევროპული კალათბურთის წესებთან დაკავშირებით. ამ საუბრისას ტელეფონიც კი კი გამომერთო – ბალანსი ამომეწურა. ფრატელო ძალიან მოწადინებულია და უკრაინის ნაკრებში სამუშაოდ მთელი მონდომებით ემზადება.
– საკმარისი იქნება 2 საზაფხულო თვე ნაკრების მოსამზადებლად? საბჭოთა კავშირში ეს პროცესი მინიმუმ ნახევარი წელი გრძელდებოდა…
– სხვა რის გაკეთება შეგვიძლია?! სადღეისოდ ყველა ნაკრები ერთნაირ პირობებშია. ნაკრების მომზადების სპეციფიკა ყველას ერთნაირი აქვს: როგორმე უნდა ჩაეტიონ მოკლე ვდებში. სასურველია, რომ მოთამაშეები ნაკრებში ფორმაში მყოფები ჩამოვიდნენ. მწვრთნელი უმაღლესი დონის უნდა იყოს, რათა რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ მიუსადაგოს ნაკრებს სათამაშო სტილი და განსაზღვროს ძირითადი აქცენტები. ადრე ყველაფერი ნაკრებს ერგებოდა. მოკლდებოდა ევროთასები, ეროვნული ჩემპიონატები – არა მარტო საბჭოთა კავშირში, სხვა ქვეყნებშიც. ახლა ყველაფერი პირიქითაა. ვერაფერს იზავ, უნდა მოერგო ამ სიტუაციას.
 

თბილისის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე
მანუჩარ მარკოიშვილი ალექსანდრ ვოლკოვმა დააჯილდოვა
 
– თქვენ ახსენეთ, რომ გსურთ, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატს უკრაინამ უმასპინძლოს. განაცხადის გაკეთების პროცედურა როგორია?
– 19 მარტს ფიბა–ევროპაში ჩატარდა სხდომა, რის შემდეგაც გაიხსნა ფანჯარა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის გაკეთება. ყველა ევროპული ქვეყანა მიიღებს ფორმალურ მოწვავას აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობაზე. ვისაც სურს, შეავსებს დოკუმენტაციას და გააგზავნის ფიბა–ევროპაში. ჩვენ სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ. ვინ გვეყოლება მეტოქეებად, ჯერ დარწმუნებით არ ვიცით. როგორც გავიგე, ფრანგებს სურთ გერმანელებთან ერთად განაცხადის შეტანა (თუკი ფიბა–ევროპა ქვეყნებს ჩემპიონატის ერთობლივად ჩატარების უფლებას მისცემს). ბელგია და ჰოლანდიასაც სურთ ევრობასკეტის ერთობლივად მასპინძლობა. როგორც გავიგე, რუსებსაც აქვთ ანალოგიური ამბიციები. თუმცა ეს ჯერ ჭორის დონეზე ვიცი. 23 მარტს კიევში ჩამოდის ფიბა–ევროპის გენერალური მდივანი ნარ ზანოლინი, რომელიც უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტისგან მოისმენს ევროპის ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში ჩატარების სურვილს. ევრობასკეტის ჩვენთან ჩატარება ეს მხოლოდ სპორტული შეჯიბრი არ იქნება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ უკრაინას საკალათბურთო ინფრასტრუქტურის პრობლემა აქვს. ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს თანამედროვე დარბაზი. ევროპის ჩემპიონატი იქნება მათი აშენების სტიმული. კაუნასში არსებული დარბაზი „შპორტსჰალე“, სადაც „ჟალგირისი“ თამაშობს, აშენდა 1937 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც, როგორც იცით, ლიტვამ უმასპინძლა. არ ყოფილიყო ის ჩემპიონატი, ალბათ არ იქნებოდა ლიტვური კალათბურთი ტრადიციებით ასეთი მდიდარი.
– გაგვარკვიეთ, ფინანსდება თუ არა უკრაინის კალათბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან?
– ფედერაციის ბიუჯეტში არც ერთი კაპიკი არაა სახელმწიფო ფული. ერთადერთი, ეროვნული ნაკრებისთვისაა მცირედი თანხა გამოყოფილი. რაოდენობას არ დავასახელებ, თუმცა გეტყვით, რომ ეს ფული ძალიან ცოტაა. ეს თანხები ფედერაციის ანგარიშზეც კი არ აკუმულირდება. მას სახელმწიფო პირდაპირ ხარჯავს ავიაბილეთებზე, დარბაზების არენდაზე, ნაკრებების კვებაზე. კანონის თანახმად, არსებობს შეზღუდვა იმ თანხებზე, რომელიც გამოიყოფა, ვთქვათ, კვებაზე. ამიტომაც ფედერაციამ უნდა დაამატოს თანხა, რათა სპორტსმენების კვება იყოს სრულფასოვანი. იგივეს თქმა შეიძლება სასტუმროებზე – არსებობს გარკევული ზღვარი და ფედერაციას მუდამ უწევს დამატება. ასე რომ, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ნაკრებების მომზადების ელემენტარულ პირობებსაც ვერ უზრუნველყოფს. არადა, ძირითადად 8 ნაკრებია, რომლებსაც მომზადების სრული კურსი ესაჭიროება – შეკრებები, გადაფრენები, სასტუმროში ცხოვრება, კვება, სამედიცინო უზრუნველყოფა. წლეულს მათ რიცხვს მეცხრე – სტუდენტური ნაკრებიც დაემატა.