ინტერვიუ ვიქტორ სანიკიძესთნ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკვე მოილია ევროპის ჩემპიონატის 2 საკვალიფიკაციო მატჩი. ლუქსემბურგსა და ირლანდიაში დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა და ხვალ კიდევ უფრო სერიოზული გამოცდა ელის სლოვაკეთში. გასულ მატჩებში თავი გამოიჩინა და ჩვენს ნაკრებს ლიდერად მოევლინა ვიქტორ სანიკიძე, რომელიც მანამდე გამართულ ამხანაგურ მატჩებში შედარებით მოკრძალებული იყო. ლუქსემბურგთან და ირლანდიასთან კი სანიკიძემ ჯამში 51 ქულა მოაგროვა და თან ორივე მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა – მოხსნილი ბურთების რაოდენობაც ორნიშნა რიცხვით გამოხატა. დღეს ვიქტორ სანიკიძეს სლოვაკეთში შევეხმიანეთ და გუნდში არსებული განწყობის შესახებ ვესაუბრეთ, ცხადია, განვლილი მატჩებიც შევაფასებინეთ…

– ვიქტორ, რას იტყვი განვლილ მატჩებზე?
– ორივე თამაში მოვიგეთ და თავისთავად კმაყოფილი ვარ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა ძალიან შეკრულად ითამაშა. ბიჭები კარგად ვართ შეთამაშებულნი და ამიტომაც იყო, რომ არც ლუქსემბურგთან გაგვჭირვებია და არც ირლანდიასთან.
– ამ მატჩებში საუკეთსო შენ იყავი, არადა, მოსამზადებელ მატჩებში ლიდერობას სხვები ითავსებდნენ. რაშია საქმე?
– არ ვიცი, ნამდვილად არ ველოდი, რომ ამდენ ქულას და მოხსნას მოვაგროვებდი. ტრავმა ახალი მორჩენილი მქონდა, ნაკრების შეკრება რომ დაიწყო და მოსამზადებელ მატჩებშიც ისეთი არაფერი მიქნია, რომ ხალხი გამეოცებინა. ოფიციალური მატჩებისთვის კი ალბათ უფრო მეტად დავიმუხტე, მეტი პასუხისმგებლობა მქონდა, მოგების დიდი სურვილი და შედეგიც სახეზეა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რომ ჩვენს გუნდში ერთსულოვნება და თანაბრობაა. ნებისმიერს შეუძლია, რომ ლიდერობა ითავოს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. გუნდურად ვთამაშობთ და მეტოქემ არ იცის, რომელი მოთამაშისგან უნდა ელოდოს ყველაზე მეტ საფრთხეს.
– ადრე ასე არ იყო?
– არა, შანშან და იმის წინ გუნდს ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერები, რომლებიც ძალიან სახიფათონი იყვნენ მეტოქისთვის და ძალიანაც ეხმარებოდნენ გუნდს, მაგრამ მოწინააღმდეგეს ჩვენს გასაშიფრად ნაკლები ძალისხმევა სჭირდებოდა. ახლა კი სხვა ვითარებაა და ეს შედეგშიც აისახა.
– ირლანდიასთან მატჩში 31 ქულა კი დააგროვე, მაგრამ რამდენი მოხსნა გქონდა, ეს არ ვიცით. თამაშის დასაწყისში მატჩის მდივნებს აპარატურამ უმტყუნა და…
– ჰო, ეგ მართლაც უცნაური ამბავია. ასეთი დონის მატჩზე რომ სტატისტიკა ვერ დაეთვალოთ, პირველად მესმის. თუმცა ყველაფერი ხდება და იმედი მაქვს, მალე აღადგენენ სრულ სტატისტიკას. რაც შეეხება ჩემს მოხსნებს, არ ვითვლიდი , მაგრამ ათზე მეტი რომ მომიგროვდებოდა, ამაში დარწმუნებული ვარ.
– ახლა სლოვაკეთთან მომავალ მატჩზეც გვითხარი…
– ბოლო ტურში სლოვაკებმა შვედეთთან ქულით წააგეს და ჩანს, რომ ჩვენც ბოლომდე გვებრძოლებიან. ისე, ჩვენ სლოვაკების მოგება გვაწყობდა, რადგან შვედეთი ფაქტობრივად ამოვარდებოდა პირველობისთვის ბრძოლიდან. ახლა კი ჩვენს მთავარ კონკურენტად ისევ რჩება შვედეთი, თუმც დღეს მაგაზე არავინ ფიქრობს, წინ სლოვაკეთი გველის და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გავიმარჯვოთ.
– შანსებს როგორ შეაფასებ?
– სლოვაკებს ჰყავთ ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რადოსლავ რანჩიკი, რომელსაც თუ გავაჩერებთ, გამარჯვებას ალბათ იოლად მივაღწევთ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ და იმედი მაქვს, ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასიკეთოდ დასრულდება.
– გუნდში როგორი განწყობაა?
– საბრძოლო. გუშინ ჩამოვედით ირლანდიიდან, ცოტა კი დავიღალეთ, მაგრამ დასვენების დროც საკმარისად გვქონდა. ხვალ დილას იმ დარბაზში ვივარჯიშებთ, სადაც საღამოს სლოვაკეთს ვეთამაშებით.
– ოთხივე მატჩის თამაში რომ სტუმრად გიწევთ, ეს უარყოფითი მომენტი ხომ არაა?
– რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვუყოთ, ასე მოგვიხდა და ამის გამო ახლა ნერვიულობა არ იქნება გამართლებული. ძალიან დამრთგუნველი იყო ოჯახებიდან ომის პერიოდში წამოსვლა და ამდენი ხანი სამშობლოს გარეთ ყოფნა, მაგრამ ეს სპორტული, გუნდური თვალსაზრისით ეგებ დადებითი მომენტიც იყოს. ამდენი ხანი ერთად ყოფნა ხომ გუნდს კრავს, აერთიანებს და შეთამაშების მხრივაც ნაკლები პრობლემა იჩენს თავს.
– ასე წარმატებულად თამაში ალბათ შენს საკლუბო საქმეებზეც დაასხავს წყალს. ახლა ხომ უგუნდოდ ხარ…
– არაერთი კარგი ვარიანტი მაქვს და ნაკრების თამაშები რომ მორჩება, დავფიქრდები, ავწონ–დავწონი შემოთავაზებებს და რომელიც ჩემთვის უკეთესი იქნება, იმ კლუბში წავალ.