ინტერვიუ ვლადიმერ უგრეხელიძესთან

შორეული 1960 წელია. დღევანდელი ვეტერანები, მოხუცებულობისთვის შემზადებული ხალხი მაშინ ჯერ კიდევ ჯეელები იყვნენ. რომის ოლიმპიური თამაშების კალათბურთელთა ტურნირის ერთ-ერთი ნახევარფინალური მატჩი – სსრკ – პუერტორიკო დასასრულს უახლოვდება, სულ რაღაც 58 წამია დარჩენილი. საბჭოთა გუნდი კი მთელი 24 ქულით უგებს სამხრეთამერიკელებს.
თითქოს რაღა ბრძოლაა საჭირო, ხომ ყველაფერი დღესავით ნათელია – ბურთების სხვაობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს – ორ, გინდაც ოთხქულიანი (ორჯერ ორი) გდება გნებავთ ამ კალათში შესრულდეს და გნებავთ საპირისპიროში. სსრ კავშირის ნაკრები მაინც ფინალშია გასული. მაგრამ სწორედ ამ დროს, ცამოწმენდილზე, საბჭოელების ერთ-ერთი უკანასკნელი შეტევის დროს კალათისკენ ნატყორცნი ბურთი ასხლტა, მის მოსაპოვებლად და ორ ქულად საქცევად ვლადიმერ უგრეხელიძე, იგივე „პტიცა“ აფრინდა, მაგრამ ჰაერში პუერტორიკოელი არ დაეჯახა?! ქართველმა კალათბურთელმა წონასწორობა დაკარგა და ძირს დანარცხებული რომ არ დაშავებულიყო, რაც ძალა შერჩენოდა, ორივე ხელით კალათის რგოლს მოეჭიდა. და უცებ, თავი რომ სამშვიდობოს ეგონა, მთელი ეს შენი „ფერმა“ საყრდენს მოწყდა და უგრეხელიძიანა ძირს დაეშვა. მატჩის შემდეგ „პტიცა“ ეკლესიას ეძებდა, გადარჩენისთვის უფლისთვის მადლობა რომ შეეწირა. ტონანახევრიანი რკინის კონსტრუქცია მის თავთან, სულ რაღაც სანტიმეტრებში გაჩერდა. ბედად, უგრეხელიძეს დახტომა მოესწრო, თორემ ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა. დალეწილი „ფერმის“ ნამსხვრევებს ბატონი ვოვა სახლში, ძვირფას რელიკვიასავით ინახავს.
მხოლოდ ერთ რამეზე წყდება გული – გინესის რეკორდების წიგნში არ შემიყვანესო. და მართლაც, კალათბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო. მას შემდეგ კალათბურთის მოედნებზე ბევრი უცნაურობა დატრიალებულა, მაგრამ კალათბურთის ფარის მთლიანი სისტემა ამ ექვსიოდე წლის წინ მხოლოდ ერთხელ მოსწყდა ადგილს. ეს კი ამერიკელმა მეჯიქ ჯონსონმა მოახერხა. ასე რომ, უგრეხელიძე პირველია, ვინს ეს საქმე „გაჩარხა“ და გინესის წიგნში მოხვედრა დიახაც რომ ეკუთვნოდა!
– მე მხოლოდ ის მახსოვს, ვეცემოდი და მთელი ძალით ვეცი კალათას, მოვეჭიდე და ძირს დავეშვი. თურმე „ფერმა“ მოწყდა და მთელი რკინის კონსტრუქცია ზვავივით წამოვიდა და ზემოდან მეცემოდა – იგონებს ბატონი ვლადიმერი. – ჩემმა თანაგუნდელმა, კიევის „სტროიტელის“ მოთამაშემ, ალბერტ ვალტინმა სცადა, დაეჭირა, მაგრამ რას შეძლებდა? თავად ფარი, როგორც მაშინ ვეძახდით, „სტალინიტის“ შუშისგან იყო დამზადებული. მოედანზე დაცემისას გასკდა, ნამსხვრევები აქეთ-იქით გაიფანტა, ზოგი კალათბურთელი დაიჭრა, ვალტინიც დაისერა და რამდენიმე მაყურებელიც. ფიბას წესდებით, თუ 15 წუთში არ მოგვარდებოდა ტექნიკური ხარვეზი, მატჩი მეორე დღეს უნდა გადათამაშებულიყო. არადა, დარბაზის სამნეო სამსახურის უფროსი ორ საათს ეძებეს და ძლივს იპოვეს. ახალი ფარი დაამონტაჟეს. პირადად ფიბას პრეზიდენტმა ჯონსმა გადაწყვიტა, რომ მატჩი იმავე დღეს დასრულებულიყო. მართლაც, 58 წამის გამო, მაშინ, როცა ანგარიშში სხვაობა 24 ქულაა და ბურთების შეფარდებას არანაირი აზრი არა აქვს, არ ღირდა შეხვედრის გადატანა. აი, იმ ფარის ჩამოგლეჯის შემდეგ გამიცნო მსოფლიომ და ის მომენტის ამსახველი ფოტოები მსოფლიოს ბევრი ქვეყნის გაზეთში დაბეჭდილა.
– მაგრამ ამ დიდი დავიდარაბის შემდეგ ფინალში ამერიკელებთან მაინც დამარცხდით.
– დიახ, ამერიკელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ და 17 ქულითაც დაგვამარცხეს, თუმცა ჩვენ ბრძოლა მაინც შევთავაზეთ და კარგა გვარიანად გავუძალიანდით კიდეც.
– მოდით, რადგან ჩვენი საუბარი კურიოზის გახსენებით დავიწყეთ, ასევე გავაგრძელოთ…
– კურიოზი არ არის, ორიგინალური წნევა რომ მაქვს – ნული! რომის ოლიმპიური თამაშების წინ გუნდის ექიმი მეუბნება, ასეთი წნევის პატრონს ოლიმპიადაზე ვერ გაგიშვებო. კინაღამ ჭკუიდან გადავედი, რას ქვია, ვერ გამიშვებ-მეთქი. ბოლოს ხელწერილი დამადებინეს, რომ მთელ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებდი. მას შემდეგ 48 წელი გავიდა და ხომ ხედავთ, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ისევ რომში ვართ. მასპინძლებს, იტალიელებს ვხვდებით. ვიონელომ ბურთის წართმევა მოუნდომა გურამ მინაშვილს. გურამმა კი ბურთი დამალა და შემთხვევით იდაყვი კბილებში მოარტყა. ვიონელოს სისხლი წასკდა თუ არა, ტრიბუნებიდან თქეშივით წამოვიდა იტალიური ლირები. განრისხებული გულშემატკივრები ფულს ქვებივით გვიშენდნენ. სათადარიგოთა სკამზე მსხდომ ჩვენს ბიჭებს გავძახე, აკრიფეთ-მეთქი. საკმაოდ დიდი თანხა დაგროვდა და ამ „ძღვენით“ ჩვენთვის მაშინ ძნელად საშოვნი მუსიკალური ფირფიტები შევიძინეთ.
– ჰაერში სიარულისა თუ ფრენის გამო მეტსახელად „პტიცა“ შეგარქვეს. მაინც, როგორ ახერხებდით ამას?
– აბა რა გითხრათ, ჩემდა უნებურად, თავისთავად გამომდიოდა. რომ გითხრათ, ჰაერში სიარულში ვვარჯიშობდი-მეთქი, მაინც არ დამიჯერებთ. ეს ხომ უაზრობაა. მეგობრები მეხუმრებოდნენ, ექიმს გაესინჯე, ორგანიზმში რაღაც ვერა გაქვს რიგზე, დედამიწის მიზიდულობის კანონს არ ემორჩილებიო. სხვათა შორის, ჩემს მერე მაიკლ ჯორდანი დადიოდა ჰაერში. ჩვენს მეტს ჰაერში არავის უფრენია.
– ჰაერში რამდენ ნაბიჯს დგამდით?
– სხვათა შორის, ამაზეც მაშაყირებდნენ ბიჭები: „პტიცა“ ჰაერშიც „პრაბეშკებს“ (გარბენებს) აკეთებსო. თუმცა, ეს მეტსახელი კალათბურთში არ შეურქმევიათ. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, მეშვიდე თუ მერვე კლასში რომ ვიყავი, მოსწავლეთა სპარტაკიადა ჩატარდა. სიმაღლეზე ხტომაში ვასპარეზობდი და აი, მაშინ შემარქვეს: „პოსმოტრიტე, ლეტაეტ კაკ პტიცა“. და ამის შემდეგ დღემდე ყველა „პტიცას“ მეძახის.
– თუ არ ვცდებით, კურიოზები არც სტუდენტობისას გაკლდათ?
– მართალი ხართ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე მექანიზაციის სპეციალობით. სპორტული გრაფიკით ვსწავლობდი. როცა საშუალება მქონდა, შეჯიბრებაზე ფაკულტეტის სახელითაც კი გამოვსულვარ. 1963 წელს ჩვენი ინსტიტუტის შესამოწმებლად მოსკოვიდან კომისია ჩამოსულა. მე ამ დროს ბრაზილიაში ვიყავი, საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად. გარიცხულთა სიაში არ მოვყევი?! თურმე კომისიის წინაშე ამდგარა რექტორი სარიშვილი და უთქვამს: ბევრი დოცენტი, პროფესორი და აკადემიკოსი მყავს, მაგრამ „პტიცა“ ერთადერთი და შეუცვლელიაო.
– ბატონო „პტიცა“ (თუ არ გვიწყენთ, ჩვენც ასე მოგმართავთ). მოდით, ის წლები გავიხსენოთ, კალათბურთში რომ მოხვედით.
– როგორც გითხარით, ბავშვობაში მძლეოსნობაზე დავდიოდი, მერე ფეხბურთზე, საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების წევრიც ვიყავი. შემდეგში ოლიმპიურ ჩემპიონ ვაჟა კაჭარავასთან მითამაშია, ვაჟა ცოტათი უფროსია ჩემზე. ჭადრაკში მიხეილ შიშოვი მამეცადინებდა, მაშინ, როცა იგი ნონა გაფრინდაშვილის მწვრთნელი იყო. კალათბურთზე ჩემმა მეგობარმა კობა ჯიჯიხიამ მიმიყვანა „ტონოში“, მიხეილ კეკელიძესთან. 1956 წელი იყო, 17 წლისა ვიყავი, სკილეტივით, ძალიან გამხდარი. ძია მიშამ ამხედ-დამხედა და კარისკენ მიმითითა – კალათბურთი შენი საქმე არ არის, დატვირთვას ვერ გაუძლებო. მაინც მითხრა, აბა, ახტი ფარზე, ვნახოთ, როგორი ნახტომი გაქვსო. მეც ავხტი და პირველივე ცდაზე ფარს დავეკიდე. ამ ნახტომმა გადაწყვიტა ჩემი ბედი. ორი წელი „ტონოში“ ვიყავი, მერე კი გიორგი ავალიშვილმა „დინამოში“ გადამიყვანა. ამ პერიოდში უკვე წასულები იყვნენ თუ მიდიოდნენ კალათბურთიდან ბუმბერაზი მოთამაშეები: ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ვაჟა გვანცელაძე, ლევან ინწკირველი, შურა კილაძე, გურამ აბაშიძე… ძალიან წარმატებული სეზონი გამოდგა ჩემი სადებიუტო – საბჭოთა კავშირის ზამთრის ჩემპიონატი მოვიგეთ. 
– თქვენი მისვლიდან რამდენიმე წელიწადში კი, 1962 წელს, თბილისის „დინამომ“ ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო.
– აბა, კაცო, მთელი 46 წელი გასულა, უკვე როგორ დავბერებულვართ. ჩვენი წარმატება კი დღემდე ვერავინ გაიმეორა – ვერც კალათბურთელებმა, ვერც ფეხბურთელებმა და საერთოდ, საქართველოში ვერავინ. დიდებული გუნდი გვყავდა – ანზორ ლეჟავა, შურა კილაძე, ვალერი ალთაბაევი, რეზო გოგელია (უფალმა გაანათლოს მათი სული), გურამ მინაშვილი, ლევან ინწკირველი, ლარიკა ხაზარაძე,  ლევან მოსეშვილი… ჟენევაში ძალიან დაძაბული ფინალი გვქონდა მადრიდის „რეალთან“. ჩვენც მაგრად ვითამაშეთ და იმათმა ამერიკელებმაც, განსაკუთრებით ჰაითაუერმა, რომელმაც 30 ქულა ჩაგვიგდო. ჩვენგან საუკეთესო კი ვალერი ალთაბაევი იყო – 17 ქულა, ანზორ ლეჟავას 16 ქულა ჰქონდა, მე და შურა კილაძეს – 14-14. ამდენი კი არ მახსოვს, მაგრამ ამას წინათ გაზეთში ამოვიკითხე. ჩვენ უფრო გუნდურად ვთამაშობდით და ამით ვაჯობეთ მეტოქეს.
– მაგრამ არანაკლებ მძიმე ნახევარფინალური მატჩები იქნებოდა მოსკოვის ცსკა-სთან…
– მართალი ხართ, ეს გუნდი ხომ ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო. თან ორი შეხვედრა მოვუგეთ – ჯერ მოსკოვში, მერე თბილისში. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო.
– მაინც რის ხარჯზე, როგორ მოუგეთ არმიელებს?
– აბა რა გითხრათ, ალბათ ჩვენ უფრო მონდომებულები ვიყავით. თორემ სათამაშო დისციპლინა მათ ყოველთვის ჩვენზე მეტი ჰქონდათ და უძლიერესი მოთამაშეებიც ჰყავდათ გუნდში. ჰო, ალბათ მონდომების ხარჯზე მოვიგეთ. მოსკოვში რომ დავამარცხეთ, თბილისში უკვე არასდიდებით არ დავთმობდით მონაპოვარს.
– ახლა კი საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩიც გავიხსენოთ, 1959 წელს, საბჭოთა კავშირის ხალხთა პირველი სპარტაკიადის ნახევარფინალში სამმა ქართველმა ხუთ ლატვიელს რომ მოუგეთ.
– დიახ, დიახ, მესამე დამატებით დროში! ევროპის ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელებს! ლატვიის ნაკრები მთლიანად რიგის არმიელებით იყო დაკომპლექტებული! ძალიან დაძაბული, უხეში თამაში გამოდგა. მსაჯმა ზედიზედ გაყარა ჩვენი მოთამაშეები. მეორე ტაიმში შვიდმა კაცმა მიიღო მეხუთე პერსონალური შენიშვნა. ხუთნიღა დავრჩით, შემცვლელი აღარავინ გვყავდა. სულ ბოლოს გურამ აბაშიძე („აპოლონა“), ვალერი ალთაბაევი და თამაზ კაკაურიძე („ცუნცულა“) დარჩნენ. ლატვიელები ოთხი ქულით გვიგებდნენ, მაგრამ ვალერამ აიწყვიტა და ბალტიისპირელებიც გაშტერდნენ – ამას როგორ წარმოიდგენდნენ! არა, მართლაც ზღაპრული გამარჯვება იყო! რუსეთთან ფინალურ მატჩში კი ადამიანებს აღარ ვგავდით, არაქათი გამოცლილი გვქონდა და მაგრადაც წავაგეთ.
– ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი კიდევ ერთხელ მოგეცათ – 1972 წელს და ჩემპიონის წოდებასაც მოიპოვებდით – საქართველოს უკვე სამი ოლიმპიური ჩემპიონი ეყოლებოდა კალათბურთში…
– დიახ, მაშინ ბრწყინვალე ფორმაშიც ვიყავი, საკავშირო ნაკრებშიც ვთამაშობდი, მაგრამ მიუნხენში მაინც ვოლნოვი წაიყვანეს, რომელსაც კარგა ხნის განებებული ჰქონდა კალათბურთისთვის თავი. საქმე ისაა, რომ გენადიმ „სოვეტსკი სპორტში“ მწარედ გააკრიტიკა ალექსანდრ გომელსკი, რომელიც ნაკრებიდან ახალი მოხსნილი იყო და რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ცენტრალურ გაზეთში დაბეჭდილი ეს კრიტიკული სტატია კონდრაშინის წისქვილზე ასხამდა წყალს და მწვრთნელმაც ოლიმპიადაზე წაყვანით სამადლობელი გადაუხადა იმ საგაზეთო პუბლიკაციისთვის. თუმცა, რასაკვირველია, ვოლნოვს მიუნხენში პრაქტიკულად არც უთამაშია, ანკი რას შეძლებდა, რამდენი ხანი კალათბურთიდან წასული იყო. თან კონდრაშინი ისედაც ამრეზით მიყურებდა.
– ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
– ჟალგირისელი პაულაუსკასის წინააღმდეგ, მოსკოვის არმიელ სემიონოვთან…. მუდამ დაძაბული დუელები გვქონდა. რომის ოლიმპიადის ფინალში კი თავად ოსკარ რობერტსონის წინააღმდეგ ვითამაშე, ბუმბერაზი კალათბურთელი იყო, ვერაფერი მოვუხერხე. 1961 წელს, ბელგრადში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში იუგოსლავიის ნაკრებს შევხვდით და კორაჩის წინააღმდეგ ვითამაშე. ბრაზილიელ ამაურო დონ პასოს, ჯერი ლუკასს, იური კორნეევს, იანის კრუმინშს ვიჭერდი. იოლი არც ერთთან არ ყოფილა ბრძოლა, ხან მე ვუგებდი, ხანაც ისინი მჯობნიდნენ… 1962 წელს „მედისონ სქვერ გარდენში“ პროფესიონალთა მატჩს დავესწარი. ცინცინატისა და ნიუ-იორკის გუნდები თამაშობდნენ. მანამდე მსგავსი არაფერი მეხილა – ნამდვილი საკალათბურთო სპექტაკლი იყო უბადლო ვარსვლავების შესრულებით! ნიუ-იორკის გუნდში ბობ ქოუსი და ბილ რასელი თამაშობდნენ, ცინცინატში კი რობერტსონი, ის რობერტსონი, ორი წლით ადრე ჩემს წინააღმდეგ რომ ითამაშა. ვეღარ ვიცანი – პროფესიონალი რომ გახდა, ოსტატობაში ორი თავით გაიზარდა, ვიდრე რომის ოლიმპიადაზე იყო.
– ვინ მიგაჩნიათ საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელებად?
– საქართველოში ოთარ ქორქიას დარი არავინ ყოფილა. უცხოელებიდან ბობ რასელი, უილტ ჩემბერლენი, თუმცა ვაღიარებ, მაიკლ ჯორდნის მსგავსი კალათბურთელი ჯერ არ დაბადებულა!
– საბჭოთა და ქართველი მწვრთნელებიდან ვის მიანიჭებთ უპირატესობას?
– ალექსანდრ გომელსკის, სპანდარიანს, რიგის ვეფ-ის მწვრთნელის გვარს ვეღარ ვიხსენებ… ქართველთაგან საუკეთესოდ გიორგი ავალიშვილი მიმაჩნია.  ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი იყო ლევან ინწკირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვთა მწვრთნელები: მიხეილ კეკელიძე, სულიკო თორთლაძე, რომლებმაც ძალიან დიდი საქმე გააკეთეს.
– ძალიან დიდხანს ხელმძღვანელობდით სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ კათედრას…
– და ჩვენი უნივერსიტეტის სპორტსმენებს ძალიან დიდი მიღწევებიც ჰქონდათ, ათჯერ მაინც გვაქვს მოგებული საქართველოს უნივერსიადა, სპორტის ცალკეულ სახეობებში მშვენიერი შედეგები გვქონდა…