“ის ნამდვილად უნიკალური კალათბურთელი იყო” – ზურაბ საკანდელიძე 70 წლის გახდებოდა

“ის ნამდვილად უნიკალური კალათბურთელი იყო” – ზურაბ საკანდელიძე 70 წლის გახდებოდა

„გერმანელთა ფარის სიახლოვეს საბჭოთა კალათბურთელთა მცირე ჯგუფი მაღალი ბურთის დასაუფლებლად ემზადებოდა და აი, მოულოდნელად ჰაერში აიჭრა საკანდელიძე, ბურთი ხელთ იგდო და „მეორე სართულზე“ მყოფმა, შეუჩერებლივ ტყორცნა მეტოქის კალათში. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ კარგა ხანს ვერ მოვიდნენ გონს არათუ გერმანელი კალათბურთელები და მაყურებლები, არამედ მისი გუნდის წევრებიც… არა, ის ნამდვილად უნიკალური კალათბურთელი იყო, რომლის მსგავსიც დღემდე არ დაბადებულა“.
                ეს არის ნაწყვეტი ცნობილი სპორტული ჟურნალისტის დავით ჭელიძის წიგნიდან „კანდელი ზურაბ საკანდელიძისა“ (შემდეგშიც ყველა ციტატა ამოღებულია ამ წიგნიდან), რომელიც მან ზურიკოს გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, 2005 წელს დაწერა. ციტატის ავტორი კი გახლავთ ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი მოდესტას პაულაუსკასი, რომელმაც ზურიკოსთან ერთად საბჭოთა კავშირს პირველად მოუტანა 1964 წელს ნეაპოლში ევროპის ჩემპიონობა იუნიორთა შორის, 1967 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მონტევიდეოში და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა 1972 წელს მიუნხენში. გარდა ამისა, ისინი ერთად ზედიზედ 4-ჯერ გახდნენ ევროპის ჩემპიონები: 1965 წელს მოსკოვში, 1967 წელს ტამპერეში, 1969 წელს ნეაპოლში და 1971 წელს ესენში. აქედან გამომდინარე, მოდიას უმაღლეს პროფესიონალიზმსა და მის მიერ გამონათქვამებში ეჭვის შეტანაც კი, ალბათ, დიდი მკრეხელობა იქნებოდა.

                მოდიას მიერ ზემოაღწერილი სათამაშო ეპიზოდი მოხდა 1967 წლის ევროპის პირველობაზე ფინეთის ქალაქ ტამპერეში. „ტამპერეში გამართული ევროპის პირველობა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი გამოდგა ზურაბ საკანდელიძისათვის. გარდა იმისა, რომ იქ მეორედ დაისაკუთრა კონტინენტის ჩემპიონატის უპირველესი პრიზი, ქართველმა კალათბურთელმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. თუ ვაშინგტონში, კალათბურთის სამშობლოში, დიდებული თამაშისთვის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს, ფინეთში სრულიად ევროპის კალათბურთის სამყარომ საუკეთესო მცველად აღიარა და სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. 22 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. ევროპის ჩემპიონატზე ზურაბს „მფრინავი რაკეტა“ და „კოსმოსური სიჩქარის მეფე“ შეარქვეს“.
                საერთოდ, 1967 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ზურაბისთვის, რომელმაც ევროპის ჩემპიონობის მეორე ოქროს მედლის მოპოვებისა და ევროპის საუკეთესო მცველად აღიარებამდე რამდენიმე თვით ადრე მონტევიდეოში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა და დასახელებულ იქნა მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. ამავე წელს დაასახელეს ის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.
რაც შეეხება ქალაქ ვაშინგტონის საპატიო მოქალაქედ არჩევას, ეს მოხდა 1965 წელს, როცა აშშ-ში ტურნეს მართავდა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრები და ამ ნაკრების ახალბედა, 19 წლის ზურაბ საკანდელიძის თამაშით აღტაცებული ვაშინგტონის მერის ინიციატივით ზურაბი აირჩიეს ვაშინგტონის საპატიო მოქალაქედ. ამავე ტურში ქალაქ სიეტლში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, როცა აშშ-ის ნაკრები დაამარცხა, მოხდა ამერიკის საკალათბურთო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა. „ამ შეხვედრის შემდეგ ზურაბ საკანდელიძე ატაცებული გაუყვანიათ მოედნიდან ამერიკელ გულშემატკივრებს!“ დიახ, კალათბურთის სამშობლოში 19 წლის ზურაბ საკანდელიძის თამაშმა ისე  აღაფრთოვანა მრავლის მომსწრე და მნახველი ამერიკელი გულშემატკივრები, რომ ისინი თამაშის დამთავრების შემდეგ გადაცვივდნენ კალათბურთის მოედანზე და ხელში ატაცებული გამოიყვანეს ზურაბი მოედნიდან!

                მომიტევოს მკითხველმა, რომ ჩემს ძმას მე თვითონ ვაქებ, მაგრამ ზურაბის გარდაცვალებიდან 11 წელიწადზე მეტი გავიდა და დღემდე მის შესახებ ვერაფრის დაწერა ვერ შევძელი. არადა, კალამი თითქოს მიჭრის და წერა შემიძლია. როგორც ჩანს, ძალიან ახლობლებზე წერა ყოფილა ძალიან ძნელი. დღეს კი, ჩვენს რვა და-ძმაში არა მარტო კალათბურთელობით, არამედ ყველა თვისებით მართლაც გამორჩეული ძმის დაბადების 70 წლისთავზე მინდა შევახსენო ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომლებმაც ზურიკოს შესახებ არაფერი იციან (არ იციან იმიტომ, რომ გარდაცვალებიდან 11 წლის განმავლობაში ზურიკოზე თითქმის არაფერი არ დაწერილა!), ზურაბ საკანდელიძის სახით საქართველოს ჰყავდა კალათბურთის მსოფლიო ლეგენდა. ამ ლეგენდით კი მათ შეუძლიათ იამაყონ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც უყვართ და პატივს სცემენ კალათბურთს. არ შეიძლება წარსულის დავიწყება, რადგან ნათქვამია: ივიწყებ წარსულს, კარგავ მომავალს! ახლა კი, შევეცდები მე ნაკლებად ვილაპარაკო და ძირითადად ვალაპარაკო „ციტატები“:
                1980 წელს ალექსანდრე გომელსკიმ გამოსცა წიგნი „კალათბურთი იპყრობს სამყაროს“ და 1981 წლის 10 თებერვალს აჩუქა ზურიკოს ასეთი წარწერით:  «Близкому и славному Сако (საკოს კალათბურთში ჯერ მე მეძახოდნენ და შემდეგ ჩემზე 5 წლით უმცროს ზურიკოს, – ა.ს.). Одному из самых великих баскетболисто в нашего времени».
კალათბურთის მსოფლიო ფედერაციის თავმჯდომარე უილიამ ჯონსი: „საკანდელიძის თამაში ცეცხლოვან ქართულ ცეკვებს მაგონებს“.
ვალერი ალთაბაევი: „ის იყო კალათბურთის მიშა მესხი, სლავა მეტრეველი. ქართული კალათბურთი ყოველთვის იმპროვიზაციას ეფუძნებოდა. ზურიკო კი იმპროვიზაციის მეფე იყო. ამის სწავლა არ შეიძლება. ეს შინაგანად უნდა დაგყვეს“.
ზურაბ გრძელიძე: „ფენომენი იყო. კალათბურთის ვირტუოზი“.
ნოდარ ქორქია: „ზურასთანა კალათბურთელი იშვიათად თუ დაიბადება, სასწაულებრივი სისწრაფე ჰქონდა. არ მეგულება მისი ამპლუის კალათბურთელი, მასზე უკეთ რომ თამაშობდეს, მასზე სწრაფი რომ იყოს“.

ლევან მოსეშვილი: „ზურიკო ერთ-ერთი გამორჩეული მარგალიტია სახელოვან კალათბურთელთა კოჰორტაში. მისი სახელი სამუდამოდ არის ჩაწერილი ქართული, საბჭოთა, ევროპისა და მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში“.
გურამ მინაშვილი: „საქართველოში ლეგენდარულ კალათბურთელებს რა გამოლევს, მაგრამ ზურიკო იყო ერთადერთი კაშკაშა ვარსკვლავი, რომელსაც ყველა მწვერვალი დაპყრობილი ჰქონდა“.
მიხეილ ქორქია: „მსგავსი ტალანტის მნახველი არა ვარ. როცა საჭირო და აუცილებელი იყო, მაშინ გამოავლენდა თავის უსაზღვრო ნიჭს. ფენომენალური თავდამსხმელი და მცველი იყო, ახალი პრესინგი შექმნა, რომელიც რეაქციასა და სისწრაფეს ეყრდნობოდა… ზურაბ საკანდელიძე ბედნიერი გამონაკლისი იყო. მას შეეძლო მეგობრების ხათრი არ გაეტეხა, მათთან ერთად ეტარებინა დრო და მეორე დღეს სპორტულ მოედანზე ისეთივე „მფრინავი რაკეტა“ ყოფილიყო, იმგვარადვე აღეფრთოვანებინა მაყურებელი ბრწყინვალე თამაშით, როგორც ყოველთვის“.
                მეგობრების ხათრით ასეთი ქართული სუფრები და მეორე დღეს მართლაც გამაოგნებელი ვირტუოზული თამაშები ნამდვილად ბევრი იყო ზურიკოს სპორტულ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1972 წელს ოლიმპიური ჩემპიონობის ოქროს მედალი მაგიდაზე დამიდო ამ სიტყვებით: მეტი ტიტული დედამიწაზე აღარ არსებობს. რაც არსებობს, ყველაფერი ჩამოვიტანე საქართველოში. აწი მაინც დამანებე თავიო. მაშინ ზურიკო 27 წლისა იყო, რაც კალათბურთელის ნიჭის გაფურჩქვნის ასაკია. არადა, ზურიკო ზუსტად ამ ასაკში გამოვიდა ჩემი კონტროლიდან, უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ოჯახსა და წარმოებას, სადაც დირექტორად მუშაობდა. სულ ვფიქრობ, ზურიკომ თავისი მაქსიმალური შესაძლებლობების რამდენი პროცენტი ითამაშა და რა მოხდებოდა, რომ 1965 წლის ამერიკაში ჩატარებული ტრიუმფალური ტურნეს დროს 19 წლის ზურაბ საკანდელიძეს მიეღო გამაოგნებელი წინადადებებიდან ერთი მაინც, დარჩენილიყო ამერიკაში და გადასულიყო პროფესიონალებში. ალბათ, ის გაიხსნებოდა სრული 100 პროცენტით და ნამდვილად მიჭირს 100 პროცენტით გახსნილი ზურიკოს წარმოუდგენელი თამაშის წარმოდგენა. ჩემი აზრით კი მან ითამაშა თავისი მაქსიმალური შესაძლებლობების ალბათ 60-70 პროცენტი.
                ზურიკომ ტრიუმფით დაიწყო და ტრიუმფით დაამთავრა სპორტული კარიერა. 1964 წელს თბილისის „დინამოში“ ახალმისულმა 18 წლის ზურიკომ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჩატარებულ სოციალისტური ქვეყნების „დინამოს“ გუნდების საკმაოდ ძლიერ პირველობაზე პირველი ადგილიც დაიკავა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა. ამავე წელს ზურიკომ და მოდიამ საბჭოთა კავშირი პირველად გახადეს ევროპის ჩემპიონი იუნიორთა შორის და ამ ტანდემზე საშუალოდ მოდიოდა მთელი გუნდის მიერ მოპოვებული ქულების 70 პროცენტზე მეტი. 1975 წლის კიევში ჩატარებულ საბჭოთა კავშირის ხალხთა მე-6 სპარტაკიადაზე, სადაც საბჭოთა კავშირის ყველა გამორჩეული კალათბურთელი თავიანთი რესპუბლიკების ნაკრებების სახელს იცავდა, კალათბურთზე თითქმის თავმინებებულმა ზურიკომ ერთხელ კიდევ მოიხადა ვალი საქართველოს წინაშე, სპარტაკიადის დაწყების წინ ცოტა წაივარჯიშა და დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების მიერ ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში, თვითონ კი გახდა ამ სპარტაკიადის კალათბურთელთა ტურნირის მთავარი ბომბარდირი!
                ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლების 20 წელიწადი მეც შევწირე კალათბურთს, რაღაცას მეც „ვკალათბურთელობდი“, ოთხჯერ გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის და ამიტომ კალათბურთში მეც გამეგება რაღაც. არა როგორც ძმა, არამედ როგორც კალათბურთელი და ზურიკოს ერთ-ერთი მუდმივი მწვრთნელი, მეც ვეთანხმები ჩემს ძმაზე გამოთქმული ხოტბის ყველა ავტორს, მათ შორის მოდესტას პაულაუსკასის ამ ნათქვამსაც: „ის ნამდვილად უნიკალური კალათბურთელი იყო, რომლის მსგავსიც დღემდე არ დაბადებულა“.
ანზორ საკანდელიძე     
                  თბილისის „ბურევესტნიკისა“ და სსრ კავშირის სტუდენტთა ნაკრების ყოფილი წევრი