მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის სათამაშოდ ისლანდიაში წასულ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ავიაკომპანია Lufthansa-ს მიზეზით გზა გაუმრუდდა, რის გამოც დანიშნულების ადგილზე, ქალაქ რეიკიავიკში ერთი დღის დაგვიანებით ჩავა. გერმანიიდან გამოფრენილი თვითმფრინავი, რომელსაც 7 ნოემბერს, გამთენიისას საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენში უნდა გაყოლოდენ, აფრენიდან მალევე უკან მიბრუნდა. ტექნიკური პრობლემების გამო ავიახომალდი მიუნხენის აეროპორტში დაბრუნდა და შესაბამისად, ჩვენი ნაკრების თბილისიდან გერმანიაში გასამგზავრებელი რეისიც არ შესრულდა.
საქართველოს ნაკრების წევრები მიუნისკენ დღეს, 16:00 საათზე გაფრინდნენ, რის გამოც მიუნხენი-რეიკიავიკის რეისს ვერ ჩაუსწრეს და ამ ღამეს გერმანიაში გაათენებენ. ნაკრების სამგზავო მარშუტში ჩაემატა რეისი ფრანკფურტის მიმართულებით, საიდანაც ჩვენი გუნდი ისლანდიის ქალაქ კეფლავიკში სამშაბათს, 8 ნოემბერს, 11:00 საათზე გაემგზავრება და რეიკიავიკში ავტობუსით ნახევარ საათში ჩავა.
მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ბირთვი რეიკიავიკში 24 საათის დაგვიანებით იქნება, სადაც მათ დახვდებიან გუნდის მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი, მოთამაშეები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია, რომლებიც ისლანდიაში იმ ქვეყნებიდან ჩავიდნენ, სადაც თამაშობენ.
საქართველოს ნაკრები თბილისიდან შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური და მწვრთნელი, ანატოლი ბოისა.
გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნაკრებს მატჩის წინა დღეს, მას შემდეგ შეუერთდება, რაც 9 ნოემბერს ევროლიგაში მილანის წინააღმდეგ ითამაშებს.