ისრაელის 20-წლამდელებმა ქართველებს პირველი სპარინგი მოუგეს

ისრაელის 20-წლამდელებმა ქართველებს პირველი სპარინგი მოუგეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ებრაელ თანატოლებთან საკონტროლო მატჩი წააგო. საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა ორიდან პირველ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა. თბილისში საკონტროლო მატჩების ჩასატარებლად ჩამოსული ისრაელის ნაკრები საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაკრებმა გასულ წელს B დივიზიონში მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველომ პირველი, ამ გუნდების შეხვედრაში დღეს 23-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
საქართველოს ნაკრები გასული წლის ზაფხულის სემდეგ  თორნიკე შენგელიამ, ბექა ჩიკვილაძემ, გივი ბაქრაძემ და რამდენიმე კალათბურთელმა დატოვა. თაობა შეიცვალა ისრაელის ნაკრებშიც, თუმცა, როგორც ჩანს, უფრო მძლავრი შევსება ებრაელებმა მიიღეს.

არადა, პირველი მეოთხედი ქათველებმა მოიგეს. მერაბ ბოქოლიშვილის 2 სამქულიანისა და დუდა სანაძის სროლებით ჩვენები 13:8 დაწინაურდნენ. პირველი მეოთხედის ბოლოს კი ქართველთა 3-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა – 21:18.
მეორე მეოთხედის ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, თუმცა ებრაელებმა მწყობრი დაცვის ხარჯზე მასპინძლები აიძულეს, ზომაზე ბევრი შეცდომები დაეშვათ და დიდი შესვენებისთვის უკვე ისრაელი დაწინაურდა – 39:34. მესამე პერიოდმა თანაბრად ჩაიარა და ქართველებს თამაშის მოგების შანსი ბოლო მეოთხედამდე შერჩათ. თუმცა ბოლოს ყველაფერი თავდაყირა დადგა. ისრაელმა ძირითადად ფიზიკური მომზადების ხარჯზე იძალა. ბოლო ათწუთეულში სტუმრებმა ყველა კომპონენტში აჯობეს მასპინძლებს და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს.
ხვალ, 27 ივნისს, აკადემიის დარბაზი საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრგულ ნაკრებებს შორის მეორე საკონტროლო მატჩს უმასპინძლებს. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.
შარონ დრუკერი (ისრაელის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი): “საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ძალიან კარგად მიგვიღო. თქვენს ქვეყანაში, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ჩამოვედით. ვფიქრობ, ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით დაცვაში. ქართველებს საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, 3-ქულიანებს კარგად ისვრიან. ხვალაც შევეცდებით ღირსეულად ვიასპარეზოთ და გავიმარჯვოთ”.დავით უსტიაშვილი (საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი): “რასაკვირველია, შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა პირველი თამაში იყო და ვიცოდი, რომ გაგვიირდებოდა. ჯერ შეთამაშებულები არ ვართ და ჩვენი უმთავრესი მიზანი, ევროპის ჩემპიონატისთვის ოპტიმალურ ფორმაში შესვლაა, რომელიც 12 ივლისს იწყება. ხვალ, აუცილებლად უნდა მოვიგოთ”.
ამხანაგური მატჩი. 20-წლამდელები. საკალათბურთო აკადემია. 26 ივნისი
საქართველო 54:77 ისრაელი
21:18, 13:21, 10:11, 10:27
საქართველო: ფხაკაძე (3ქ), სანაძე (16ქ), ბოქოლიშვილი (8), ბურჯანაძე (9ქ, 15მ), ლომინაშვილი (6); ტეტელაშვილი, ელიაძე, ლობჟანიძე (3), მაჩალაძე, თენიეშვილი (3), ალხანაიძე (6), როგავა
ისრაელი: ლავი (16), ტომორი (13), დოუსენი (11), ბლეიზერი (10ქ, 15მ), მაიორი (5), ავრამოვიჩი (3), დრაპიჩი, არიელი (4), ლევანოვსკი (4), კლინმილცი, ელიასპური (4), ალტიტი (7)