ისრაელს სამშაბათს თბილისში რევანში უნდა ავუღოთ

ისრაელს სამშაბათს თბილისში რევანში უნდა ავუღოთ

საქართველოს ნაკრებმა ზუსტად იმ ანგარიშით წააგო ისრაელთან, რამდენითაც წინა დღეს ჰოლანდიას მოუგო – 77:72. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ებრაელებთან ბოლომდე ღირსეულად იბრძოლა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შესძლო.
 
წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად იგორ კოკოშკოვმა გიორგი ცინცაძე განაცხადში შეიყვანა და ეს უკანასკნელი მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ცინცაძემ 13 წუთში 12 ქულა მოაგროვა, რაც ქართველთაგან მეორე საუკეთესო შედეგია ზაზა ფაჩულიას (13 ქულა) შემდეგ.
 
 
 
ჰოლანდიასთან მოგების ერთ–ერთმა შემოქმედმა მანუჩარ მარკოიშვილმა ამჯერად 10 ქულას მოუყარა თავი. სწორედ მანუჩარი იმყოფებოდა ქართველთაგან ყველაზე დიდ ხანს მოედანზე – 27 წუთით. გიორგი შერმადინს მხოლოდ 15 წუთი ეყო 11 მოხსნის მოსაგროვებლად და მას ქულებიც საკმაოდ ჰქონდა – 8. თორნიკე შენგელიამ ისევ უწია ათქულიან თამასას, მან 17 წუთში ზუსტად 10 ქულა მოაგროვა. მარკიზ ჰაინსმა მხოლოდ 13 წუთი დაჰყო მოედანზე და 7 ქულა მიითვალა.
 
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ებრაელებმა საწყისი მეოთხედიც და მეორეც თითო ქულით მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 37:35 დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში ისრაელმა გაილაღა და ათწუთეული მთელი 11 ქულით მოიგო –  შესაბამისად, გადამწყვეტი მეოთხედის წინ სოლიდური ლიდერობა დაიბევა: 63:50.
 
ზოგადად, 13–ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება იოლი საქმე არაა, თუმცა სავსებით შესაძლებელია. ქართველებმაც მოინდომეს და ცოტაც რომ გამართლებოდათ, გაიმარჯვებდნენ კიდეც. კოკოშკოვის დამოძღვრილმა გუნდმა ბოლო პერიოდი 22:14 მოიგო, თუმცა ეს საბოლოო წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ ის ანგარიში, ოღონდ საპირისპიროდ დაფიქსირდა, რომლითაც საქართველომ გუშინ ჰოლანდიას მოუგო – 72:77.
 
საქართველოს ნაკრებს ებრაელებთან რევანშის კარგი შანსი აქვს. ისრაელი ზეგ თბილისში ჩამოდის და დამდეგ სამშაბათს სპორტის სასახლეში კოკოშკოვის გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრება. მანამდე კი ქართველები ჰოლანდიის ოთხთა ტურნირს დაასრულებენ – ხვალ, ტურნირის ბოლო მატჩში ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდ „ვილანოვას“ შეხვდებიან, რომელმაც, სხვათა შორის, გუშინ ისრაელს 92:90 მოუგო.
 
 
 
ისრაელი 77:72 საქართველო
18:17 19:18 26:15 14:22
 
საქართველო
ხუთეული: გამყრელიძე (22წთ), მარკოიშვილი (27წთ, 10ქ), სანიკიძე (24წთ, 7ქ, 2 დაფარება),  ვ. ბოისა (17წთ, 2ქ), ფაჩულია (25წთ, 13ქ, 6მ)
სათადარიგონი: ცინცაძე (13წთ, 12ქ), შერმადინი (15წთ, 8ქ, 11მ), შენგელია (17 წთ, 10ქ), ცქიტიშვილი (18წთ, 3ქ), ჰაინსი (13წთ, 7ქ), ა. ბოისა (7წთ), ფაცაცია (5წთ)
ისრაელი: ბლუ (13), კადირი (13), პნინი (9), ჰალპერინი (9), ბურშტეინი (8), ელიაჰუ (8).