იური ძიძიგურის ხსოვნის ტურნირი სოხუმის გუნდმა მოიგო

იური ძიძიგურის ხსოვნის ტურნირი სოხუმის გუნდმა მოიგო

დღეს დასრულდა იური ძიძიგურის ხსოვნის ტურნირი კალათბურთში, რომელიც 20 აპრილიდან ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში მიმდინარეობდა. ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ აფხაზეთის კალათბურთის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

იური ძიძიგური გახლდათ გაგრელი კალათბურთელი, რომელიც 1970-80 წლებში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას. კარიერის დასრულების შემდეგ ის მუშაობდა გაგრის პოლიციის უფროსად, რომელიც 1992 წლის 2 ოქტომბერს მშობლიური ქალაქის დაცვის დროს გმირულად დაიღუპა.

ტურნირში 18-წლამდელთა 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი:

“ა” ჯგუფი: სოხუმი 1, ოვერტაიმი, მართვე, ქუთაისი
“ბ” ჯგუფი: სოხუმი 2, თბილისი-ბასკეტ, ვინგზი, რუსთავი

ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირველ ადგილზე გასულები ფინალში შეხვდნენ, ხოლო მეორეადგილოსნებმა მე-3 ადგილი გაითამაშეს. ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა საკალათბურთო კლუბი “ვინგზი” (მთ. მწვრთნელი ნიკა ბურჯანაძე), რომელმაც “ქუთაისს” დაძაბულ ბრძლაში – 47:44 სძლია. 

ფინალში ლიკა და ალექსანდრე ქაჯაიას გაწვრთნილმა სოხუმი 1-მა დამაჯერებელი სხვაობით – 66:39 სძლია “თბილისი-ბასკეტს” (მწვრთნელი დავით ბერძენიშვილი).

მე-3 ადგილზე გასული “ვინგზი” აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს სპორტის სამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიანიძემ დააჯილდოვა. 

მე-2 ადგილზე გასულ “თბილისი ბასკეტს” მედლები და სიგელები გადასცა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე-ვიტალი ბენდელიანმა.

ჩემპიონ სოხუმელებს მთავარი ტიტული იური ძიძიგურის ვაჟმა, ირაკლი ძიძიგურმა გადასცა.