ივერიონმა ვსა თბილისში დაამარცხა, გურჯაანმა ორბს ტყიბულში მოუგო

ივერიონმა ვსა თბილისში დაამარცხა, გურჯაანმა ორბს ტყიბულში მოუგო

დიღმის არენაზე საინტერესო მატჩი გაიმართა. vsa-basketball-მა, რომელიც სუპერლიგის დებიუტანტია, გორის ივერიონი მიიღო და სეზონში პირველი მარცხი განიცადა. აქამდე დებიუტანტმა 2 მატჩი მოიგო – ბათუმთან და ამრასთან, თუმცა წარმატებული სერია ვეღარ გააგრძელა და ივერიონთან 84:92 (სტატისტიკა) დამარცხდა.

გორელებს ტრავმის გამო რევაზ როგავა აკლდათ, თუმცა ამ მხრივ პარიტეტი დაცული გახლდათ – ვსა-ს ძირითადის უკანახაზელი, დავით კაკუშაძე აკლდა. უფრო ზუსტად, კაკუშაძე გუნდთან იყო, თუმცა ტრავმის გამო მოედანზე არ გასულა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, რომლის პირველი ნახევარი უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

გორელებმა პირველი პერიოდი 20:14 მოიგეს, მაგრამ მეორეში ვსა-ს კალათბურთელებმა შორი სროლებით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ლუკა ზაქრაძემ იმდენჯერ დასაჯა მეურვე, რამდენჯერაც ის პერიმეტრზე უმეთვალყურეოდ იმ მოტივით დატოვა, რომ ვერ ჩააგდებდა. ზაქრაძემ მეორე პერიოდში 11 ქულა (3 სამქულიანი) ჩააგდო და ვსა თამაშში დააბრუნა.

მესამე პერიოდიდან ამოქმედდა რეჯი მესიდორი, რომელმაც თავად ხომ ყველაზე მეტი ჩაგდო, სხვებსაც უხვად ჩააგდებინა. მესიდორი აუცილებლად შევა ამ (მე-5) ტურის სიმბოლურ ხუთეულში და დიდი ალბათობით ტურის MVP-იც გახდება. მის ანგარიშზე 29, 18 პასი, 6 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაგროვდა. 18 შედეგიანი გადაცემა მიმდინარე სუპერლიგის კი არა, რაც სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყო (2007-2008 წლების სეზონიდან), საუკეთესო შედეგია.

მესიდორის წინამძღოლობით გორელებმა 23:17 მოიგეს მესამე პერიოდი და 9 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ვსა ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფრის შეცვლა ვეღარ მოახერხა. ივერიონი დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე და მიმდინარე სუპერლიგის ლიდერთა შორის მოექცა. 

მესიდორის კვალზე 22 ქულით ოსტონ ჩატმანი გამოირჩა. 13 ქულა და 9 მოხსნა ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზეა. ვსა-ს შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჯერმეინ ჰედმა დააფიქსირა – 20 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი. 19 ქულა და 5 პასი ლუკა ზაქრაძემ მიითვალა, ქსავიერ ჰილ მეისის ანგარიშზეც 19 ქულა დაგროვდა. 

დღის ბოლო და ტურის ბოლოსწინა მატჩი ტყიბულში გაიმართა, სადაც სათამაშოდ გურჯაანის დელტა ჩავიდა. მატჩი კახური გუნდის გამარჯვებით – 83:80 (სტატისტიკა) დასრულდა. საბოლოო სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გურჯაანელები 20 ქულას იგებდნენ – მატჩის დასრულებამდე 7:30 წუთით ადრე დელტა 73:53 ლიდერობდა. დარჩენილ დროში ორბმა თამაშში მხოლოდ დაძაბულობის შეტანა მოახერხა. თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ტყიბულელებმა ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება (78:80) მოახერხეს, თუმცა მეტის მიღწევა ვეღარ შეძლეს.

გამარჯვებულებს 27 ქულით სკილერ პოტერმა ულიდერა. 18 ქულა და 9 მოხსნა საბა ლობჯანიძის ანგარიშზეა. ორბში 26 ქულით საუკეთესო დონდრე რედიკი გახლდათ.

მე-5 ტურის ბოლო შეხვედრა 3 ნოემბერს, ზესტაფონში, მარგვეთსა და თსუ-ს შორის გაიმართება. ამავე დღეს ჩატარდება მე-4 ტურის გამოტოვებული შეხვედრა ქუთაისსა და რაშს შორის.