საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირი აქტიურად აგრძელებენ ფიბა-ევროპასთან თანამშრომლობას და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სამწვრთნელო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელების ახალი ნაკადი მიავლინეს. აღნიშნული პროგრამა (FIBA Europe Coaching Certificate) სამწლიანია და გასულ თვეში მისი სერტიფიკატი ანდრო ანთელიძემ მიიღო. პროგრამის ფარგლებში, მისი მონაწილეთათვის ყოველ ზაფხულს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების (16, 18 და 20-წლამდელები) პარალელურად სემინარები იმართება, რასაც გამოცდები მოჰყვება, რის წარმატებით გავლის შემთხვევაში მწვრთნელები FECC-ის სერტიფიკატებს იღებენ.
სწორედ აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვნენ ჯაბა ბაქრაძე და დავით ნოზაძე, რომლებიც სემინარებზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იმყოფებოდნენ, სადაც ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატი (A დივიზიონი) ჩატარდა. FECC-ის პროგრამის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია.მონაწილეებს დილიდან სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში უწევთ თეორიული სემინარების მოსმენა, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზებში, პრაქტიკული მეცადინეობებისთვის ინაცვლებენ. საღამოს კი 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დღის ცენტრალურ მატჩებს ესწრებიან და ევროპელ სპეციალისტებთან ერთად სხვადასხვა ტაქტიკურ თუ სათამაშო კომპონენტებს განიხილავენ.
პროგრამაში წამყვანი ევროპელი მწვრთნელები მონაწილეობენ, რომელთაგან გამოსარჩევნი არიან ნენად ტრუნიჩი, ანდრია ტრინკიერი, იანის დროვიჩი, მარკო რამონდინო, მაიკოლ შვარცი. მომავალ წელს ბაქრაძესა და ნოზაძეს FECC-ის პროგრამის მეორე ეტაპის გავლა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ელით, ხოლო 2025 წელს პროგრამის დასკვნითი ეტაპი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პარალელურად გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირი FECC-ისა და ფიბა-ს სხვადასხვა პროფილის სამწვრთნელო პროგრამებში აქტიურადაა ჩრთული, რაც ყოველწლიურად ახალგაზრდა მწვრთნელების უცხოეთში მივლინებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვაში გამოიხატება.