საქართველოს ახალმა ამერიკელმა კალათბურთელმა, ჯო ტომასონმა თავის ახალ კლუბ თელ ავივის მაკაბიში პირველი მატჩი ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ტომასონი საქართველოს ნაკრებში გადმოსვლასთან ერთად კლუბიც გამოიცვალა – ესპანური გრანადიდან ებრაულ მაკაბიში გადავიდა. ისრაელის ჩემპიონატის მორიგ მატჩში მაკაბიმ თელ ავივში რამათ განის მაკაბის უმასპინძლა და თანაბარი 3 პერიოდის შემდეგ ბოლო მეოთხედში გატეხა – საბოლოოდ 92:75 მოუგო.
ტომასონი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ თამაშში მალევე ჩაერთო და 11:31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. პერიმეტრიდან მან ორიდან ერთი ბურთი ჩააგდო, საშუალოდ დისტანციიდან კი სამიდან ერთი. საჯარიმოს ხაზთან ის ორჯერ დადგა და ორივეჯერ ზუსტად ისროლა. რაც შეეხება პასივს, მან ორჯერ დაკარგა ბურთი და სამჯერ დაჯარიმდა.
ამერიკელი კალათბურთელი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრამდე, რომელშიც საქართველო 23 თებერვალს დანიას დაუპირისპირდება, მაკაბის შემადგენლობაში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს – 16 თებერვალს თელ ავივის გუნდი ისრაელის სუპერლიგაში ჰაპოელ იერუსალიმს შეხვდება, შემდეგ კი, 18 თებერვალს გალილ ელიონს.