საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Jr. NBA-ის მსოფლიო პირველობის პლეი ოფში ლუკა ალავიძის ევროპა ჩინეთს შეხვდება

Jr. NBA-ის მსოფლიო პირველობის პლეი ოფში ლუკა ალავიძის ევროპა ჩინეთს შეხვდება

ამერიკის ქალაქ ორლანდოში მიმდინარე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში ევროპის ნაკრები ჩინეთს შეხვდება. მოგეხსენებათ, ევროპის კონტინენტის ღირსებას ჩვენი თანამემამულე ლუკა ალავიძე იცავს. პლეი ოფამდე ყველა გუნდმა 3-3 მატჩი გამართა და დღეიდან მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება. 

Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის პრინციპი ასეთია. ერთ მხარესაა ამერიკის 8 რეგიონალური გუნდები: სამხრეთდასავლეთი, ჩრდილოაღმოსავლეთი და ასე შემდეგ. მეორე მხარეს კი დანარჩენი მსოფლიოს 8 გუნდი – ასევე რეგიონალური პრინციპით: ევროპა, აფრიკა-ახლო აღმოსავლეთი, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, აზია პასიფიკი, ინდოეთი და სამხრეთ ამერიკა. პლეი ოფის შედეგად, ორივე მხარეს – ამერიკის და დანარჩენი მსოფლიოს ჯგუფშიც გამოვლინდება თითო საუკეთესო. სწორედ ეს 2 გუნდი შეხვდება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 12 აგვისტოს. 

ეგრედ წოდებული რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში ევროპის ნაკრებმა 58:46 დაამარცხა აზია-პასიფიკი. ისევე როგორც წინა 2 შეხვედრა, ლუკა ალავიძემ თამაში ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა მოედანზე მთლიანობაში მხოლოდ 02:29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 1 მოხსნის მოპოვება მოახერხა. 

პლეი ოფისთვის გამოყოფილია 4 დღე. სერია 1 გამარჯვებამდეა. მოგებული ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, წაგებული კი ტურნირს ასრულებს. 

მსოფლიოს პლეი ოფში გუნდები ასე დაწყვილდნენ: 
ევროპა VS ჩინეთი
აზია-პასიფიკი VS მექსიკა
აფრიკა-ახლო აღმოსავლეთი VS ინდოეთი
კანადა VS სამხრეთ ამერიკა

ამერიკის რეგიონალური საპლეიოფო ბადე ასე გამოიყურება:

შუაატლანტიკა VS სამხრეთაღმოსავლეთი
შუადასავლეთი VS ჩრდილოაღმოსავლეთი
ცენტრალური VS ჩრდილოდასავლეთი
სამხრეთი VS დასავლეთი