Junior NBA-GBF ლიგის გათამაშება აჭარიდან და ქვემო ქართლიდან დაიწყო

Junior NBA-GBF ლიგის გათამაშება აჭარიდან და ქვემო ქართლიდან დაიწყო

საქართველოში ჯუნიორ ნბა-ს ახალი სეზონი დაიწყო. ტურნირი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA),  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მე-6-ედ ტარდება, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2022 წლის სეზონში 75 გუნდი და 1200-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი მონაწილეობს.  პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ჯუნიორ ნბას-ს ლიგა NBA-ს ანალოგიური პრინციპით ტარდება. ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს.  „ა“ ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და  ბათუმში ჩატარდება,  „ბ“ ლიგის თამაშებს კი მთლიანად  დედაქალაქი უმასპინძლებს.

გულშემატკივრებს  შეუძლიათ ჯუნიორ ნბა-ს ლიგის მსვლელობას და სიახლეებს  თვალ-ყური მიადევნონ ჯუნიორ ნბა-ს ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – jrnbaleague.ge   და  ოფიციალურ აპლიკაციაზე, რომელსაც OWQLO წარმოგიდგენთ.  OWQLO-ს აპლიკაციის გადმოწერა  შეგიძლიათ Google Play-დან ან App Store-დან.

წლევანდელი სეზონი აჭარის, დასავლეთის დივიზიონიდან დაიწყო, სადაც პირველი წრის თამაშები ჩატარდა. ოთხივე მატჩი მოიგო “ბათუმის” პირველმა გუნდმა, რომელიც ტურნირში “საკრამენტო კინგსის” სახელით გამოდის. პირველი წრის მატჩები გაიმართა სამხრეთაღმოსავლეთ (ქვემო ქართლის) დივიზიონში. ყველა მატჩი მოიგო რუსთავის აკადემიამ (ატლანტა ჰოუქსი) და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. თამაშები დაიწყო დედაქალაქის (ატლანტიკის) დივიზიონში, სადაც 2 შეხვედრა ჩატარდა. ტურნირის ფავორიტთა მატჩში “ვინგსმა” (ტორონტო) 31:15 დაამარცხა ზაზას აკადემია (ნიუ იორკი), ხოლო “თბილისი ბასკეტმა” (ბოსტონი) 59:11 “ორბს” (ბრუკლინი) სძლია.

ჯუნიორ NBA-GBF ლიგის თამაშები დაიწყება იმერეთის, კახეთის და შიდა ქართლის დივიზიონებში.