ჯუნიორ NBA-ს ძირითადი, A ლიგის გამარჯვებული გახდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი. ზფა-მ, რომელიც ტურნირზე ბრუკლინ ნეთსის სახელით ასპარეზობდა, ფინალურ მატჩში 55:42 სძლია აჭარის ნაკრებს (დალასი) და ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილი ერგო ტორონტო რეპტორსის სახელით მოასპარეზე “ოვერტაიმს”, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში ქუთაისი 3 (პორტლენდი) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ჯუნიორ NBA ჯამში 3 ლიგას მოიცავს და თითოეულში 30-30 გუნდი ასპარეზობს. წლევანდელ ჯუნიორ ნბა-ს გათამაშებებში ჯამში 2040 ბავშვი მონაწილეობდა, რაც ნებისმიერი ასაკობრივი ლიგისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ტურნირი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ევროპული წარმომადგენლობის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
გამარჯვებულები საჩემპიონო ბეჭდებით ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ბექა ბურჯანაძემ დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ ნაკრების სხვა წევრებიც – ანატოლი ბოისა და მიხეილ ბერიშვილი, რომლებმაც პრიზიორ გუნდებს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდის წევრი, ანდრია ქურდიანი.
ასე და ამგვარად, ჯუნიორ ნბა-ს 3 ლიგიდან 2 (A, C) დასრულდა. B ლიგის ფინალური მატჩები თბილისი არენაზე 11 ივლისს გაიმართება, რითაც 2024 წლის ჯუნიორ NBA-ს სეზონი საქართველოში დასრულდება.