დასრულდა ჯუნიორ ნბა-ს გათამაშების მესამე – C ლიგა, რომელიც წლეულს პირველად ჩატარდა და მისმა მონაწილე 30-ივე გუნდის მოთამაშემ ნბა-ს შესაბამისი გუნდის სათამაშო ფორმა, ხოლო მწვრთნელებმა – მაისურები მიიღეს.ჯუნიორ ნბა საქართველოში 2016 წლიდან იმართება და მისი მასშტაბურობა ყოველწლიურად მატულობს. ამიტომაც, დაწყებიდან მესამე წელს დამატებულმა B ლიგამ არ იკმარა და ამ სეზონის წინ C ლიგის ჩატaრებაც დაიწყო.
ჯუნიორ ნბა-ს C ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა ვახტანგ ეზუგბაიას გაწვრთნილი ზუგდიდის გუნდი, რომელიც ტურნირში ფინიქს სანსის სახელით ასპარეზობდა. ზუგდიდელებმა ფინალურ მატჩში 47:38 მოუგეს გოგონათა გუნდ ბასტიონს და ჩემპიონები გახდნენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოთხეულში კიდევ 2 რეგიონის გუნდი მოხვდა. სენაკიც (ლეიკერსი) და გარდაბანიც მუხბეც (ორლანდო) ნახევარფინალში დამარცხდნენ და ერთმანეთს მე-3 ადგილისთვის მატჩში შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გარდაბნის გუნდმა 41:35 გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ხოლო ის, რომ საუკეთესო ოთხეულში რეგიონის 3 გუნდი შევიდა, ბევრ რამეზე მიუთითებს. რეგიონებში კალათბურთის მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამა კალათბურთის ფედერაციაში აქტიურად მიმდინარეობს და შედეგიც თვალსაჩინოა.
ჯუნიორ ნბა-ს ორგანიზატორი ეროვნულ ფედერაციაში საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილებასთან ერთად აშშ-ის საელჩო, ხოლო მხარდამჭერი – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გახლდათ. წლეულს ტურნირის 3 – A, B და C ლიგაში 90 გუნდი და 1350 მოზარდი მონაწილეობდა, ხოლო მთლიანობაში, საკვალიფიკაციო ეტაპიანად, ძირითად ლიგებში ვერგასული გუნდებიც რომ დავამატოთ, რეკორდულად ბევრი – 2040 მოზარდზე ავდივართ, რაც ჯუნიორ ნბა-ს 7-წლიან ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ფინალური მატჩის შემდეგ ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
პრიზიორების დაჯილდოება
ოთხთა ფინალის ყველა მონაწილე, დაკავებული ადგილების (I ზუგდიდი, II – ბასტიონი,III – მუხბე, IV – სენაკი) შესაბამისად მედლებითა და საჩემპიონო ბეჭდებით დააჯილდოვეს ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი ზაბახიძემ, და ფედერაციაში ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა შენგელიამ.
ოთხთა ფინალის 8 საუკეთესო მოთამაშე
დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ოთხთა ფინალის ყველა გუნდიდან 2-2 გამორჩეული მოთამაშე ეროვნული ნაკრების წევრებისგან სათამაშო მაისურებით ჯილდოვდება. კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, ქალთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა შენგელიამ, ეროვნული ნაკრების ასისტენტმა და რუსთავის მთავარმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ და ეროვნული გუნდის მოთამაშე მერაბ ბოქოლიშვილმა წარმოდგენილ 8 მოთამაშეს ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა მაისურები გადასცეს.
ზუგდიდი – ლიზი ჯაბუა, ლევან კალანდია
ბასტიონი – ბარბარე ზურაბიშვილი, ნინი ივანიძე
მუხბე – ემარი იოსელიანი, ილია ქურასბედიანი
სენაკი – საბა ჩიქობავა, ლიკა უჩანეიშვილი
ტურნირის MVP
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჩემპიონი ზუგდიდის კაპიტანი, ლიზი ჯაბუა, რომელიც MVP-ის პრიზით ეროვნული ნაკრების ასისტენტმა და რუსთავის მთავარმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ დააჯილდოვა.
საჩემპიონო თასი
ჯუნიორ ნბა-ს C ლიგის გამარჯვებული ზუგდიდის კაპიტან ლიზი ჯაბუას საჩემპიონო თასი ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა და ამჟამად კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.