ჯუნიორ ნბა-ს თბილისის დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირი დიღომში დაიწყო

ჯუნიორ ნბა-ს თბილისის დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირი დიღომში დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჯუნიორ ნბა-ს ახალი სეზონი იწყება. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტურნირი ყველაზე მასშტაბურია საქართველოში, რომელშიც 1000-ზე მეტი ბავშვია ჩართული და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს. 

ვინაიდან, მსურველი ბევრია, ლიგაში  მოსახვედრად ტრადიციულად საკვალიფიკაციო ტურნირები იმართება. მოგეხსენებათ, რამდენიმე წელია, საქართველოში ჯუნიორ ნბა-ს B ლიგა ტარდება, რაც გაზრდილი მოთხოვნილებით, კალათბურთის პოპულარიზაციითაა განპირობებული. წლეულს მსურველი 130-ამდე გუნდია, თუმცა ჯუნიორ ნბა-ს A და B ლიგებში ჯამში 60 ადგილია. საკვალიფიკაციო ტურნირის გამართვა დასჭირდა ქუთაისის დივიზიონს, ხოლო თბილისში საკვალიფიკაციო დღეს დაიწყო.

სანამ საკვალიფიკაციო ტურნირის დეტალებზე გადავალთ, ჯუნიორ ნბა-ს ფორმატს შეგახსენებთ, რომელიც ნბა-ს იდენტურია. როგორც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში, ჯუნიორ ნბა-შიც 30 გუნდი მონაეწილეობს, რომლებიც დივიზიონების მიხედვით არიან განაწილებულნი. დივიზიონიც ექვსია – ქუთაისის, ბათუმის, გორის, თბილისის, თელავისა და რუსთავის. თითოეულ დივიზიონში 5 გუნდია. სწორედ თბილისის დივიზიონის 5 ადგილისთვის დაიწყო ბრძოლა დღეს, რომელშიც 12 გუნდია ჩართული.

12 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული და თამაშობენ 2 წრედ, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო (ჯამში 8 გუნდი) პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალები 1 მოგებამდეა და გამარჯვებული 4 გუნდი ჯუნიორ ნბა-ს თბილისის დივიზიონის საგზურებს მოიპოვებს. დარჩენილი 1 საგზურისთვის, ასევე პლეი ოფის სისტემით, მეოთხედფინალში დამარცხებული 4 გუნდი იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ 2 საკალათბურთო სკოლას – ზაზას და ოვერტაიმს საკვალიფიკაციოში 2-2 გუნდი ჰყავთ, თუმცა A ლიგაში მხოლოდ 1 გუნდით შევლენ. ეს შეზღუდვა ჯუნიორ ნბა-ში თავიდანვე მოქმედებს.

ჯუნიორ ნბა-ს თბილისის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები დიღმის არენაზე გაიმართება. რაც შეეხება B ლიგას (რომელიც A ლიგის ანალოგიური იქნება), თბილისის საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ, A ლიგასთან ერთად დაიწყება და მისი თამაშები მთლიანად დედაქალაქში გაიმართება.