Junior NBA – GBF ლიგა მალე დაიწყება, მანამდე კი ამ მნიშვნელოვანი საბავშვო ტურნირისთვის გუნდები უნდა შეირჩეს. საქართველოში ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო ტურნირი წლეულს მე-8-ედ გაიმართება და ძირითადი, 30-გუნიანი ტურნირის პარალელურად იგივე ფორმატის B და C ლიგებიც ჩატარდება. შესაბამისად, სამივე ლიგაში მონაწილეობას 90 გუნდი მიიღებს, თუმცა მსურველები გაცილებით მეტია.
სწორედ ამიტომ, ჭარბი მოთხოვნილების გამო, A და C ლიგები საკვალიფიკაციო ტურნირების ჩატარებას საჭიროებს, რათა შეირჩეს მონაწილე 30-30 გუნდი. A ლიგის (ქუთაისის დივიზიონი) საკვალიფიკაციო ტურნირი უკვე დაწყებულია, დღეს კი თბილისის დივიზიონის საკვალიფიკაციოს წილისყრა გაიმართა. სანამ შედეგებს გაგაცნობთ, გათამაშების ფორმატზე გეტყვით. სამივე ლიგა ერთი ფორმატით ტარდება, რომელიც ნამდვილი, ლუკა დონჩიჩი და კაირი ირვინი რომ თამაშობენ, იმის ლიგის ანალოგიურია. გუნდების სახელწოდებებიც ნბა-ს შესაბამისი იქნება, რომლებიც მონაწილეებს ტურნირის წინ გამართულ დრაფტზე მიენიჭებათ.
ტურნირი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ევროპული წარმომადგენლობის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება, რომლის სამივე ლიგაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 130-ზე მეტი გუნდი და 2000-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი მონაწილეობს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
A ლიგის Junior NBA თბილისთან ერთად რეგიონებშიც გაიმართება. ნბა-ს შესაბამისად, მასში 6 დივიზიონი იქნება და თითოეულში 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დივიზიონები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: თბილისი, თელავი, რუსთავი, ხაშური, ქუთაისი და ბათუმი. როგორც გითხარით, თითოეულ დივიზიონში 5 გუნდი ითამაშებს და იმ ქალაქებისთვის, სადაც მონაწილეობის 5 გუნდზე მეტი მსურველია, საკვალიფიკაციო ტურნირები იმართება.
ქუთაისში უკვე მიმდინარეობს საკვალიფიკაციო, თბილისში კი ბავშვთა დაცვის დღეს – 1 ივნისს დაიწყება. დღეს, კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტში წილისყრა გაიმართა, რომელმაც თბილისის საკვალიფიკაციო ტურნირის 11 მონაწილე ჯგუფებში გადაანაწილა. ეს 11 გუნდი იბრძვის 5 საგზურისთვის, ხოლო რომელი გუნდიც A ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, Junior NBA – GBF-ის B ლიგაში გადაინაცვლებს.
11 გუნდი 3 ჯგუფში განაწილდა. 1 წრის თავზე თითოეული ჯგუფის გამარჯვებული A ლიგის საგზურს მოიპოვებს, რომლებსაც 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება. მატჩები 1, 2 და 3 ივნისს გაიმართება. ჯგუფებსა და კალენდარს ჩვენი წერილის დასაწყისში ნახავთ. აქ კი შეგიძლიათ წილისწყის ვიდეოჩანაწერი ნახოთ, რომელიც სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ და ფედერაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი პერტაიამ ჩაატრეს.