ჯუნიორ ნბა-ს თბილისის დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდა. მონაწილე 12 გუნდიდან ტურნირის საგზური ხუთმა გუნდმა მოიპოვა. ესენი არიან: თბილისი ბასკეტი, ბრუკლინი, ვინგსი/ოვერტაიმი, ზაზა 1 და აკადემია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჯუნიორ ნბა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული ტურნირი ყველაზე მასშტაბურია, რომელშიც 1000-ზე მეტი ბავშვია ჩართული და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს.
სწორედ მონაწილეთა სიმრავლის გამო ჯუნიორ ნბა-ს 6 დივიზიონიდან (თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი) ორში საკვალიფიკაციო ტურნირის გამართვა გახდა საჭირო. თბილისსა და იმერეთის რეგიონში დაშვებულზე გაცილებით მეტ გუნდს სურდა ტურნირში მონაწილეობა, რის გამოც იმერეთში გასულ თვეში, ხოლო თბილისში 2-9 მაისს საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდა.
როგორც მოგახსენეთ, თბილისის დივიზიონში არსებული 5 ადგილი 12 კანდიდატს შორის გათამაშდა. თავდაპირველად გაიმართა ჯგუფური ეტაპი, რომლის შედეგებსაც აქ წარმოდგენილ ბანერზე ხედავთ.
1-ელ და მე-2 ადგილებზე გასულმა გუნდებმა მეოთხედფინალში გადაინაცვლეს. მეოთხედფინალების გამარჯვებულმა გუნდებმა – თბილისის ბასკეტმა, ბრუკლინმა, ვინგსი/ოვერტაიმმა და ზაზა 1-მა ჯუნიორ ნბა-ს თბილისის დივიზიონის საგზურები მოიპოვეს. მე-5 ვაკანტური საგზურისთვის მეოთხედფინალში დამარცხებულმა გუნდებმა გააგრძელეს ბრძოლა. გათამაშების ეს ახალი ფორმატი წლეულს პირველად დაინერგა ჯუნიორ ნბა-ს საკვალიფიკაციო ტურნირში.
მე-5 საგზური ერგო აკადემიას, რომელმაც მეოთხედფინალში ზაზა 1-თან დამარცხების შემდეგ ოვერტაიმს მოუგო და ზაზა 2-ს დაუპირისპირდა. აკადემიელებს რომც წაეგოთ, მაინც ერგებოდათ მე-5 საგზური, რადგან ზაზას აკადემიას ჯუნიორ ნბა-ს თბილისის დივიზიონში უკვე ჰყავდა გუნდი გაყვანილი (ზაზა 1).
შეგახსენებთ, რომ ჯუნიორ ნბა ნამდვილი ნბა-ს იდენტური ფორმატით თამაშდება. როგორც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ჯუნიორ ნბა-შიც 30 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც დივიზიონების მიხედვით არიან განაწილებულნი. დივიზიონიც ექვსია – ქუთაისის, ბათუმის, გორის, თბილისის, თელავისა და რუსთავის – თითოეულში 5 გუნდი.
ჟუნიორ ნბა-ში მონაწილეობის მსურველთა ჭარბი რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენიმე წლის წინ გადაწყდა B ლიგის ჩატარებაც, რომელშიც ასევე 30 გუნდი მონაწილეობს, თუმცა თამაშები მთლიანად თბილისში იმართება. თბილისის საკვალიფიკაციო ტურნირიდან ვერგასული გუნდები სწორედ B ლიგაში იასპარეზებენ დედაქალაქისა და რეგიონების სხვა გუნდებთან ერთად.