კადეტები უნგრეთთან ბოლო მეოთხედში გატყდნენ

იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კადეტთა ნაკრებმა უნგრეთთან 60:81 წააგო და A დივიზიონში დარჩენის შანსი მინიმუმამდე შეიმცირა.იმისთვის, რომ გელა წულაძის გუნდმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს, 23 აგვისტოს პოლონეთის ნაკრები 25 ქულით უნდა დაამარცხოს, თანაც უნგრეთმა იტალიასთან უნდა წააგოს. თუკი ესე მოხდება, სამი ნაკრები – საქართველო, უნგრეთი და პოლონეთი – თანაბარ ქულებს დააგროვებენ და უპირატესობა იმას მიენიჭება, ვისაც ერთმანეთში ჩაგდებული ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება.

ბურთით შალვა კაკაურიძე
თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდები და ჩვენი სურვილია, ხოლო რეალურად რა მოხდება, ეს ზეგ გამოჩნდება. დღეს კი ქართველები მხოლოდ სამი მეოთხედი გაუძალიანდნენ უნგრელებს. პირველი ათწუთეულის 13:17 წაგების შემდეგ წულაძის შეგირდებმა შტურმი მოუწყვეს მეტოქეს და დროის მოკლე მონაკვეთი 14:2 მოიგეს, შედეგად 34:30 დაწინაირდნენ და ალბათ მეტსაც მიაღწევდნენ, პირველი ტაიმი რომ არ დასრულებულიყო.
შესვენების შემდეგ თმაში თანაბრად გაგრძელდა, ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან მეორე,თუმცა ხელჩასაჭიდ უპირატესობას ვერც ერთი ვერ აღწევდა. ქართველები ქაოტურად უტევდნენ, ბევრ ბურთს აცილებდნენ, თუმც საჯარიმოებს ზუსტად ისროდნენ და ამის ხარჯზე მეტოქეს არ ჩამორჩებოდნენ.
დაიწყო თუ არა ბოლო მეოთხედი, ყველაფერი ქართველებისთვის სავალალოდ განვითარდა. უნგრელები ქულას ქულაზე იმკიდნენ, როცა წულაძის შეგირდებს ბურთის კალათში ჩაგდება უჭირდათ და გადამწყვეტი მეოთხედის ბოლო 8 წუთი ჩვენებმა 7:26 წააგეს. შესაბამისად, დიდი სხვაობითაც დამარცხდნენ და ზეგ მცირე სასწაულის იმედად უნდა იყვნენ, A დივიზიონში რომ ადგილი შეინარჩუნონ.