სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემტევი უკანახაზელი, კახა ჯინჭარაძე დასახელდა. 30 წლის კალათბურთელისთვის ეს გახლავთ სუპერლიგაში მოგებული MVP-ის მე-2 ტიტული. პირველად ჯინჭარაძე საუკეთესოდ 2021-2022 წლების სეზონში დასახელდა, როცა ის დღეს გაუ-ს სახელით მოასპარეზე თბილისის “ოლიმპის” ღირსებას იცავდა.
რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტული ჟურნალისტები, სუპერლიგის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები მატჩების მომსახურე მსაჯ-კომისრები. მთლიანობაში გამოიკითხა 52 რესპონდენტი და კახა ჯინჭარაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. თსუ-სა და ეროვნული ნაკრების წევრმა მთლიანობაში 100 ქულა მიიღო. რესპოდენტი ასახელებდა 3 საუკეთესო მოთამაშეს ადგილების მიხედვით. პირველ ადგილზე დასახელებული მოთამაშე 3 ქულას იღებდა, მეორე – ორს, ხოლო მესამე – ერთს.
მეორე ადგილზე გავიდა ჯინჭარაძის თანაგუნდელი თსუ-სა და ეროვნულ ნაკრებში, ალექსანდრე ფევაძე. 26 წლის ფორვარდმა გამოკითხვაში 33 ქულა მიიღო და მცირედით აჯობა ტყიბულის ორბის ამერიკელ ლეგიონერ კენი კუპერს. კუპერმა გამოკითხულთაგან მიღებული ხმებიდან მთლიანობაში 32 ქულა მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატის 3 საუკეთესო მოთამაშიდან ფინალურ სერიაში ვერც ერთი ვერ მოხვდა. ჯინჭარაძისა და ფევაძის თსუ პლეი ოფს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ისევე როგორც კენი კუპერის ორბი. ჯინჭარაძემ სუპერლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ის საშუალოდ 22.4 ქულას, 6.4 მოხსნას, 4.3 პასს და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა. ჯინჭარაძის დიდი დამსახურებით თსუ-მ მიმდინარე სეზონში საქართველოს თასი მოიგო, თუმცა მისი შედეგიანობის მიუხედავად, უნივერსიტეტელები მეოთხედფინალურ სერიაში კავკასიასთან დამარცხდნენ.