“კახასოლის” ქართველი ტალანტი ბექა ბურჯანაძე: ნაკრებში თამაში ჩემთვის უმთავრესია
დღესდღეობით ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ კალათბურთელად 17 წლის ბექა ბურჯანაძე ითვლება. 202 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდი მეორე სეზიონია, ესპანურ „კახასოლში“ თამაშობს და საკმაოდ პროგრესირებს კიდეც. ბურჯანაძე ძირითადად „კახასოლის“ 18–წლამდელთა გუნდში თამაშობს, თუმცა ამას წინათ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მატჩშიც მოუწია მცირე ხნით მოედანზე გასვლა. 17 წლის ახალგაზრდასთვის უკვე მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ სისტემატიურად ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ოფიციალური მატჩების განაცხადშიც ხვდება. ბექა დღეს იტალიაში მიდის, სადაც ულებ–ის თასის ოთხთა ფინალი იმართება. იგი „კახასოლის“ 12 ძირითად მოთამაშეში მოხვდა და არსებობს შანსი, რომ მოედანზეც ვიხილოთ. ბექას წუხელ ესპანეთში შევეხმიანეთ და იქაური ამბები გამოვკითხეთ.
– „კახასოლის“ ძირითადი გუნდის განაცხადში ხშირად ხვდები, თუმცა მოედანზე ჯერ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდი. ძირითადად ალბათ ახალგაზრდულ ჩემპიონატში ხარ დაკავებული…
– არა მხოლოდ ახალგაზრდულში. 18-წლამდელთა ჩემპიონატთან ერთად, ესპანეთის პირველობის მესამე დივიზიონშიც (EBA) გამოვდივარ.
– რა განსხვავებაა ამ ჩემპიონატებს შორის?
– 18-წლამდელთა ჩემპიონატი , ბუნებრივია, რომ ასაკობრივი შეზღუდვითაა, ხოლო EBA-ში არაა ლიმიტი. იქ 30 წლის კალათბურთელებიც თამაშობენ. ეს ჩემპიონატი შესანიშნავი შესაძლებლობაა საიმისოდ, რომ გამოცდილება მიიღო. ზრდასრულ მოთამაშეებთან მიწევს პაექრობა და ეს პროფესიულ განვითარებას ძალიან უწყობს ხელს.
– ანუ EBA 18-წლამდელებზე უკეთესია შენთვის…
– აქამდე ნამდვილად ასე იყო. 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 50-60 ქულის სხვაობებით ვიგებდით. თავდაპირველად ეს ჩემპიონატი ლოკალურია და შემდეგ, რაც უფრო იგებ და იგებ, მთელს ესპანეთს მოიცავს. ჩვენ თავიდან სევილიის გუნდებს ვეთამაშებოდით. სწორედ აქ ვუგებდით ყველას იოლად. შემდეგ გადავინაცვლეთ ანდალუზიის ჩემპიონატში, სადაც ამ რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქიდან ჩვენსავით საუკეთესო გუნდები მონაწილეობენ. აქაც წარმატებულად ვასპარეზობთ. სამიდან სამი გამარჯვება გვაქვს და უკვე გადაწყვეტილია, რომ ესპანეთის ფინალურ ჩემპიონატში, სადაც ქვეყნის ყველა რეგიონის საუკეთესო გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, ანდალუზიიდან ჩვენ ვითამაშებთ.
– ანდალუზიაში პირველი ადგილი გაინაღედეთ?
– არა, თითო რეგიონიდან 3 საუკეთესო გუნდი გადის ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. სამეულში ადგილი კი განაღდებული გვაქვს. ჩვენთან ერთად „უნიკახა“ და „გრანადა“ გავლენ. დანარჩენი ანდალუზიური გუნდები ძალიან სუსტები არიან.
– რას იტყვი საკუთარ თამაშზე? ბოლოს დროს რამდენიმე შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატრე…
– ბოლოს ხანებში მართლაც სტაბილურად, კარგად ვთამაშობ. სეზონის დასაწყისში კი სტაბილურობა მაკლდა. იყო თამაშები, მოედნიდან უქულოდ გამოვსულვარ. თუმცა ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვე, ფორმაშიც შევედი და ბოლო 4 თამაშია, მოედნიდან 20 ქულაზე ნაკლებით არ გამოვსულვარ.
– ეს შედეგები რომელ ჩემპიონატში გაქვს?
– EBA-ში, სადაც მე–8 ადგილზე ვიმყოფებით. ჩემი თამაშით მეც კვაყოფილი ვარ და მწვრთნელებიც.
– ალბათ ამიტომაც გიწევს „კახასოლის“ ძირითად გუნდთან ვარჯიში და ოფიციალურ მატჩებში განაცხადში ყოფნა…
– „კახასოლის“ განაცხადში სეზონის დასაწყისშიც ვხვდებოდი. თუმცა ახლა უფრო თამამად ვარ. ერთ-ერთ ბოლო ტურში მცირე ხნით, თუმცა მაინც მომიწია მოედანზე გასვლა.
– განაცხადში საკმაოდ ბევრჯერ იყავი, მაგრამ მთლიანობაში მხოლოდ 35 წამი გაქვს ნათამაშები. ამაზე გული არ გწყდება?
– მე იმითაც ბედნიერი ვარ, რომ ამ ასაკში ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდის ძირითდ 12 კაცში ვხვდები და საშუალება მეძლევა, „კახასოლთან“ ერთად ვიყო როგორც პრიმერადივიზიონის, ისე ევროთასის მატჩებში. რა თქმა უნდა, მინდა თამაში, მაგრამ სიტუაციას რეალურად ვაფასებ. ვთვლი, რომ მოედანზე ყოფნას ჩემზე მეტად ის გამოცდილი მოთამაშეები იმსახურებენ, რომლებიც „კახასოლს“ ჰყავს. განაცხადში ბოლო ადგილის შესავსებად ძირითადად სამი ახალგაზრდა ვიბრძვით: მე, 217-სანტიმეტრიანი ჩეხი ცენტრი და ესპანელი გამთამაშებელი. თითქმის ყოველთვის ჩემზე კეთდება არჩევანი და მე რომ „კახასოლის“ განაცხადში ვხვდები, თავს უკვე გამარჯვებულად ვთვლი.
– ალბათ ყოველთვის მოუთმენლად ელი, რომ მოედანზე შეხვალ. ეს „ბილბაოსთან“ მატჩში მოხდა. როგორ გაიხსენებ იმ წუთებს, რა განიცადე მოედანზე შესვლისას?
– ძალიან მძაფრი განცდა იყო. ხომ ამდენს ვთამაშობ ასაკობრივ და EBA-ს მატჩებში, მაგრამ სულ სხვაა, როცა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მატჩისას მოედანზე გახვალ. მხოლოდ 35 წამი ვითამაშე, მაგრამ უდიდესი გამოცდილება მივიღე, თვითრწმენა შევიმატე. მოედანზე რომ შევედი, ჩვენები ჯარიმას ესროდნენ. შემდეგ მოწინააღმდეგის შეტევა დაიწყო და ბოლო წამებზე ჩვენს კალათს ჩემმა უშუალო ოპონენტმა შეუტია. ხელი ავუწიე და მან ბურთი ააცილა. ეს იყო და ეს, მაგრამ ამ შეხვედრაში მიღებული გამოცდილება ვერანაირ თამაშს ვერ შეედრება. ძალიან კმაყოფილი ვარ და ველოდები ჩემს მორიგ შანსს…
– რომელიც, შესაძლოა, ევროთასის ოთხთა ფინალში შედგეს. „კახასოლთან“ ერთად იტალიაში შენც მიემგზავრები…
– დღეს ბოლო ვარჯიში გვქონდა და ხვალ ტრევიზოში მივდივართ. არა მგონია, ასეთ დაძაბულ მატჩებში მოედანზე გასვლამ მომიწიოს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ყველანაირი გამოცდისთვის მზად ვარ.
– ევროთასის მოგების შანსებს როგორ შეაფასებ?
– ძალიან ძლიერი გუნდები არიან. მეორე წყვილში ერთმანეთს ხორვატული „ცედევიტა“ და რუსული „უნიკსი“ ხვდებიან, ჩვენ კი ნახევარფინალში მასპინძელ „ბენეტონს“ ვეთამაშებით. ამ გუნდს მიმდინარე სეზონში ევროთასზე უკვე შევხვდით. შინ რამდენიმე ქულით მოვიგეთ, ტრევიზოში კი 20 ქულით გვაჯობეს. სახლის გუნდია, თანაც ოთხთა ფინალს მასპინძლობს და უდიდესი მხარდაჭერა ექნება როგორც მაყურებლებისგან, ასევე მსაჯებისგან. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მოგება შეგვიძლია. ჩვენი გუნდი ძალიან კარგადაა მომზადებული და ტრევიზოში მხოლოდ მოსაგებად მივდივართ.
– სევილიაში ყოფნითა და თამაშით, როგორც ჩანს, კმაყოფილი ხარ…
– დიახ, აქ ძალიან კარგი გარემოა და რაც მთავარია, პროფესიონალი მწვრთნელები არიან. მათი ძალიან კმაყოფილი ვარ. ისინი ზრუნავენ ჩემს განვითარებაზე და მეც არაფერს ვიშურებ, რომ პროფესიონალად ჩამოვყალიბდე.
– პირობებით რამდენად ხარ კმაყოფილი?
– ვცხოვრობ დიდ საერთო საცხოვრებელში, სადაც ძირითადად სტუდენტები არიან. „კახასოლის“ ლეგიონერებს და არასევილიელ ესპანელ მოთამაშეებს ერთი სართული გვაქვს დაკავებული. ოთახში აფრიკელ თანაგუნდელთან ერთად ვარ, რომელიც გამბიიდანაა. დავდივარ სკოლაში და ვარჯიშებზე. საკმაოდ კარგ პირობებში ვარ.
– სკოლაში რა ენაზე და რას სწავლობ?
– თავდაპირველად ესპანურ ენას ვსწავლობდი, რომელიც 5 თვეში შევისწავლე და შემდეგ ჩვეულებრივ სასკოლო საგნებზე გადავედი. ახლა ვსწავლობ ფიზიკას, ისტორიას, მათემატიკას – ჩვეულებრივად, როგორც საქართველოში.
– წინა სეზონში „კახასოლში“ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრი ტაირონ ელისი თამაშობდა. მასთან თუ გქონდა ურთიერთობა?
– ელისი ძალიან კარგი და ყურადღებიანი ადამიანია. როცა ჩვენს გუნდში იყო, ძალიან ხშირად ვხვდებოდით მოედნის გარეთ. მის მეუღლესაც კარგად ვიცნობ – ისინი ხშირად მპატიჟებდნენ რესტორანში. ელისს არაერთხელ გაუკეთებია ჩემთვის საჩუქარი – სპორტულ ამუნიციას მაძლევდა, ერთხელ მობილური ტელეფონიც მაჩუქა. მიყვებოდა საქართველოს ნაკრებში გატარებულ პერიოდზე. ჩვენი ნაკრების წევრებთან მას ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობები აქვს. გული დამწყდა, ელისი რომ „ესტუდიანტესში“ გადავიდა, თუმცა მასთან ხშირად ვკონტაქტობ.
– „კახასოლთან“ კონტრაქტი როდემდე გაქვს?
– 2011-2012 სეზონი რომ დასრულდება, კონტრაქტიც ამოიწურება. მინდა „კახასოლში“ დარჩენა, მაგრამ თუ უკეთესი ვარიანტი გამომიჩნდება, უარს არ ვიტყვი. სადაც კარგად განვვითარდები, იქ მინდა ყოფნა. ჩემთვის ახლა მთავარია თამაშის სრულყოფა.
– საქართველოს ასაკობრივ ნაკრებზე რას იტყვი? გასულ წელს, როცა 16–წლამდელებში გამოდიოდი, ელიტაში გადასვლამდე სულ ცოტა დაგაკლდათ…
– ნაკრებში თამაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის უდიდეს სიხარულს განვიცდი, როცა მოედანზე საქართველოს სახელის დასაცავად გავდივარ. გასული წლის ბოღმა ახლაც გულში მაქვს. ძალიან განვიცადე, A დივიზიონში რომ ვერ გადავედით და მიზნის მიღწევას მომავალ ზაფხულს ვაპირებ – თუმცა ახლა უკვე 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად.
– ნაკრები კარგა ხანია, შეკრებილია. შენ როდის შეუერთდები?
– საქართველოში 1 ივლისს ჩამოვალ, რის შემდეგაც 1 კვირას დავისვენებ და შემდეგ 18-წლამდელთა ნაკრების ახალი მწვრთნელის, მიხეილ ბერუაშვილის განკარგულებაში ვიქნები. მზად ვარ, ჩემი ესპანეთში მიღებული გამოცდილება საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე მოვახმარო.