კაკტუსისა და კავკასიის საკვალიფიკაციო სერია გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა

კაკტუსისა და კავკასიის საკვალიფიკაციო სერია გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა

სუპერლიგის ბოლო საგზურისთვის დანიშნული საკვალიფიკაციო სერია გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასული “კაკტუსი” უმაღლესში დასარჩენად იბრძვის, რომელსაც “ა” ლიგის ფინალისტი “კავკასია” ეცილება. დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა 74:69 დაამარცხა “კაკტუსი”, სერიაში ანგარიში 2:2 გაათანაბრა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.

გადამწყვეტი შერკინება 4 მაისს გაიმართება თუ 5-ში, ხვალ გადაწყდება და მისი გამარჯვებული 2019-2020 წლების სეზონის სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავდაპირველად “კაკტუსის” ლიდერობა ასცდა 10 ქულას, თუმცა მეორე პერიოდში კავკასიელებმა დაცვისა და მეტოქის შეცდომების ხარჯზე მოახერხეს გარდატეხის მოხდენა და 10 ქულით თავად გალიდერდნენ.

შედეგიანად ირჯებოდა რიჩარდ მათიაშვილისა და ვენდელ ლუისის ტანდემი, ხოლო უკანა ხაზში ბექა წივწივაძე და ანდრე ვოქერი აქტიურობდნენ. 

ბოლო წუთზე კაკტუსელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხეს და დამარცხდნენ. გამარჯვებულებს 18 ქულით მათიაშვილმა ულიდერა. 17 ქულა ლუისმა მოაგროვა, დავით ბარბაქაძის ანგარიშზე კი 15 დაგროვდა. “კაკტუსში” 19 ქულით საუკეთესო იყო დელანო სპენსერი.