სუპერლიგის მე-17 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს ცხრილის მეზობლები – “კაკტუსი” და “ოლიმპი” შეხვდნენ. ამ გუნდებმა რეგულარული ჩემპიონატის 2 წრე თანაბარი შედეგით – 9 მოგებითა და 7 წაგებით დაასრულეს. შესაბამისად, ამ მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
“ოლიმპს” ტრავმების გამო წამყვანი მოთამაშეები აკლია. ის კალათბურთელები, რომლის მხრებზეც გადაიარა ბარე 12-მა ტურმა, ოლიმპელებს არ ჰყავდათ. უკრაინელი ლეონიდ ივატინის გაწვრთნილ გუნდს დახმარება ვერ აღმოუჩინეს – მიხეილ ჭოჭუამ, ნიკა დარბაიძემ, რევაზ როგავამ, მარკ ოგდენმა. ოთხივე ეს კალათბურთელი “ოლიმპის” სასტარტო ხუთეულის წევრია. ასეთ ვითარებაში, ივატინის გუნდი ვერას გახდა არჩილ ჟღენტის გაწვრთნილ “კაკტუსთან”. შეხვედრამ კაკტუსელთა უპირატესობით ჩაიარა და მათი გამარჯვებით – 85:68 დასრულდა.
გამარჯვებულთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი. 17 ქულა მოაგროვა ტერიკ ბრიჯმენმა, ხოლო კრისტიან ჯონსონის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” საგრძნობლად გამოსარჩევი გახლდათ გივი ბაქრაძე, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა მერაბ ბოქოლიშვილს, ხოლო 14 – მორილ ჰილს.
სუპერლიგის მორიგი მატჩები 10 თებერვალს გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
არჩილ ჟღენტი – “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:
“ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ “ოლიმპს” ტრავმის გამო ბევრი მოთამაშე აკლდა, მოგება მაინც სასიხარულოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, ორ დღეში მარნეულთან ვთამაშობთ და ვფიქრობ, რომ ეს მოგება ჩვენს გუნდს ფსიქოლოგიურად ძალიან წაადგება.”
დიმიტრი ჯაკობოვი – “ოლიმპის” მწვრთნელი:
“ვულოცავ “კაკტუსს” გამარჯვებას, მათ დამსახურებულად მოიგეს. რაც შეეხება თამაშს, საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან ტრავმების გამო 7 მოთამაშე გვაკლდა. ბიჭები ცდილობდნენ ბოლომდე ებრძოლათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალა და ენერგია არ ეყოთ. მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის.”