კაკტუსმა ოლიმპის 6-მატჩიანი მოგებათა სერია გააწყვეტინა

კაკტუსმა ოლიმპის 6-მატჩიანი მოგებათა სერია გააწყვეტინა

საკალათბურთო კლუბ “ოლიმპის” 6-მატჩიანი წარმატებული სერია დასრულდა. დავით როგავას გაწვრთნილი გუნდის მოგებების ჯაჭვი არჩილ ჟღენტის “კაკტუსმა” გაწყვიტა. შეკრული, კარგად შეთამაშებული და დალაგებული თამაშის წყალობით კაკტუსელებმა მოახერხეს წარმატებული მეტოქის დამარცხება და სატურნირო მდგომარეობა ისე გაიუმჯობესეს, რომ სუპერლიგიდან გავარდნა რეალურად აღარ ემუქრებათ.

ოლიმპს სოლიდური დანაკლისი ჰქონდა. ტრავმის გამო ვერ ითამაშა გუნდის ბომბარდირმა და ლიდერმა, ეროვნული ნაკრების წევრმა, კახა ჯინჭარაძემ. ზედიზედ 6 მოგების მომპოვებელი გუნდისთვის 1 მოთამაშის არყოფნა ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო და ოლიმპელებმაც ყველაფერი გააკეთეს წარმატებული სერიის გასაგრძელებლად, თუმცა ბოლო წუთებზე გამოჩენილი დიდი ბრძოლა არ დაუფასდათ. არადა, როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ლამის უიმედო მატჩი შემოატრიალა და ცოტაც რომ გამართლებოდა, ზედიზედ მეშვიდედ იმარჯვებდა.

კაკტუსელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ  არ შეუშინდნენ ბოლო წუთებზე შემართულ მეტოქეს და ის უპირატესობა, რაც თამაშის განმავლობაში დიდი ოფლისღვრის შედეგად მოიპოვეს, ბოლომდე შეინარჩუნეს. მესამე პერიოდის 26:17 მოგების შემდეგ კაკტუსმა 13-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. ბოლო ათწუთეულიც ჟღენტის გუნდის სასარგებლო სცენარით დაიწყო და ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ მატჩის დასრულებამდე  3 წუთი დარჩებოდა. სწორედ ამ დროს ოლიმპელებს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და 12 ქულით (77:89) ჩამორჩენილებმა მოსაგებად გაიწიეს. დევანტე ფოსტერისა და ოთარ ფხაკაძის შედეგიანობამ, რასაც ოლიმპელთა მტკიცე დაცვა უმაგრებდა ზურგს, ის შედეგი მოიტანა, რომ დასრულებამდე 30 წამით ადრე  კაკტუსის ლიდერობა მინიმუმამდე შემცირდა – 91:90. 

კაკტუსელთა ლიდერმა სამაი ჰაინს-ჯონსმა 2 საჯარიმო ჩააგდო, თავისიანები 93:90 (სტატისტიკა) დააწინაურა და ოლიმპს თამაშის გადასარჩენად, ანუ სამქულიანის ჩასაგდებად 15 წამი დარჩა. კენდრიკ ტომპსონის გამთანაბრებელი სამქულიანი მიზანს ასცდა. გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი ლევან მასხულია იყო – 15 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი. სამაი ჰეინს-ჯონსმა 21 ქულა მიითვალა. სანდრო სანაძის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. ოლიმპში 28 ქულით ტომპსონი გამოირჩა, დევანტე ფოსტერმა 24 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე 9 ქულა და გამორჩეული 14 პასი დაგროვდა.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 24 მარტს თბილისში და 25-ში ბათუმში გაიმართება.