სუპერლიგის მე-6 ტურის მორიგ მატჩში კაკტუსმა რუსთავს უმასპინძლა. ორივე გუნდს ამ შეხვედრამდე თითო წაგება ჰქონდა და დაკარგული ქულების მხრივ ისინი სუპერლიგის ლიდერებში შედიოდნენ. შესაბამისად, ორივე მათგანისთვის მატჩის შედეგი მნიშვნელოვანი იყო. გამარჯვებული ლიდერებში გაიმაგრებდა პოზიციას დამარცხებულს კი ცხრილში დაქვეითება ელოდა.
მატჩიც შესაბამისი დაძაბულობით წარიმართა. ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოდა, მეტოქეს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდა. ლიდერიც ხშირად შეიცვალა, თუმცა უმეტესწილად წინ კაკტუსი იყო. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა და გამარჯვებული კაკტუსი გამოვიდა, რომლის კალათბურთელებმაც ბოლო წამებზე მეტი სიზუსტე გამოავლინეს.
ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, ეივერი დიგსმა ორქულიანით ანგარიში რომ გაათანაბრა და ბონუს-საჯარიმოთი რუსთაველები 72:71 დააწინაურა. ამას მოჰყვა რაიან ალენის ორქულიანი და კაკტუსი კვლავ ქულით გადის წინ. საკვანძო მომენტიც აქ გათამაშდა. რუსთაველებმა კომბინაცია კი კარგად გაათამაშეს და თავისიანი პერიმეტრზე მარტო დატოვეს, თუცა ანზორ ნადირაძის სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია და რაიან ალენმა 2 ზუსტი საჯარიმოთი კაკტუსი 75:72 დააწინაურა.
დარჩენილ 17 წამში რუსთაველებმა ორჯერ ისროლეს სამქულიანი, თუმცა ვერც ლუკა ბულაშვილის და ვერც რევაზ როგავას სროლამ მიზანს ვერ მიაღწია და შეხვედრა კაკტუსელთა გამარჯვებით 77:72 (სტატისტიკა) დასრულდა. მოგებულ გუნდში საუკეთესო შედეგი რევაზ ჩაჩანიძემ დააფიქსირა – 18 ქულა. 17 ქულა და 7 პასი რაიან ალენის ანგარიშზეა. ბექა ლომაშვილმა ორმაგი დუბლი – 17 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა. რუსთავეთაგან 13 ქულით, 11 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო გუგა პატაშური. 19 ქულა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზეა.
5 მოგებითა და 1 მარცხით სუპერლიგის ცხრილის სათავეში კაკტუსი დელტას შეუერთდა.