დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მეორე ტურის კიდევ 2 თამაშია დაგეგმილი. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ პირველ მატჩში „კაკტუსი“ „ბათუმს“ დაუპირისპირდა და 89:78 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ კაკტუსმა მიმდინარე სუპერლიგაში ორივე მატჩი მოიგო, ხოლო ბათუმმა საქართველოს უმაღლეს ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა, რადგან წინა ტურში ნაცვლად სუპერლიგისა, საქართველოს სუპერთასის თამაში მოუწია, სადაც „ქუთაისი“ დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა და ოთარ ქორქიას სახელობის თასს დაესაკუთრა.
კაკტუსსა და ბათუმს შორის მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი თბილისელების გამარჯვებით, 17:13 დასრულდა, რასაც ბათუმისგან საპასუხოდ მოგებული მეორე პერიოდი (23:25) მოჰყვა, შესაბამისად გუნდები შესვენებაზე მინიმალური, 2 ქულიანი სხვაობით გავიდნენ – კაკტუსის სასარგებლოდ. თამაშის მესამე მეოთხედი თანაბარი გამოდგა და ოპონენტებმა 19-19 ქულის ჩაგდება მოახერხეს. გამარჯვებული ვინაობა ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, რომელიც კაქტუსის სასარგებლოდ 30:21 დასრულდა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მიმდინარეობისას ბათუმურ გუნდს 2-ქულიანების სროლის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა (49%), მათ 37-დან 18 სროლის წარმატებით გამოყენება შეძლეს, კაქტუსისთვის გამარჯვების მომტანი უკეთ შესრულებული სამქულიანები და საჯარიმო ტყორცნები აღმოჩნდა. გამარჯვებულმა გუნდმა 30-დან 11 სამქულიანისა და 24-დან 18 საჯარიმო სროლის გამოყენება მოახერხა, მაშინ როცა მათმა მეტოქემ წარმატებით მხოლოდ 16-დან 5 სამქულიანი და 38-დან 27 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
კაქტუსის რიგებში 20 ქულით საუკეთესო შედეგი რაიან ალენს ჰქონდა, რომლმაც მოედანზე 34:36 წუთი დაჰყო და ქულებთან ერთად გუნდს 7 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაც მოუტანა. მასთან ერთად უნდა აღინიშნოს საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის, მერაბ ბოქოლიშვილის თამაში, რომელმაც 14 ქულა მიითვალა. 12-12 ქულით გამოირჩნენ ვახტანგ გაფრინდაშილი და ბექა ლომაშვილი.
რაც შეეხება ბათუმს, 21 ქულით ამერიკელი ლეგიონერი კაილი რიდლი გამოირჩა, რომელსაც 3-ქულიანების სროლის 100 პროცენტიანი მაჩვენელი ჰქპნდა. 14 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა საბა ლობჯანიძემ, 12 ქულა კი მოედანზე ახლადდაბრუნებული სანდრო სანაძის ანგარიშზეა.
კაკტუსი სუპერლიგაში მომავალ თამაშს თსუ-ს წინააღმდეგმ 6 ნოემბერს გამართავს, ბათუმი კი იმავე დღეს, საკუთარ არენაზე გურჯაანის დელტას დაუპირისპირდება.