გორის ახალაშენებული სპორტის სასახლე, რომელიც მულტიფუნქციურია და 2 დარბაზს აერთიანებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა – ვიქტორ სანიკიძემ, შოთა ხაბარელმა და დავით კაჭარავამ, კალათბურთის ეროვნული და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებმა და სპორტსმენებმა დაათვალიერეს.
გორში სპორტის სასახლის მშენებლობისას დაშვებული იყო ხარვეზები ძირითადად იატაკის ხარისხის კუთხით, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეკომენდაციითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით აღმოიფხვრა და გორის სპორტის სასახლეში თანამედროვე, ხის საფარი დაიგო, რომელზეც სპეციალიზებულია კალათბურთისთვის და ნებისმიერი სხვა სახეობისთვის.
შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად გორში ჩასულმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა შიდა ქართლის კალათბურთის რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელებს საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდებები გადასცა. აღნიშნული წოდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარდგინებით გორელ მწვრთნელებსა და შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს – პრეზიდენტ იოსებ ხაჩიურსა და ფედერაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ზვიად ინაურს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიანიჭა. იოსებ ხაჩიურსა და ზვიად ინაურს სპორტის დამსახურებული მუშაკის სერთიფიკატები სიმბოლურად, გორის ახალაშენებულ სპორტის სასახლის დარბაზში გადაეცათ.
სამშენებლო და მოაპირკეთებელი სამუშაოები მთლიანად დასრულებულია და პანდემიის შედეგად დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ გორის ორდარბაზიანი სპორტის სასახლე საზეიმოდ გაიხსნება.