კალათბურთის ფედერაცია ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

კალათბურთის ფედერაცია ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩის (ტიტები vs თსუ) შემდეგ სუპერლიგისა და ეროვნული ნაკრების წევრებმა დაგმეს ოჯახში და გენდერული ნიშნით გამოხატული ძალადობა.

ქართველი კალათბურთელები საზოგადოებას ამ პრობლემის გადასაჭრელად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ძალადობის ყველა მსხვერპლს კი მიმართავენ, არ შეეგუონ ძალადობას და მიმართონ სახელმწიფოს დასახმარებლად.

10 დეკემბრამდე ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთვებიან ფეხბურთელები, ხელბურთელები, მოჭადრაკეები – სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, რომლებიც დაგმობენ ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობას და საზოგადოებას აღნიშნულ პრობლემის შეურიგებლობისკენ მოუწოდებენ.

პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა. ამისათვის საჭიროა საზოგადოების მობილიზება და თითოეული ადამიანის დროული ჩართულობა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი მსოფლიო მასშტაბის კამპანია, 1991 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. კამპანია მიზნად ისახავს ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ საკითხის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

#ერთადძალადობისწინააღმდეგ     

www.mes.gov.ge