კალათბურთის ფედერაციის მილოცვა ანტონ კაზანჯიანს და დავით უსტიაშვილს

კალათბურთის ფედერაციის მილოცვა ანტონ კაზანჯიანს და დავით უსტიაშვილს

 მოთამაშეთა განვითარების ლიგის ფინალურ მატჩზე, სადაც ერთმანეთს  დინამოსა და ოლიმპის გუნდები დაუპირისპირდნენ,   კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ვეტერან კალათბურთელს ანტონ კაზანჯიანსა და მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტს დავით უსტიაშვილს იუბილე მიულოცა.

 ანტონ კაზანჯიანს  80 წელი შეუსრულდა.   იგი გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი, ხოლო 1960 წლიდან საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, თბილისის დინამოში საბჭოთა კავშირის ორგზის (1959, 1968) ჩემპიონი, თასის მფლობელი (1969).

აღსანიშნავია, რომ ანტონ კაზანჯიანს იუბილეზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განკარგულებით მიენიჭა ქართული სპორტის რაინდის წოდება.

საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტს, დავით უსტიაშვილს 50 წელი შეუსრულდა. დავით უსტიაშვილი გახლავთ,  საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი,  საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი,  თამაშობდა თბილისის „დინამოს“, ბათუმის „ბასკოს“, „ვითას“, საბერძნეთის „ფილიპოსის“ შემადგენლობაში. დავით უსტიაშვილის მწვრთნელობით რუსთავის „ენერჯი-ინვესტი“ 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. დავით უსტიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების გუნდების მწვრთნელად. 2006 და 2011 წელს უსტიაშვილის მწვრთნელობით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები  „ბ“ დივიზიონიდან ელიტარულ, „ა“ დივიზიონში გადავიდა.

ორივე იუბილარი სპეციალური სიგელითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა ზაზა ღონღაძემ  დააჯილდოვა.