კალათბურთის ფედერაციის პრესრელიზი ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნული ნაკრები 1 ივლისიდან ოფიციალურ მზადებას იწყებს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის. ჩვენს ნაკრებს 2–დან 29 აგვისტომდე 8 ოფიციალური მატჩის გამართვა მოუწევს პოლონეთის, ბულგარეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებთან.
1 ივლისს ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში საქართველოს ეროვნული ნაკრები იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით შეიკრიბება და 16 ივლისამდე მოსამზადებელ შეკრებას სრული შემადგენლობით გაივლის.
 
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები 2 ამხანაგურ გასვლით შეხვედრას გამართავს – 17 ივლისს უნგრეთის ეროვნულ გუნდთან, ხოლო 19–ში – სლოვაკეთთან. სლოვაკეთიდან იგორ კოკოშკოვის გუნდი საქართველოში დაბრუნდება და თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 23–25 ივლისს ჩატარდება და რომელშიც მონაწილეობას საქართველოს გარდა უკრაინის, რუმინეთის და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები მიიღებენ.
 
თბილისის საერთაშორისო ტურნირის მერე ნაკრები თბილისში დარჩება და 2 აგვისტოდან ევროპის შესარჩევ ტურნირში პოლონეთთან მატჩით ჩაერთვება.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების დეტალური განრიგი:
 
– 1–16 ივლისი      სამწვრთნელო შეკრება ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში.
– 17 ივლისი           ამხანაგური მატჩი: უნგრეთი – საქართველო. სომბათჰეი, უნგრეთი
– 19 ივლისი         ამხანაგური მატჩი: სლოვაკეთი – საქართველო. პეზინოკი, სლოვაკეთი.
– 23–25 ივლისი   თბილისის საერთაშორისო ოთხთა ტურნირი. 3 მატჩი (საქართველო: რუმინეთთან 23 ივლისს, ბელარუსთან 24 ივლისს და უკრაინასთან 25 ივლისს)
– 26 ივლისი  – 1 აგვისტო       სამწვრთნელო შეკრება თბილისში
 
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები:
 
– 2 აგვისტო         საქართველო – პოლონეთი
– 5 აგვისტო         ბელგია – საქართველო. ანტვერპენი, ბელგია
– 11 აგვისტო         საქართველო – პორტუგალია
– 14 აგვისტო         ბულგარეთი – საქრთველო. სოფია, ბულგარეთი
– 17 აგვისტო         პოლონეთი – საქრთველო. ლოძი, პოლონეთი
– 20 აგვისტო         საქართველო – ბელგია
– 26 აგვისტო         პორტუგალია – საქართველო
– 29 აგვისტო         საქართველო – ბულგარეთი
 

 
 
 

 
ამ ამბავთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში პრესკონფერენცია ჩაატარა კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ეროვნული ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა მერაბ რატიშვილმა და ჟურნალისტების დამატებით კითხვებსაც უპასუხა.
 

 
მერაბ რატიშვილი:” ნაკრების მომზადების გეგმა უკვე შედგენილია. დასახელებულია 16-კაციანი გაფართოებული შემადგენლობაც, რომელიც ვარჯიშს 1 ივლისს ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში დაიწყებს. ამ ქალაქი საკმაოდ კომფორტული დარბაზებია სავარჯიშოთ და არჩევანიც ამიტომ გავაკეთეთ. ამერიკელი კალათბურთელები იგორ კოკოშკოვმა შეარჩია. მართალია დებულების თანახმად მატჩის 12-კაციან განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელის შეყვანა შეგვიძლია, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკრებს 25 დღეში 8 მატჩის გამართვა უწევს თავი დავიზღვიეთ და ორი მოთამაშე დავიმატეთ.
კონკრეტული მატჩის წინ კოკოშკოვი გადაწყვეტს თუ რომელი ამერიკელი შეიყვანოს განაცხადში. რაც შეეხება იმას თუ რატომ ვერ მოხერხდა უფრო მეტი ამხანაგური მატჩის დაგეგმვა, პასუხი მარტივია –  ნაკრები შეკრებას გვიან იწყებს და სხვანაირად უბრალოდ არ გამოდიოდა, თუმცა ვნახოთ ამ მხრივ შეიძლება რამე შეიცვალოს.
ვოვა ბოისამ სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და ნაკრებს  ვერ დაეხმარება. თუმცა ვოვა გაფართოებულ 24-კაციან შემადგენლობაში გვეყოლება და თუ გამოჯანმრთელებას მოასწრებს მაშინ ჩამოვა. ნაკრებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ექნება, ბიჭები ან მოედანზე იქნებიან ან თვითმფრინავში, სამწუხაროდ ჩარტერის ვარიანტი გამოირიცხა, მაგრამ იგივე მდგომარეობაში არიან სხვა გუნდებიც, ასე რომ ამ მხრივ ერთნაირ მდგომარეობაში ვართ”.